სამართალი

სოციალურად დაუცველთა დაზღვევის საქმე

16 თებერვალი, 2011 • • 1632
სოციალურად დაუცველთა დაზღვევის საქმე

გირაოს გარდა, 1 722 804 ლარი დაუჯდათ  დროებითი თავისუფლება სადაზღვევო კომპანია „ალფას“  თანამშრომლებს.  ამის შესახებ დღეს  გამართულ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.  ბრალდებას სოციალური მომსახურების სააგენტოს 5 თანამშრომლიდან  4 მათგანი არ აღიარებს.  

სადაზღვევო კომპანიების მიერ სოციალურად დაუცველთა დაზღვევის თანხების მითვისების საქმეში  სამართალდამცავებმა 14 თებერვალს სულ 16 პირი დააკავეს, მათ შორის არიან  სადაზღვევო კომპანიებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები.  16 თებერვალს 7 დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა  თბილისის საქალაქო სასამართლომ.

სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2010 წლის 13 სექტემბერს  სადაზღვევო სფეროში  გამოძიება, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.  გამოძიების ობიექტი თავდაპირველად  კომპანია „ალფა“ იყო, რადგან ამ კომპანიის თანამშრომელმა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის კოორდინატორმა ლალი მაისურაძემ განცხადებით მიმართა სამართალდამცავებს:  „მაისურაძის განცხადების მიხედვით,  მოქალაქეები სადაზღვევო პოლისის ასაღებად „ალფას“ ოფისს აკითხავდნენ,  კომპანიის ხელმძღვანელობა კი მათ პოლისების გაცემის ნებას არ აძლევდა“ –განაცხადა პროკურორმა.

გამოძიების მასალების მიხედვით, „ალფას“ სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ამბროლიანმა და ამავე კომპანიის სახელმწიფო პროგრამების მენეჯერმა  გივი წულეისკირმა  2010 წლის მაისიდან სექტემბრამდე, საერთო ჯამში, მიითვისეს 1 722 804 ლარი. გარდა ამისა, მათ 2011 წლის 24 იანვარს ლალი მაისურაძე დაიბარეს „ალფას“ სათაო ოფისში და მას სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლა მუქარით მოსთხოვეს.

მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და  ბ, ასევე, მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტის და 372-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ედებათ. პირველ შემთხვევაში სასჯელის მაქსიმალური ზომა 11 წელია, მეორე შემთხვევაში კი – 6.  

ორივემ  ჩადენილი დანაშაული აღიარა  და გამოძიებასთან თანამშრომლობაც დაიწყო – განაცხადა პროცესზე პროკურორმა. მისივე თქმით, დაკავებულებმა  სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალიც აანაზღაურეს. ამის გამო პროკურორმა მათთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით თითოეულზე გირაო – 2 ათასი ლარი მოითხოვა. პროკურორის მოთხოვნა მოსამართლემაც დააკამყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დანარჩენ დაკავებულებთან დაკავშირებითაც.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს იოსებ ლობჟანიძეს, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს გელა ჩივიაშვილს, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ანა წიქარიშვილს, სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსს მამუკა შალამბერიძეს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსს თეიმურაზ გოგოლაძეს  წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.  

პროკურორის მიერ წარმოდგენილი საბრალდებო დასკვნის მიხედვით,  სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღდმეგოდ გამოიყენეს და არ შეასრულეს თავიანთი მოვალება, რამაც საშუალება მისცა სადაზღვევო კომპანიებს, ფული მიეთვისებინათ. შედეგად კი ათიათასობით ადამიანმა სახელმწიფო დაზღვევით ვერ ისარგებლა.

საქმეში კიდევ რამდენიმე სადაზღვევო კომპანია ფიგურირებს. გამოძიების მტკიცებით, სადაზღვევო კომპანაი „აი სი ჯგუფს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის სექტემბრიდან ჩაერიცხა 800 ათას ლარამდე,  „ირაოს“  კი – 680 ათასი ლარი. სექტემბერსა და ოქტომბერში კომპანიებმა არ გასცეს ვაუჩერები, რის შედეგადაც მიითვისეს 26 ათასი ლარი. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, სექტემბერსა და ოქტომბერში არ  გასცა ვაუჩერები არც „იმედი ელ”-მა, იმის მიუხედავად, რომ კომპანიას 2010 წლის სექტემბერში 2 მილიონ 579 ათასი ლარი ჩაურიცხეს.

„შედეგად კი,  “იმედი ელ”–მა 85 ათას ლარზე მეტი მიითვისა“– განაცხადა პროკურორმა.

მისივე  მტკიცებით, „ალდაგი ბისიაი”-ს ქუთაისში, წყალტუბოსა და სხვა რაიონებში უნდა დაეზღვია 11-12 ათასი ადამიანი, რისთვისაც მას ბიუჯეტიდან დაახლოებით 530 ათასი ლარი ჩაურიცხეს. ამ თანხიდან კომპანიამ 136 ათასი ლარი მიითვისა. პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იოსებ ლობჟანიძემ განზრახ არ გაუწია მეთვალყურეობა სადაზღვევო კომპანიების მიერ ვაუჩერების გაცემის პროცესს, რის გამოც სადაზღვევო კომპანიებს თანხის მითვისების საშუალება მისცა. მითვისებულმა თანხამ კი, საერთო ჯამში, 5 მილიონ 889 ათასი ლარი შეადგინა.

პროკურორის მიერ ბრალდების წარდგენას დარბაზში მყოფ დაკავებულთა ახლობლების მხრიდან სიცილი და ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ დარბაზში მსხდომებს სიცილისა და ხმაურისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მათ კანონის შესაბამისად ჯარიმით ან დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს  ხუთივე  დაკავებულ თანამშრომელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  მათგან დანაშაულს მხოლოდ სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი თეიმურაზ გოგოლაძე აღიარებს. მისმა იურისტმა გიორგი ტურაზაშვილმა გოგოლაძისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა. ადვოკატმა თქვა, რომ მისი კლიენტი თავდაპირველად 2011 წლის 4 თებერვალს გამოიძახეს დაკითხვაზე, მეორედ კი, 14 თებრვალს, რის შემდეგაც დააკავეს კიდეც. „ამ ხნის განმავლობაში ის ცხოვრობდა ნორმალურად, შესაბამისად, არ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე, ასევე, არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე,“ – განუცხადა ტურაზაშვილმა სასამართლოს.

თუმცა გოგოლაძის იურისტის მოთხოვნა გირაოს შეფარდების თაობაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკამყოფილა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  ანა წიქარიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისმა ადვოკატმა პროცესზე თქვა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა და მისი შუამდგომლობა სასამართლომ არ უნდა დააკამყოფილოს. ადვოკატის თქმით,  წიქარიშვილის სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრებოდა მის სამუშაო კონტრაქტში ჩაწერილი პირობებითა და ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანებებით. დირექტორის ბრძანებებისა და ხელშეკრულების მიხედვით კი, ანა წიქარიშვილი არ იყო უფლებამოსილი, ზედამხედველობა გაეწია სადაზღვევო კომპანიების მიერ ვაუჩერების დარიგების პროცესზე. მას ეს არც ევალებოდა და ამას არც აკეთებდა.

იგივეს ამტკიცებდნენ  გელა ჩივიაშვილის, მამუკა შალამბერიძის და იოსებ ლობჟანიძის ადვოკატები. იოსებ ლობჟანიძის ადვოკატმა თქვა, რომ მისი კლიენტი უდანაშაულოა, რადგან პროკურატურას არა აქვს მითითებული, იოსებ ლობჟანიძემ კონკრეტულად რა კანონი დაარღვია, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა. მისი თქმით, არსად, არც ერთ დოკუმენტში არ არის კონკრეტულად განსაზღვრული, ვის უნდა გაეკონტროლებინა სადაზღვევო კომპანიების მიერ სამედიცინო დაზღვევის პოლისების დროულად დარიგების პროცესი.

მათ საპასუხოდ პროკურორმა მერაბ  ჯანერილაშვილმა თქვა, რომ მთავრობის 218-ე დადგენილების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, გააკონტროლოს მთლიანი პროცესი.

„მართალია, კონკრეტულად არ არის მითითებული თანამდებობა და ის, თუ რომელი კომპანია უნდა გააკონტროლოს. მთავარია, რომ მათ უნდა გაეკონტროლებინათ და ეს არ გააკეთეს,“ – თქვა პროკურორმა.

პროკურორის საპასუხოდ ანა წიქარიშვილის იურისტმა თქვა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და იქ ბევრი ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, ანა წიქარიშვილი ამ სააგენტოს სახელით პასუხს ვერ აგებს, რადგან ის იყო უწყების რიგითი თანამშრომელი, ასევე,  იურიდიულ ურთიერთობებში ის სააგენტოს არ წარმოადგენდა.

„ის არის უკანონოდ დაკავებული და პროკურატურა მისთვის უკანონო პატიმრობას ითხოვს. სახელმწიფო ინტერესები და პრესტიჟი შეილახება, თუ უდანაშაულო ადამიანი დაისჯება,“ – ასეთია ანა წიქარიშვილის ადვოკატის პოზიცია.

„როცა ეს პროგრამა შეიქმნა, იქ არავის უთქვამს, რომ სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის კონტროლი სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალებოდა. არც ამ უწყების და არც ჩემი თანამდებობის კომპეტენციაში ამის კონტროლი არ შედიოდა, აზრადაც არ მომსვლია ამის გაკეთება,“ – განუცხადა სასამართლოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იოსებ ლობჟანიძემ.

მოსამართლემ არც ერთი ზემოთმოყვანილი  არგუმენტები არ გაითვალისწინა და სოციალური მომსახურების სააგენტოს 5 თანამშრომელს პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მათი საქმის არსებითი განხილვა 7 აპრილს არის დაგეგმილი. დანარჩენი 9 დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში სადაზღვევო კომპანიების საქმეში ახალი გარემოებების გამო  სხვა პირებიც დააკავონ, რადგან  სადაზღვევო კომპანიების მიერ სოციალურად დაუცველთა დაზღვევის თანხების მითვისების ბრალდებით  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და თბილისის პროკურატურა გამოძიებას აგრძელებენ. ამის შესახებ დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურორმა მერაბ ჯანერილაშვილმა განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი