სამართალი

ვეტერანების აქციის პოლიციისგან აუხსნელი დეტალები

6 იანვარი, 2011 • 1189
ვეტერანების აქციის პოლიციისგან აუხსნელი დეტალები

„აუცილებელია დადგინდეს, რის საფუძველზე ითხოვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის შეწყვეტას“ – აცხადებს  სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება  2011 წლის 5 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ამ ინფორმაციის თანახმად, პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, გათავისუფლებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი  ოთარ გვენეტაძე,  2011 წლის 3 იანვარს ქ.თბილისში, გმირთა მოედანზე, ვეტერანთა აქციის დაშლაში მონაწილე.

3 იანვარს გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ გვენეტაძე ხელს არტყამს ეკა მათიაშვილს, ამასთანავე მას არ აცვია პოლიციის ფორმა.  გვენეტაძის ვინაობა გავრცელებული ვიდეომასალების მიხედვით მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში დაადგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში  არაფერია ნათქვამი პროფესიული ეთიკის რომელი ნორმა დაარღვია გვენეტაძემ და ამ განცხადებაში არაა მოხსენიებული ეკა მათიაშვილი.

ომბუდსმენი გიორგი ტუღუში დღეს გავრცელებულ განცხადებაში პოლიციის გადაწყვეტილებას გვენეტაძის სამსახურიდან მოხსნის შესახებ დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ ეს პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს.

ამასთან, გიორგი ტუღუშს მნიშვნელოვნად მიაჩნია სხვა გარემოებების შეფასებაც:  

„აუცილებელია დადგინდეს, რის საფუძველზე ითხოვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის შეწყვეტას; ფიზიკური დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდათ დაკავებულ პირებს – შოთა იამანიძესა და მალხაზ თოფურიას– ვის მიერ იქნა მიყენებული, რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფებოდნენ ადგილზე სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, აკავებდნენ აქციის მონაწილეებს, შეფასდეს აღნიშნული ფაქტის გარშემო არსებული გარემოებები, რათა დადგინდეს, არის თუ არა სახეზე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული“.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ფაქტის შესწავლა გაგრძელდება, და გატარებული ღონისძიებები იქნება ადექვატური.

აქციის შეწყვეტის მოთხოვნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი: „ აღნიშნული პირები მართავდნენ საპროტესტო აქციას საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, სადაც ასევე  გაშლილი ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი. აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ განცხადებაში ეჭვქვეშ არ აყენებს პოლიციელების მხრიდან კარვების აღების მოთხოვნის კანონიერებას, იმის მიუხედავად, რომ მოქალაქეებს ამის უფლებას კონსტიტუცია და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი აძლევს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა  4 იანვარს ნეტგაზეთს  განუცხადა, რომ: ” ასეთი მოთხოვნა ცალსახად უკანონოა და სამართალდამცავ ორგანოებს არ ქონდათ უფლება, მომიტინგეებისთვის კარვების აღება მოეთხოვათ”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე არ გაუკეთებია განმარტება,  რა სამართლებრივ საფუძველზე შეზღუდეს  4 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანების მხარდასაჭერად გამართული აქცია.

ამ ფაქტს ჯერჯერობით არც ომბუდსმენი გამოხმაურებია.

 


ვიდეოზე: 4 იანვარს აქციის გამართვის მცდელობა

მასალების გადაბეჭდვის წესი