სამართალი

ბესო ხარძიანი: ჩემთვის მთავარია მამაჩემის მკვლელობის დამკვეთები და არა ის, ვინც ტყვია გაისროლა

21 იანვარი, 2016 • 5156
ბესო ხარძიანი: ჩემთვის მთავარია მამაჩემის მკვლელობის დამკვეთები და არა ის, ვინც ტყვია გაისროლა

ბიზნესმენ ბესიკ ხარძანის შვილი, ბესო ხარძიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის არაფერია ახალი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ოლეკსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა შეკვეთით მოკლეს, შემდეგ კი საქართველო სარფის გავლით დატოვეს. პროკურატურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი მკვლელობის შემკვეთზე.

მოკლული ბიზნესმენის შვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ მკვლელობა გია უდესიანმა და რეზო ქურასბედიანმა შეუკვეთეს.

“ახალი არაფერი არ ითქვა. ეს ოჯახის წევრებმა მანამდეც ვიცოდით და მაქსიმალურად პროკურატურა საქმის კურსში გვაყენებდა. რაც შეეხება დამკვეთებს, მამაჩემი, ბესო ხარძიანი სიცოცხლეშივე მეუბნებოდა მე პირადად, რომ ამ ორ ადამაინს შეეძლო მოეკლა ბესო ხარძიანი – უდესიანს და ქურასბედიანს. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის დამკვეთები და არა ის, ტყვია ვინ გაისროლა. მოტივი იყო ის სასამართლო დავები, რაც კუს ტბას ეხება. “– აცხადებს ბესიკ ხარძიანის შვილი ბესო ხარძიანი.

რამდენიმე თვის წინ განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ბესიკ ხარძიანის შვილს პირველი ქორწინებიდან. მიხეილ ხარძიანი ამბობდა, რომ მკვლელობაში უსაფუძვლოდ ადნაშაულებენ გია უდესიანს. იგი ოჯახის წევრებს მოუწოდებდა, ბოდიში მოეხადათ უდესიანისთვის. მიხეილ ხარძიანი მამამისის მკვლელობაში ეკა ნონიკაშვილს, ბიზნესმენის მეორე ცოლს ადანაშაულებდა.

  • ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პროკურატურამ 2015 წლის 21 იანვარს გამოაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა საქართველო დატოვეს და მათზე საერთაშორისო ძებნა არის გამოცხადებული.
  • ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს, ციხიდან იგი 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას ქონება უკანონოდ წაართვეს და მის დასაბრუნებლად იბრძოდა.
  • ხარძიანის ადვოკატის ინფორმაციით, მათ“კუს ტბა კალადან” და “კუს ტბა პალასიდან” წართმეული წილების დასაბრუნებლად საქმის წარმოება სასამართლოში 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყეს.
  • ბესიკ ხარძიანის მეგობარი, ჟურნალისტი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ მკვლელობის კვალი შესაძლოა გია უდესიანთან (წინა ხელისუფლების დროს სპორტის მინისტრის მოადგილე) მიდიოდეს, რომელთანაც ხარძიანს ბიზნეს-დავა ჰქონდა. კორძაიას თქმით, უდესიანის გარდა ამ საქმეში ლაშა ნაცვლიშვილისა (მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე) და ზვიად ჯანყარაშვილის ( შსს–ს  გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი) გვარები ფიგურირებს.
  • უდესიანების ოჯახი, ისევე როგორც ბესიკ ხარძიანის შვილი პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანი, მკვლელობასთან გია უდესიანის კავშირს უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი