სამართალი

შსს-ს განმარტებით, პოლიციის ე.წ. “რეიდები” კონკრეტულ ფაქტს არ უკავშირდება

19 თებერვალი, 2016 • 2888
შსს-ს განმარტებით, პოლიციის ე.წ. “რეიდები” კონკრეტულ ფაქტს არ უკავშირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს მასშტაბით ე.წ. საპოლიციო რეიდების ჩატარების ფაქტს ადასტურებენ. უწყებაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი:

“ეს რეიდები არ არის, ესაა საპოლიციო კონტროლი, რომელიც პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად რეგულირდება და პერიოდულად ტარდება ხოლმე”, – გვითხრეს შსს პრესცენტრში.

შსს ცნობით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში დარეგისტრირდა 3183 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 38.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.95%.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ ზემოხსენებული საპოლიციო  კონტროლის კონკრეტულ ფაქტს არ უკავშირდება.

“პერიოდულად ტარდება ხოლმე”, – განმარტავენ უწყებაში, თუმცა ვერ აკონკრეტებენ რა პერიოდულობით ტარდება ეს ღონისძიებები.

პოლიციის შესახებ კანონის 22- ე მუხლი პირის ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებას გულისხმობს. კანონის თანახმად, პირის ზედაპირული დათვალიერება, მისი ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთ ან საშუალებით შეხებას ნიშნავს და ამის გაკეთების უფლება  პოლიციელს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეუძლია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია და საფრთხეს უქმნის მის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავე კანონის ფარგლებში პოლიციელი უფლებამოსილია შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაც. რაც შეეხება კანონის 24- მუხლს, იგი სპეციალურ საპოლიციო კონტროლს გულისხმობს, რომელიც იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ არსებობს საკმარისი  საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან მომავალში იქნება ჩადენილი დანაშაული ან სამართალდარღვევა.

 

გუშინ საქართველოს არაერთი რეგიონიდან გავრცელდა ინფორმაცია პოლიციის ე.წ. რეიდების შესახებ, რაც ღამის საათებში პოლიციელების მხრიდან ქუჩაში მოქალაქეების შემოწმებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი