სამართალი

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია განსხვავებული აზრის გარეშე

1 თებერვალი, 2016 • 2479
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია განსხვავებული აზრის გარეშე

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე 1 თებერვალს სრული ნდობა გამოუცხადეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ერთხმად მიიღეს მიმართვა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, პოლიტიკოსებსა და პრეზიდენტს მოსამართლეების დისკრედიტაციაში ადანაშაულებდნენ.

მოსამართლეთა შეკრებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ხმაური იყო შენობის გარეთ –  აქციის მონაწილეებმა მოსამართლეები კონფერენციაზე დასასწრებად შეძახილებით გააცილეს.  საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლასა და სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებას ითხოვდნენ.

კონფერენციას 200–ზე მეტი მოსამართლე დაესწრო. სიტყვით 20–მდე მათგანი გამოვიდა. აქედან უდიდესმა ნაწილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ორ საკითხზე: 1. მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნაზე. 2. გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები და ადვოკატთა ასოციაცია, რომლებიც, თავის მხრივ, სასამართლოში რეფორმების გატარებასა და მურუსიძის გადადგომას ითხოვდნენ.

სიტყვით გამომსვლელთაგან არავის გამოუთქვამს განსხვავებული აზრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. სწორედ საბჭომ დანიშნა 25 დეკემბერს ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, რამაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მურუსიძეს 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ.

“დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა ცალსახად, რომ პრობლემა პრობლემად რჩება და ძალიან ნაკლებია მონდომება იმისა, რომ ეს სისტემა გამოსწორდეს და ეს პრობლემა მოგვარდეს. ყველა გამომსვლელს ჰქონდა ერთგვარი, შეიძლება ითქვას, შეთანხმებული ტექსტიც კი. ძალიან სამწუხარო და ძალიან ცუდი მინიშნებები მოჰყვება ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სისტემის პრობლემა. სასამართლო სისტემის რეფორმა გარდაუვალია,”– აცხადებს “კონსტიტუციის 42–ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ელბაქიძე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთმა ლევან მურუსიძეს ჰკითხა, რამდენად ნორმალურად მიაჩნდა ის ფაქტი, რომ არც ერთ მოსამართლეს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამს.

“როგორ შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მოსამართლეს უნდოდეს, რომ ილანძღებოდეს? რომელი მომსამართლე დაუჭერს იმას მხარს, რომ სასამართლო სისტემას ულანძღავენ? კონკრეტულ მოსამართლეს რომ ლანძღავენ, შეიძლება აქ განსხვავებული აზრი, ესე იგი კარგია, რომ ლანძღავენ? აქ საუბარია იმაზე, რომ კრიტიკა – კი ბატონო, მაგრამ ლანძღვა–გინების კორიანტელს ნუ დააყენებ. გიკვირთ თქვენ, რომ განსხვავებული აზრი უნდა ყოფილიყო, როცა მოსამართლეს მკვლელს ეძახიან?”– განაცხადა მურუსიძემ.

საბჭოს წევრმა, შოთა გეწაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებს “უსამართლოდ შეკრებილი ადამიანები” უწოდა.

“რა უნდათ იუსტიციის საბჭოსგან? რა უნდათ სასამართლოსგან? რით ვერ გაიგეს, რომ როგორც არასოდეს, სასამართლო ისე დამოუკიდებელია დღეს,”– განაცხადა შოთა გეწაძემ.

მისივე განცხადებით, იგი არ გადადგება იმის გამო, რომ ლევან მურუსიძეს ხმა მისცა.

“რისი  გულისთვის? სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია [მურუსიძე]. საბჭომ გამოავლინა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი,”– განაცხადა შოთა გეწაძემ.

ლევან მურუსიძე და სხვა მოსმართლეები ერთხმად უჭეტრენ მხარს მოსამართლეთა კონფერენციის მიმართვას. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.02.2015

ლევან მურუსიძე და სხვა მოსმართლეები ერთხმად უჭეტრენ მხარს მოსამართლეთა კონფერენციის მიმართვას. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.02.2015

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შენგელიამ კი განაცხადა,  რომ არასამთავრობოების მხრიდან ამ ფორმით კრიტიკას ვერ მიიღებს. მისივე თქმით, მათ, ვინც კონფერენციაზე დასასწრებად მოსულ მოსამართლეებს “კორიდორი მოუწყო”, კულტურა აკლიათ.

“თუ საბჭოსთან ვინმეს პრეტენზია და პრობლემა ექნება, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვქონდეს. ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ უნდა იყოს და რა უნდა იყოს და არა გარედან კარნახით, რომ საბჭო უნდა დაიშალოს. არავითარ შემთხვევაში,”– ამბობს ის.

ირაკლი შენგელიამ საბჭოს წევრებს “ღირსეული გადაწყვეტილების” მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

“თითოეული მოსამართლე დავდგებით და გავერთიანდებით იმისთვის, რომ რაიმე ჩრდილი არ მიადგეთ ამ ბატონებს, რომლებსაც ჩვენი საბჭოს ძვირფასი წევრები ჰქვიათ. არიან ღირსებული ადამიანები, ღებულობენ ღირსეულ გადაწყვეტილებებს და ყოველთვის მიიღებენ ღირსეულ გადაწყვეტილებებს,”– თქვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მართლმსაჯულების სახლთან გამართულ  საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ISFED, საია, EMC , კონსტიტუციის 42–ე მუხლი და სხვა მოქალაქეები.

EMC–ისა და ISFED–ის წარმომადგენლებმა სასამართლოში გასატარებელი რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

აქციაზე მივიდა პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი ირმა ინაშვილიც. ინაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მურუსიძის დანიშვნას აპროტესტებს.

“ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. იმ მონაპოვრის შეურაცხყოფა, რომლისთვისაც ჩვენ ერთად ვიბრძოდით 10 წლის განმავლობაში,”– განაცხადა მან.

2015 წლის 1 თებარვალს მართლმსაჯულების სახლთან მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა…

Posted by საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია on Monday, February 1, 2016

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი