კომენტარისამართალი

მშვენიერაძე: არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვიღაცის რელიგიურ, პატრიოტულ თუ რომანტიკულ გრძობებს შეურაცხყოფს

2 თებერვალი, 2016 • 1422
მშვენიერაძე: არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვიღაცის რელიგიურ, პატრიოტულ თუ რომანტიკულ გრძობებს შეურაცხყოფს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე წინააღმდეგია ადამიანების სხვისი “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” მოტივით დასჯის. იურისტი ნეტგაზეთთან საუბარში აკრიტიკებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც დღეს, 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა:

“ზოგადად არ მიმაჩნია სწორად სიძულვილის გამოხატვა და სიძულვილის ენის გამოყენება. თუმცა მივიჩნევ, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა ხდებოდეს განათლებით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებით და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით.

ეს არ არის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა და არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში არგუმენტირებულად ვაპროტესტებთ მსგავს შემთხვევებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსგავსი რეგულაციების მიღების ნამდვილი მოტივი არის- არა მსგავსად ევროპული გამოცდილებისა – უმცირესობების ინტერესების დაცვა, არამედ დომინანტი ჯგუფების მიმართ კრიტიკის შეზღუდვა, რაც სახელმწიფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას არათუ წაადგება, არამედ კიდევ უფრო გააუარესებს”, – ამბობს იურისტი ნეტგაზეთთან საუბარში და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც, მისი თქმით, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება.

“საქართველოში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები ყველა ადამიანს აძლევს უფლებას საჯარო სივრცეში გამოხატოს მისი აზრი და შეხედულება. ზღვარი, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია აწესებს, გადის პირის პატივისა და ღირსების შელახვასთან. ეს არავითარ კავშირში არ არის ადამიანის გრძნობებთან, იქნება ეს რელიგიური, პატრიოტული თუ რომანტიკული. კანონისათვის გრძნობების შეურაცხყოფის ცნება არ შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის დაწესების საფუძველი”.

გიორგი მშვენიერიძის შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი პოპულისტურია.

“ის გათვლილია საზოგადოების იმ ნაწილის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომელთაც ჯერ კიდევ უჭირთ სწორად გაიგონ დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების არსი. განვითარებულ სამყაროში სიმშვიდე მოიტანა კონსენსუსებმა, რომელთაგან ერთ-ერთია სხვისი გამოხატვის თავისუფლების აღიარება და, მეორე მხრივ, სხვისი გრძნობების შეურაცხყოფისათვის არათუ პასუხისმგებლობის დაკისრება, არამედ განსხვავებული აზრის მიღება, ამტანობა და პასუხის გაცემა. ჯერჯერობით ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ეს რთულად აღსაქმელია. სამწუხაროა, რომ ამ კანონპროექტის მხარდამჭერები ასე უხვად მოიძებნებიან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რომლებსაც ან სათანადო წარმოდგენა არ აქვთ ადამიანის უფლებათა შესახებ, ან იციან, მაგრამ ეს მათთვის მეორეხარისხოვანია”, – აცხადებს მშვენიერაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ქმედება ხდება.

კომიტეტზე განხილვის შედეგად კანონპროექტში შესწორებები შევიდა და საბოლოოდ შემდეგი ფორმულირება მიიღო:

“პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში- 100 ლარით.”

კანონპროექტს მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირეს.

კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ხოლო რელიგიური შენობის და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.”

ამ კანონპროექტისთვის წამყვანი კომიტეტი უფლებათა კომიტეტია, ხოლო მთავარი- იურიდიული კომიტეტი. იურიდიული კომიტეტის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კანონპროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი