სამართალი

კომპენსაციის მისაღებად დევნილმა სასამართლოს მიმართა

10 მარტი, 2011 • • 1455
კომპენსაციის მისაღებად დევნილმა სასამართლოს მიმართა

აგვისტოს ომის შემდეგ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული ედგარ ყაზახაშვილი ლტოლვილთა სამინისტროსგან კომპენსაციის, 10 ათასი აშშ დოლარის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მოსამზადებელი სხდომა მოსამართლე ნათია ჯორბენაძემ ჩაატარა.

ედგარ ყაზახაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომამდე სოფელ თამარაშენში მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრობდა. ომის შემდეგ კი კომპენსაცია მხოლოდ მის მშობლებს მისცეს. ყაზახაშვილს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მას კომპენსაცია არ ეკუთვნოდა, რადგან მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

ედგარ ყაზახაშვილმა სამინისტროში შემოწმება 4 სხვადასხვა კომისიაში გაიარა, თუმცა მისი მოთხოვნა არც ერთმა მათგანმა არ დააკმაყოფილა. ის ომამდე სოფელ თამარაშენში ცალკე კომლად იყო გაფორმებული და მშობლების ოჯახისგან დამოუკიდებლად საკუთარ საქმიანობას ეწეოდა. ყაზახაშვილი 0.20 ჰექტარ მიწასთან ერთად ვაშლის საწყობსა და საცხოვრებელ ფართს ფლობდა, რომელიც ომის შემდეგ დაკარგა.

დღეს სასამართლოზე მოპასუხე მხარეებად იმყოფებოდნენ ლევან ბარდაველიძე – ლტოლვილთა სამინისტროდან, მამუკა იაშვილი – სამოქალაქო რეესტრიდან და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ედგარ ყაზახაშვილმა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მოსამართლეს წარუდგინა ამონაწერი ქურთის მუნიციპალიტეტიდან, რომლის მიხედვითაც, იგი თამარაშენში ცალკე კომლად ნამდვილად იყო დარეგისტრირებული. ამ ფაქტს ქურთის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობაც ადასტურებს, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად ამ საბუთისა, ედგარ ყაზახაშვილი რეალურად მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და სამეურნეო საქმიანობასაც მათთან ერთად ეწეოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ყაზახაშილმა კომპენსაცია ვერ მიიღო. ამ პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება ედგარ ყაზახაშვილი. მისი ინტერესების დამცველმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ნინო ქურდოვანიძემ მოსამართლეს განუცხადა, რომ  შეუძლია სასამართლოში მოწმეებად მოიყვანოს ქურთის მცხოვრებნი, რომლებიც დაადასტურებენ ყაზახაშვილის სიმართლეს. მოსამართლემ ქურდოვანიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შემდეგ პროცესზე ქურთის ორი მცხოვრები მოწმედ გამოიძახა.

მოსამართლე ნათია ჯორბენაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა, დღეისათვის ამოწურულია თუ არა ფონდი, საიდანაც დევნილებს კომპენსაციებს აძლევენ. ლევან ბარდაველიძეს ამ საკითხზე ინფორმაცია არ აღმოაჩნდა და მის მოძიებას მოსამართლეს შემდეგი პროცესისთვის დაჰპირდა.

მოსამართლემ სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელს, მამუკა იაშვილს შემდეგი პროცესისთვის სთხოვა, მოეძიებინა ინფორმაცია,   იყო თუ არა ედგარ ყაზახაშვილი ომამდე მისი მშობლების ოჯახის შემადგენლობაში.

ნათია ჯორბენაძემ საქმის არსებით განხილვაზე მოწმედ გამოიძახა ქურთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კახნიაშილი, რომელმაც ედგარ ყაზახაშვილს მისცა ცნობა იმის დასტურად, რომ იგი ომამდე თამარაშენში ცალკე კომლად ცხოვრობდა.

საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასაამრთლოში 24 მარტს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი