სამართალი

ომბუდსმენი მსჯავრდებულის სავარაუდო ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

9 თებერვალი, 2016 • 1298
ომბუდსმენი მსჯავრდებულის სავარაუდო ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

ომბუდსმენის ცნობით, გუშინ,  8 თებერვალს, სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მსჯავრდებულ გ.ვ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით.

ომბუდსმენის ცნობით, 5 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები რუსთავის  N6 დაწესებულებაში შეხვდნენ და ესაუბრნენ მსჯავრდებულ გ.ვ–ს, რომელიც ამბობს, რომ  დაწესებულების  ხუთმა თანამშრომელმა, რომელთა ამოცნობა შეუძლია, 2016 წლის 3 და 5 თებერვალს ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს მართლაც აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც ოფიციალურად თვითდაზიანებად არის ჩათვლილი.

“დათვალიერების დროს მსჯავრდებულის სხეულზე აღენიშნება დაზიანებები ზურგის, წელის და მარცხენა მხარის მიდამოში. მსჯავრდებულს აქვს მარჯვენა ქვედა კიდურის პირველი თითის ზედაპირული დაზიანება და მისივე გადმოცემით, თავის არეში გრძნობს ძლიერ ტკივილს. ტრავმებისა და დაზიანებების აღრიცხვის ჟურნალში დაზიანების წარმომავლობაზე მითითებულია თვითდაზიანება, რასაც მსჯავრდებული არ ეთანხმება,”– ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს და დაუშვებელია მისი შეზღუდვა ნებისმიერი მიზნით, ასევე, მისი გამართლება რომელიმე გარემოებითა თუ დანაშაულის სიმძიმის მოტივით. ომბუდსმენის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია გამოიძიოს მოცემული ფაქტი, ასევე ყველა მსგავსი შემთხვევა და გამოავლინოს დამნაშავე.

მასალების გადაბეჭდვის წესი