სამართალი

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის შენიშვნები “ფარული თვალთვალის” რეგულაციაზე

10 თებერვალი, 2016 • 2316
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის შენიშვნები “ფარული თვალთვალის” რეგულაციაზე

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა “ფარული თვალთვალის” რეგულაციაზე თავისი შენიშვნები მოამზადა და შსს-ს, ასევე, საპარლამენტო კომიტეტებს გაუგზავნა. შენიშვნებში, რომლებიც ნეტგაზეთს ინსპექტორის აპარატმა მიაწოდა, ვკითხულობთ: “გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის პრინციპებთან და მოთხოვნებთან”.

“ფარულ პატრულირებაზე” ინსპექტორის აპარატის შენიშვნებს უცვლელად გთავაზობთ:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. კანონის პრინციპები და დებულებები განსაზღვრავს მკაცრ მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

ადამიანის პირად ცხოვრებაში სხვების, განსაკუთრებით კი სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვის უფლება საერთაშორისოდ აღიარებული უფლებაა. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფს ამ უფლებების დაცულობის მაღალ სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა მონაცემთა სუბიექტს (მოქალაქეს) მიანიჭა უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ვის, რა მიზნით და რა მოცულობის პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებას მისცეს. ამ წესიდან გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, მაშინ, როდესაც საჯარო და კერძო ინტერესები შესაძლოა აღემატებოდეს მონაცემთა სუბიექტის ინტერესებს. სწორედ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს საზოგადოებრივ ადგილებში ვიდეოთვალთვალის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ვიდეოთვალთვალი განსხვავდება სხვა ხერხით მონაცემების დამუშავებისაგან იმით, რომ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით მონაცემთა დამუშავება არ არის დამოკიდებული მონაცემთა სუბიექტის ნებაზე. სწორედ ამიტომ, კანონი მკაცრად განსაზღვრავს ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საფუძვლებს.

ვიდეოთვალთვალი გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც აუცილებლობა და არა დამატებითი კომფორტული შესაძლებლობა, ისიც მაშინ, თუ მისაღწევი მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან არ არის ეფექტური. ამასთან, ის ინტერესი, რომლის დაცვასაც ის ემსახურება, უნდა იყოს უფრო აღმატებული, ვიდრე მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესია.

ამგვარი ინტერესების წრე კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია საკმაოდ მკაფიოდ და ამომწურავად, კერძოდ, დანაშაულის თავიდან აცილება, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა, აგრეთვე საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა. ამასთან, კანონის თანახმად, ვიდეოთვალთვალის სისტემის განთავსებისას მონაცემთა ყველა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი,  რათა ინფორმირების გზით უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებების პატივისცემა და დაცვა.

ფარულად ვიდეოთვალთვალის ან/და ფოტოგადაღების საკითხი მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია, თუმცა მხოლოდ ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებში, როგორიცაა დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და მართლმსაჯულების განხორციელება. ყველა დასახელებული შემთხვევა კანონმდებლის მიერ მიჩნეულია უფრო აღმატებული ინტერესის მატარებლად, კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტ(ებ)ის ინტერესებთან მიმართებაში, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის დანაწესს, რომლის მიხედვითაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. აღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევები კი, რეგულირებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, სადაც ნათლად არის განსაზღვრული ის მიზნები, საფუძვლები და პროცედურები, რომელთა პირობებშიც სახელმწიფო ორგანოებს ეძლევათ უფლებამოსილება, შეზღუდონ პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მონაცემთა სუბიექტების მიმართ ფარული ვიდეო/ფოტოგადაღების გზით.

საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო აქტები და მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხს არ მიიჩნევს იმგვარ გამონაკლისად, რომლის რეგულირების (მათ შორის გამკაცრებული ფორმით) მიზნებისთვის შესაძლებელი იქნებოდა პირთა პირადი ცხოვრების უფრო მეტი დოზით შეზღუდვა, ვიდრე ამას უკვე ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. წარმოდგენილი საკანონმდებლო პროექტიდან არ იკვეთება ის მაღალი მნიშვნელობის სახელმწიფო ინტერესი და აუცილებლობა, რომელიც გაამართლებდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიციის შესაბამისი დანაყოფებისთვის ფარული ვიდეო/ფოტოგადაღების მინიჭების გზით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას. მით უმეტეს, როცა ამ მიზნის მისაღწევად პოლიციის უფლებამოსილი დანაყოფების მიერ ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა ქუჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერები და რადარები, მოძრავი საპატრულო ეკიპაჟები, საპატრულო პოლიციელის სამხრე კამერები და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტიდან რამოდენიმე ასპექტზე უნდა იქნეს ყურადღება გამახვილებული, კერძოდ:

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაამონტაჟოს/განათავსოს ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკა. ამავე მუხლის მე-2  პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, პოლიციას არ გააჩნია ვალდებულება მის მფლობელობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ფოტო/ვიდეოტექნიკის განთავსების/დამონტაჟების, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის საზომი ხელსაწყოს დამონტაჟებისა და გამოყენების თაობაზე ინფორმაცია განათავსოს თვალსაჩინო ადგილზე.

აღნიშნული რეგულაციები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლებას ანიჭებს პოლიციას, მძღოლის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინოს და სამართალდამრღვევ პირებს ადმინისტრაციული სახდელი დააკისროს პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული/დამონტაჟებული ფოტო/ვიდეოტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის საზომი ხელსაწყოს გამოყენებით. ამასთან, ზემოაღნიშნული მიზნებისათვის პოლიციას უფლება აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ვიდეო/ფოტოტექნიკა, აგრეთვე სიჩქარის საზომი ხელსაწყო დაამონტაჟოს/განათავსოს და გამოიყენოს იდენტიფიკაციის გარეშე ანუ ფარულად. ამასთან, კანონპროექტით არ არის განსაზღვრული, თუ როდის შეიძლება ფარული ვიდეოკამერის ჩართვა (ვიდეოთვალთვალი), უშუალოდ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას, თუ შეუზღუდავად – პოლიციელის შეხედულებისამებრ, მიუხედავად იმისა, ადგილი აქვს თუ არა ვიდეო/ფოტოგადაღებისას სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. აღნიშნული ჩანაწერი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოლიციის ორგანოებს ენიჭებათ უფლებამოსილება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ამოცანების გარეშე, ფარულად მოახდინონ პირ(ებ)ის ვიდეო/ფოტოგადაღება, რაც სავარაუდოდ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის დანაწესთან, რომლითაც მხოლოდ სასამართლოს სანქცირების ან/და გადაუდებელი აუცილებლობისას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა მოხდეს პირთა პირად სივრცეში ჩარევა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან, მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესის მქონე ურთიერთობებს, როგორიცაა დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და მართლმსაჯულების განხორციელება, ფარული ვიდეო/ფოტოგადაღებისათვის, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთ სახეობისათვის, ადგენს საკმაოდ მკაცრ პრინციპებს, კერძოდ, ამ კოდექსის 1432-ე მუხლის თანახმად:

„მუხლი 1432. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრინციპები

 

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-2  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას.

 

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება გათვალისწინებულია ამ კოდექსით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუ მისი ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა.

 

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

 

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფარგლები (ინტენსივობა) ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს.

ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული დადგენილებით კი შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება.

ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს შუამდგომლობით სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ.

შესაბამისად, გაურკვეველია, თუ, ერთი მხრივ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლის საპროცესო მიზნებისათვის ფარულ ვიდეო/ფოტოგადაღებაზე ადგენს მკაცრ რეგულაციებს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის კონსტიტუციით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მეორე მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებისათვის, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და რა აღმატებული სიკეთის მატარებელია პოლიციის ორგანოებისთვის გზებზე და ქუჩაში ფარული ვიდეო/ფოტოგადაღების უფლების მინიჭება.

საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული პოლიციელის მიერ ფარული ვიდეო/ფოტოგადაღებასთან დაკავშირებული რეგულაციები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილ მონაცემთა დამუშავების პრინციპებთანაც, კერძოდ:

კანონპროექტის მიხედვით ფარული ვიდეო/ფოტოგადაღება და ამ გზით მონაცემთა დამუშავება მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას და სამართალდამრღვევი მძღოლების გამოვლენას, აგრეთვე, მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებას. რთულად წარმოსადგენია ფარული ვიდეო/ფოტოგადაღება იმგვარად, რომ კამერის ობიექტივში სამართლდამრღვევთან ერთად არ მოხვდნენ ის პირები, რომლებიც იმ მომენტისათვის გზის სავალ ნაწილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან (მაგალითად ქვეითები, სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომლებიც გადაღების მომენტისათვის არ სჩადიან სამართალდარღვევას, გზის მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ობიექტში შემავალი პირები და ა.შ.). შესაბამისად, მათი ფარულად ვიდეო/ფოტოგადაღებით შესაძლოა დაირღვეს მონაცემთა დამუშავების სამართლიანობის პრინციპი და მონაცემთა დამუშავება განხორციელდეს იმაზე დიდი მოცულობით, ვიდრე ეს საჭიროა მიზნის მისაღწევად.

ქუჩაში დამონტაჟებულ სტატიკურ ვიდეოკამერებთან პარალელის გავლების შემთხვევაში, აღსანიშნავია ორი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი გარემოება:

  1. ქუჩაში ვიდეოთვალთვალის შესახებ მონაცემთა სუბიექტები გაფრთხილებულნი არიან შესაბამისი ნიშნით (საინფორმაციო „სტიკერით“), რაც საშუალებას აძლევთ მათ განსაზღვრონ, როდის იმყოფებიან ვიდეოკონტროლირებად ტერიტორიაზე.
  1. ქუჩაში და გზებზე დამონტაჟებული კამერებით ვიდეოთვალთვალი მიზნად ისახავს არა მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, არამედ კანონით გათვალისწინებულ ისეთ მიზნებს, როგორიცაა დანაშაულის თავიდან აცილება, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა და, შესაბამისად, ამ მიზნებისთვის მონაცემთა სუბიექტთა წრეც უფრო ფართოა.

კანონპროექტის თანახმად, ფარული ვიდეო/ფოტოგადაღების მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიდეო/ფოტოდამუშავების განხორციელების უფლება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით. თუმცა აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციას, გარდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობისა, ასევე გააჩნია საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლებაც. შესაბამისად, ბუნდოვანებას შეიცავს ის საკითხიც, რომ თუ ფარული ვიდეო/ფოტომოწყობილობის მეშვეობით შემთხვევით მოხდება ისეთი გარემოების გადაღება, რომელიც წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, ან მნიშვნელოვანია უკვე არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, ან დაფიქსირდება ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც არ არის დაკავშირებული საგზაო მოძრაობასთან, ან რომელიც არ ითვალისწინებს სახდელის დაკისრებას ვიდეოგადაღების საფუძველზე, შეიძლება მოხდეს თუ არა ასეთი ჩანაწერის სხვა თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით გამოყენება?! იმ შემთხვევაში, თუ სხვა მიზნების მისაღწევად დამუშავებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია გამოყენებულ იქნება თავდაპირველ მიზნებთან შეუსაბამო მიზნით, შესაძლოა დადგეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევის საფრთხე, რომლის მიხედვითაც – „მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.“

წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არ ზღუდავს პოლიციის ავტომობილზე დამონტაჟებული/განთავსებული ვიდეო/ფოტო მოწყობილობით სამართალდარღვევის გადაღებას გზის იმ მონაკვეთზე, სადაც იმავე მიზნით დამონტაჟებულია ქუჩის სათვალთვალო კამერა. შესაბამისად, პოლიციას შესაძლებლობა ეძლევა, ერთი და იგივე სამართალდარღვევა გადაიღოს, როგორც ფარულად ავტომობილზე დამონტაჟებული/განთავსებული მოწყობილობის, აგრეთვე ქუჩის ვიდეოთვალთვალის მეშვეობით, რაც მიზნის მიღწევის არაპროპორციულ და არაადეკვატურ საშუალებად შეიძლება იქნას მიჩნეული და ეწინააღმდეგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პრინციპს, რომლის თანახმადაც მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.

ყურადღება უნდა გამახვილდეს კანონპროექტის კიდევ ერთი ასპექტზე, კერძოდ: იმ შემთხვევაში, თუ საგზაო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტომობილზე დამონტაჟებული/განთავსებული ფარული ვიდეო/ფოტო მოწყობილობით გადაღება მიზნად ისახავს მძღოლის რეალურ გარემოში (როცა მას არ აქვს პოლიციის მხრიდან კონტროლის განცდა) მოძრაობის მანერის შეფასებას, გაუგებარია, რა საჭიროა ფარული გადაღება ამოსაცნობი ნიშნების მქონე ავტომობილებიდან (მაგალითად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ავტომობილებიდან), თუ მძღოლი მასზე სახდელის დაკისრების თავიდან აცილების მიზნით ისედაც შეეცდება მაქსიმალურად დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეესწრება სამართალდარღვევას, კანონმდებლობით მას გააჩნია პირდაპირი ვალდებულება მოახდინოს მასზე რეაგირება. შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება დარღვევის ფარული ჩაწერა და მძღოლზე სახდელის მოგვიანებით დაკისრება.

სამართალდარღვევათა პრევენციის მიზნით შესაძლებელია უფრო ეფექტურიც კი იყოს სამართალდამრღვევი პირის სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე დაჯარიმება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი