სამართალი

დღეს მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდება

1 თებერვალი, 2016 • 1350
დღეს მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდება

დღეს, 1 თებერვალს, მართლმსაჯულების სახლში საქართველოს მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდება.

როგორც დღის წესრიგში არის აღნიშნული, კონფერენციაზე მოსამართლეებს გააცნობენ სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას; ასევე, განიხილავენ სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

კონფერენციის პარალელურად შესაძლოა გაიმართოს საპროტესტო აქციაც, სადაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის დანიშნვას გააპროტესტებენ. აქცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა დააანონსა.

“რამოდენიმე დღეში გასდით ვადა ზაზა მეიშვილს და თამარ ალანიას, რომლებიც ბრძანდებიან იუსტიციის საბჭოს წევრები. სავარაუდოდ, მოქმედი იუსტიციის საბჭო მათაც გადანიშნავს, თუ სამოქალაქო საზოგადოება არ დადგა ფეხზე. გელოდებით ადვოკატებს! რათა ერთად გავაპროტესტოთ უსამართლობა,”– წერს ზაზა ხატიაშვილი.

ზაზა მეიშვილი და თამარ ალანია არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ ლევან მურუსიძეს.
მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ  25 დეკემბერს დანიშნა. ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი