სამართალი

ლომჯარიას თქმით, ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო

9 თებერვალი, 2016 • 1429
ლომჯარიას თქმით, ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო

ISFED-ის იურიდიული კონსულტანტის,  ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს თავად მამუკა ახვლედიანმა გადასცა.

ჟურნალისტებს ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განუცხადეს. ეს შეხვედრა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, ასევე, “კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელს ეხებოდა.

საქმე ეხება მამუკა ახვლედიანის მიერ 2015 წლის 29 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებებს. არასამთავრობოების თქმით, სწორედ 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოყენებული ტერმინები მიიჩნია განმცხადებელმა არაეთიკურად.

ამ ბრიფინგზე მამუკა ახვლედიანმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:

“მე ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას ვერც ამ უზენაესი სასამართლოს პირობებში და ვერც ამ საბჭოს პირობებში. მე ცალსახად ვფიქრობ, რომ ნამდვილად, იუსტიციის საბჭოც უნდა წავიდეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ვერც ერთმა ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი. თუ ნამდვილად ვერ დავინახავ მიმართულებებს სასამართლო სისტემაში და სწორ განვითარებას, აქ მე არც ხელფასისთვის და არც სკამისთვის არ ვარ. ნამდვილად არ მინდა, რომ მახინჯი სისტემის ნაწილი გავხდე. მაგრამ არც ისე ჩათვალოს ვინმემ, რომ მარტივად, რახან არაფერი არ ხდება, სახლში წავალ, ასე ნამდვილად არ ვიქნები.  ბოლომდე ვიბრძოლებ,”– განაცხადა მამუკა ახვლედიანმა საქალაქო სასამართლოში 29 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი