სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დახურეს

8 თებერვალი, 2016 • 1654
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დახურეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს,  დაიხურა. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ და დატოვეს, აცხადებენ, რომ მათთვის არ განუმარტავთ მიზეზები.

სხდომა დღეს, 11.00 საათზე დაიწყო და თავდაპირველად მას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები, თუმცა არ დაუშვეს ჟურნალისტები.

დღის წესრიგის თანახმად, განსახილველ საკითხთა შორის არ არის მოსამართლეობის კანდიდატების საკვალიფიკაციო ტესტების შესაძლო გაჟონვისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საკითხი.

2 თებერვალს მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები წინასწარ იყო ცნობილი კანდიდატისთვის. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა, საბჭო ამ საკითხს უკვე იკვლევდა.

სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია. მას, პრესსამსახურის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.

დღევანდელ სხდომაზე საბჭო შემდეგ საკითხებს განიხილავს:

  1. გამოძიების დროს სასამართლოში პირის მოწმედ დაკითხვის წესი და დაკავშირებული სასამართლო ფორმები.
  2. მოწმეთა დაკითხვის წესის ასამოქმედებლად საქმეთა კატეგორიების მიხედვით მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოში
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“
  4. გადაწყვეტილების პროექტი „ზოგიერთი მოსამართლისათვის საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 იანვრის №1/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი