სამართალი

მამუკა ახვლედიანი საბჭოში მის მიმართ დაწყებულ დევნასთან დაკავშირებით დოკუმენტებს აქვეყნებს

10 თებერვალი, 2016 • 2373
მამუკა ახვლედიანი საბჭოში მის მიმართ დაწყებულ დევნასთან დაკავშირებით დოკუმენტებს აქვეყნებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აქვეყნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების გამო ახსნა–განმარტების ჩამორთმევის შესახებ. ახვლედიანმა გამოაქვეყნა საკუთარი ახსნა–განმარტებაც, რომელიც უკვე გაეგზავნა უმაღლეს საბჭოს.

როგორც მურუსიძის გადაწყვეტილებაში წერია, მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი გახდა ნინო გვენეტაძის დადგენილება. ამ დოკუმენტის თანახმად, ნინო გვენეტაძემ მიიჩნია, რომ 29 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებში დისციპლინური გადაცდომის ნიშნები იკვეთებოდა.

გადაწყვეტილებაში მოტანილ სამართლებრივი შეხედულების ნაწილში აღნიშნულია, რომ მოსამართლე როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საჯარო გამოსვლებში უნდა მოერიდოს უარყოფითი აზრის ან შეხედულების გამოთქმას სხვა მოსამართლის პროფესიონალიზმსა და პირად თვისებებზე. ასევე წერია, რომ მოსამართლემ საჯაროდ არ უნდა გამოხატოს თავისი უარყოფითი აზრი ან შეხედულება სხვა კოლეგების მიმართაც.

“თუ დავუშვებთ, რომ მოქმედ მოსამართლეებს აქვთ უფლება, საჯაროდ აკრიტიკონ სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მოუწოდონ გადადგომისკენ, ამით შესაძლოა დაირღვეს აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლოს ავტორიტეტს შორის ბალანსი და გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მართლმსაჯულების სანდოობას,”– წერია მურუსიძის გადაწყვეტილებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამარლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიერ გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, რომელიც გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით, მან ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ პრიობლემებზე, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების წესსა და კრიტერიუმებზე, ამასთან, უნდობლობა გამოუცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

“დადგენილია, რომ მოსამართლე მამუკა ახვლედიანმა საჯაროდ გამოხატა უარყოფითი აზრი და დამოკიდებულება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, ეჭვქვეშ დააყენა ზოგადად იმ მოსამართლეთა კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობა, რომელთა  თანამდებობაზე გამწესება ან დაწინეურებაც განხორციელდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მე–3, მე–4, მე–6, მე–15 მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული კი შესაძლოა მიუთითებდეს მოსამართლის მხრიდან სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევისა და მოსამართლისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას,”– წერია მურუსიძის გადაწყვეტილებაში.

საკუთარ ახსნა–განმარტებაში მამუკა ახვლედიანი კი იმაზე საუბრობს, რომ მის წინაღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოება უსაფუძვლო და უშინაარსოა. იგი მოითხოვს, რომ დისციპლინური საქმე მისი მონაწილეობით განიხილონ. ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მამუკა ახვლედიანი ითხოვს, რომ საჩივარი ღია სხდომაზე განიხილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი