სამართალი

“ავერსის” კლინიკის ანესთეზიოლოგს პატიმრობა მიესაჯა

10 მარტი, 2011 • • 1596
“ავერსის” კლინიკის ანესთეზიოლოგს პატიმრობა მიესაჯა

I
I

„ავერსის“ კლინიკის ექიმ-ანესთეზიოლოგს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 3 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად 5 წლის ნუციკო აღნიაშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა ედება.

2010 წლის 20 აპრილს მშობლებმა ნუციკო აღნიაშვილი „ავერსის” კლინიკაში ნუშურა ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემის გამო მიიყვანეს. გასინჯვის შემდეგ მას ექიმებმა “ნუშურა ჯირკვლების” ამოკვეთის ოპერაცია დაუნიშნეს. 5 წლის პაციენტს ტესტები მედიკამენტების მიმართ მგრძნობელობაზე იმ დღესვე ჩაუტარდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ნუციკო აღნიაშვილს პრეპარატ „დორმიკუმზე“ სუსტად მომატებული მგრძნობელობა ჰქონდა.

აღნიშნული ტესტის პასუხები „ავერსის” კლინიკის ექიმმა– ანესთეზიოლოგმა ინგა აბულაშვილმა ოპერაციის დღეს, 30 აპრილს, არ გაითვალისწინა და ბავშვს ანესთეზია პრეპარატ „დორმიკუმით“ გაუკეთა.

პრეპარატმა უკუშედეგი ოპერაციის დასრულებისთანავე იქონია. მედიკამენტური ანაფილაქსიური შოკის შედეგად, ბავშვს სხეული შეუშუპდა, რასაც გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა მოჰყვა. გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ნუციკო აღნიაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ინგა აბულაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო წაუყენეს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ამოღების ოქმების, მოწმეთა ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკნების, ასევე თავად ექსპერტთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლომ „ავერსის კლინიკის“ ექიმ-ანესთეზიოლოგი დამნაშავედ სცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი