სამართალი

ოთხი ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

18 დეკემბერი, 2015 • 1306
ოთხი ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 21 წლის თამაზ ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა თამაზ ჭ. 16 დეკემბერს, ღამით, ქალაქ ყვარელში, რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ყვარლის დედათა მონასტრის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ღამით, ლაგოდეხში მდებარე ყაზანის სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც 440 ლარი და 20 აშშ დოლარი წაიღო.

“თამაზ ჭ-მ 9 დეკემბერს განმეორებით გაქურდა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარს. იმავე ღამით გაქურდა ლაგოდეხში მდებარე სამების ეკლესია და 80 ლარი მოიპარა. 13 დეკემბერს მან დააზნია ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესიის კარები, ეკლესიაში შეაღწია და მესამედ სცადა ქურდობა, თუმცა თანხის არარსებობის გამო განზრახვა ვეღარ განახორციელა. 15 დეკემბერს თამაზ ჭ-მ გურჯაანში მდებარე სამების სახელობის ეკლესია გაქურდა, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 150 ლარს”, – აცხადებენ შსს-ში.

პოლიციამ შესაწირავის 2 ყუთი, ხელთათმანები, მოპარული ფულის ნაწილი და ხელსაწყო, რომელსაც, შსს-ს ცნობით, ბრალდებული დანაშაული ჩადენისას იყენებდა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი