სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლებს გირაო შეეფარდათ

სადაზღვევო კომპანიების 9 თანამშრომელი თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სამართალდამცავებმა 14 თებერვალს სოციალურად დაუცველთა დაზღვევის საქმეზე სულ 16 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს 5 და სადაზღვევო კომპანიების 11 თანამშრომელი.

სადაზღვევო კომპანიების 9 თანამშრომელი თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სამართალდამცავებმა 14 თებერვალს სოციალურად დაუცველთა დაზღვევის საქმეზე სულ 16 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს 5 და სადაზღვევო კომპანიების 11 თანამშრომელი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს 5 თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, კომპანია “ალფას” 2 თანამშრომელს კი გირაოს გადახდა დააკისრა.

გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა  კომპანია “ალფას” ჰოსპიტალურ კლინიკებთან ურთიერთობის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ილია ხომერიკი, სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ პროექტების განვითარების მენეჯერი რატი ნოდია, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აის“ საცალო გაყიდვების განყოფილების სახელმწიფო პროგრამების განყოფილების უფროსი ივანე კახიძე, სადაზღვევო კომპანია „იმედი-ელის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ჩიხლაძე, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსი ივანე მელიქიშვილი, სადაზღვევო კომპანია „აი-სი ჯგუფის“ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ყოფილი სამედიცინო მენეჯერი მაია ცანავა და სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ სახელმწიფო სოციალური პროგრამების მენეჯერი თეიმურაზ ჩიხლაძე.

გამოძიების მტკიცებით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და, შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც უკანონოდ მიითვისეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 5 მილიონ  800 ათას ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა.

აღნიშნული პირების სასამართლო პროცესი 2011 წლის 7 და 17 აპრილს არის დანიშნული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


თაზო კუპრეიშვილი