სამართალი

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები

1 აპრილი, 2011 • • 1429
შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და სამართლებრივი ადვოკატირება იყო სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა.

კონფერენციას საქართველოს სახალხო დამცველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადვოკატთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ამ სფეროში მომუშავე უფლებადამცველი სხვა არასამთავრობო  ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის დროს განიხილეს შესაძლებლობაშეზღუდულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტები. ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ხელმძღვანელი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, სადაც ინვალიდობის მქონე ნებისმიერი ადამიანი შეძლებს გარემოსთან ადაპტირებას: ”საზოგადოების დამოკიდებულება, არაეფექტური კანონმდებლობა და მისი აღსრულების არაეფექტური მექანიზმი, არაადაპტირებული ფიზიკური გარემო, რომლის პირობებში ადამიანი არის შეზღუდული გადაადგილებასა და კომუნიკაციის დამყარებაში, რაც მას განვითარების არათანაბარ პირობებში აყენებს – ეს არის მთავარი პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია” – აღნიშნავს ის.

შეხვედრაზე გიორგი ტუღუშმა განაცხადა რომ სახალხო დამცველის აპარატს აქვს სპეციალიზებული ცენტრი, რომელიც მუშაობს შესაძლებლობა შეზღუდულ პირთა უფლებების დასაცავად. ”სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი პირი რომ მათი ინტერესები დაიცვას სასამართლოში, თუმცა არსებობს ბევრი სხვა ბერკეტი, რომელსაც ჩვენი აპარატი ფლობს. ჩვენ ანგარიშში მუდმივად ავსახავთ იმ პრობლემას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირებს აქვთ” – აღნიშნავს გიორგი ტუღუში.

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე, აღნიშნიშნავს რომ, მათი უფლებების რეალიზაცია უნდა მოახდინოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად: ”საზოგადოების ხედვა არის ასეთი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი არის ობიექტი ქველმოქმედების, დახმარების, შეცოდების და ასე შემდეგ. არავინ არ ლაპარაკობს მათ უფლებრივ რეალიზაციაზე. ის რომ, გადაადგილება უნდა შემეძლოს, ტრანსპორტი უნდა იყოს ადაპტირებული, სმენადაქვეითებულებისთვის ჟესტური ენა უნდა არსებობდეს – ეს არის ჩვენი უფლება და ამ უფებლის რეალიზება უნდა მოახერხოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე, აღნიშნავს, რომ საქართველომ ხელი მოაწერა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას, თუმცა სახელმწიფო მის რატიფიცირებას არ ახდენს: ”არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონების რატიფიცირებას იმიტომ კი არ ახდენს, რომ ახალი ვალდებულებების აღება არ უნდა, არამედ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია იმ პრობლემების წარმოჩენის, რაც უკვე არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში გამოიხატება”.

სამუშაო შეხვედრის დროს განხილული შესაძლებლობა შეზღუდული პირების უფლებების დარღვევის ფაქტებიდან რამდენიმე სარჩელი სასამართლოშია შეტანილი, რამდენიმე ფაქტზე სარჩელის შესატანად კი სხვადასხვა ორგანიზაციები დოკუმენტაციას ამზადებენ. შესაძლებლობა შეზღუდული დაზარალებული პირები ამბობენ, რომ თუ ადგილობრივი სასამართლოები არ დააკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს, ისინი საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი