სამართალი

სადაზღვევო კომპანიების საქმე

15 თებერვალი, 2011 • • 1285
სადაზღვევო კომპანიების საქმე

სადაზღვევო კომპანიებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს 16 დაკავებულ თანამშრომელთან დაკავშირებით შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე არ შესულა.

სადაზღვევო კომპანიები კი, რომელთა თანამშრომლების დაკავების შესახებ პოლიციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. ნეტგაზეთი დღეს სადაზღვევო კომპანიების ნაწილს ესტუმრა, ნაწილს კი ტელეფონით დაუკავშირდა.

„აი სი ჯგუფი” კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, „იმედი L”-ის თანამშრომლებმა კი პრესსამსახურთან გადაგვამისამართეს და გვითხრეს, რომ  „მის გარეშე კომპანიისგან რაიმე ინფორმაციის მიღება შეუძლებელია.“  კომპანიის პრესსამსახურის თანამშრომელი ნატალია ვარელაშვილი კი დღეს სამსახურში არ იმყოფებოდა და მასთან ვერც ტელეფონით მოხერხდა დაკავშირება.

თანამშრომელთა დაკავების დეტალებისა და კომპანიაში ამჟამად არსებული სიტუაციის შესახებ არ აკეთებს კომენტარს „ალდაგი ბისიაი“ და „ირაო“. „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ კი გვითხრეს, რომ ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირი სამსახურში არ იმყოფებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სუბსიდიების  სააგენტოს  წარმომადგენლები. გარდა ამისა, პოლიციამ დააპატიმრა სადაზღვევო კომპანიების „„ალფას“, „ირაოს“, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“, „აი სი ჯგუფის“, „ალდაგი ბისიაი-ის“, „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“და  „იმედი-ელის“ მაღალი რგოლის თანამშრომლები.

გამოძიების მტკიცებით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და, შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც უკანონოდ მიითვისეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 5 მილიონ  700 ათას ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა წინაწარი დასკვნა და ქართული სადაზღვევო კომპანიები მოგების მაღალი მარჟის აღებაში დაადანაშაულა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კი კომპანიებში უკვე ერთ კვირაზე მეტია შემოწმებას ატარებს. თავად სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მაკონტროლებელი ორგანო მათ გეგმურ შემოწმებას ახდენდა.  

კონტროლის პალატის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ უწყება სადაზღვევო კომპანიების მონიტორინგის საბოლოო დასკვნაზე მუშაობს და საბოლოო დასკვნა როდის გამოქვეყნდება, ჯერ არ იციან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობდა (და ახლაც სარგებლობს) 901 285 მოქალაქე, მათ შორის:  885 325 – სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირი, 12 848 – კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებული, 2 150 – მზრუნველობამოკლებული ბავშვი, 175 – სახალხო არტისტი, სახალხო მხატვარი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი, 232 – შშმ პირთა და ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარი და 555 – სკოლა-პანსიონების ბენეფიციარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი