სამართალი

წულუკიანი: ამ დღეებში სასამართლომ გამოაჩინა თავისი სახე, რომელიც არ არის ლამაზი

30 დეკემბერი, 2015 • 1941
წულუკიანი: ამ დღეებში სასამართლომ გამოაჩინა თავისი სახე, რომელიც არ არის ლამაზი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკანასკნელ დღეებში სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სასამართლომ თავისი სახე გამოაჩინა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძველი დროის მოსამართლეებს არ სურთ რეფორმების პრაქტიკაში დანერგვა;

„სამი წელია ვამბობ, რომ სასამართლო არის რეზისტენტული რეფორმებისადმი. ამ დღეებში ამ სასამართლომ, რომელიც 3 წელია უპირისპირდება იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო რეფორმებს, ღიად გამოაჩინა თავისი სახე უკვე ყოველგვარი მოჩვენებითობის გარეშე; სახე, რომელიც არ არის ლამაზი; გამოაჩინა ის, რომ მათ არ სურდათ რეფორმები; მაგალითად, ის, რომ 2014 წლის აგვისტოს კანონით ჩვენ შემოვიტანეთ მოსამართლისთვის აუცილებელი თვისება − კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, და ისინი ამას პრაქტიკაში არ იყენებენ. არც ის რეფორმა სურთ, რომელიც ახლა პარლამენტში მაქვს შეტანილი და საქმეების ავტომატურად განაწილების წესს ეხება.

სასამართლოები ელექტრონულად არ ამზადებენ სისტემას განგებ იმისთვის, რომ ელექტრონულად, ანუ ბრმად და ავტომატურად, განაწილდეს საქმეები. მაგრამ მე მინდა დაგპირდეთ, რომ ეს რეფორმები, რაც უნდა ძველი დროის მოსამართლეებს არ სურდეთ და არ იყენებდნენ პრაქტიკაში, მაინც გაგრძელდება,” − აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

25 დეკემბერს, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 ხმით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძე აირჩია. მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი