სამართალი

კუჩმამ განაცხადა, რომ ღონღაძის მკვლელობა არ უბრძანებია

23 მარტი, 2011 • 1501
კუჩმამ განაცხადა, რომ ღონღაძის მკვლელობა არ უბრძანებია

უკრაინის გენპროკურატურა ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ბრალს დებს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის შესახებ მითითების გაცემაში. კუჩმა აცხადებს,  რომ არ გაუცია არანაირი მითითება შსს-სთვის, რაც გამოიწვევდა ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის დაღუპვას.

უკრაინის გენპროკურასტურასთან შეკრებილ ჟურნალისტებს კუჩმამ განუცხადა – ”ზუსტად ხუთი წლის წინ ვთქვი, რომ ეს იყო საშინელი პროვოკაცია უკრაინის წინააღმდეგ. მე ახლაც ამ პოზიციაზე ვარ”.

გენპროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, რომელიც უკავშირდება დაახლოებით 10 წლის წინ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობას. ექს-პრეზიდენტს ბრალი ედება იმაში, რომ შსს-ს მისცა არაკანონერი ბრძანება, რამაც გამოიწვია ჟურნალისტის დაღუპვა.

ამ დროისთვის კუჩმას შეზღუდული აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაადგილება.

ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. ამავე წლის ნოემბერში მისი ცხედარი იპოვეს ტყეში, კიევის ოლქის ქალაქ ტარაშის ახლო–მახლო. ამის შემდეგ გავრცელდა სახელმწიფო დაცვის ექს-მაიორის, ნიკოლაი მელნიჩენკოს  მიერ გაკეთებული ჩანაწერები მაშინდელი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას კაბინეტიდან. ჩანაწერში ხმა, რომელიც კუჩმას ხმას ჰგავს, იძლევა ჟურნალისტის მოშორების ბრძანებას.

2008 წელს უკრაინის შინაგანი მეთვალყურეობის და კრიმინალური დაზვერვის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა, რომლებიც გენერალ ალექსეი პუკაჩის დაქვემდებარებაში იყვნენ, თავი დამნაშავედ ცნეს ჟურნალისტის მკვლელობაში. 2009 წლის ივლისში კი დააპატიმრეს თავად პუკაჩიც, მას ბრალად წაუყენეს ღონღაძის მკვლელობა, ჟურნალისტ ალექსეი პადოლსკის მოტაცება და ცემა,  ასევე, დოკუმენტების განადგურება.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ადრე გენპროკურატურა ჟურნალისტის მკვლელობის ერთადერთ დამკვეთად შსს-ს ხელმძღავნელს, იური კრავჩენკოს მოიაზრებდა, რომელმაც 2005 წლის 4 მარტს თავი მოიკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი