სამართალი

ჯანეზაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო გარკვეულ კანდიდატებზე შეთანხმებული იყო

25 დეკემბერი, 2015 • 1644
ჯანეზაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო გარკვეულ კანდიდატებზე შეთანხმებული იყო

მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც 61 ვაკანტურ ადგილზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კენჭისყრას აკვირდებოდა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საბჭო გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით წინასწარ იყო შეთანხმებული.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულწილად იყო შეთანხმებული წინასწარ გარკვეულ კანდიდატებთან მიმართებაში. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დანიშვნა, რომლებიც გარკვეულ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ სასამართლოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ არ არის საკმარისი,” – განაცხადა მან.

კითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმებული ლევან მურუსიძის კანდიდატურა, მან განაცხადა, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ვერ ისაუბრებს, რადგან პრობლემა სისტემაშია.

“ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ კანდიდატები იყვნენ შეფასებული სუბიექტურად, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ქულათა სისტემა, არ არსებობს არანაირი ვალდებულება საბჭოს წევრებისა, რომ მათ დაასაბუთონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ, საზოგადოება და კანდიდატები, ვერასოდეს ვერ გაიგებენ, რატომ არ დაუჭირეს მხარი მათ, ან რატომ დაუჭირეს მხარი.”

გარდა ამისა, ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ღირსეული ადამიანები სისტემის გარეთ რჩებიან:

“მაგალითად, ვნახე დღეს, რომ ის მოსამართლეები, რომელთაც აქვთ 15-წლიანი გამოცდილება, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მივლინებას ატარებდნენ სხვადასხვა რაიონებში, რომლებიც საქმეთა დატვირთულობით იყვნენ გამორჩეულები, მაგრამ ასეთ ადამიანებს არ ნიშნავენ,”-განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი