სამართალი

მოსამართლეობის კანდიდატის ირაკლი ადეიშვილის განმარტებები ბრალდებებზე – გასაუბრების I დღე იუსტიციის საბჭოში

3 დეკემბერი, 2015 • 2976
მოსამართლეობის კანდიდატის ირაკლი ადეიშვილის განმარტებები ბრალდებებზე – გასაუბრების I დღე იუსტიციის საბჭოში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა გასაუბრებები დაიწყო. დღეს, გასაუბრება 12 კანდიდატთან შედგა.

გასაუბრებას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზციების წარმომადგენლები, რომლებიც პროცესის მიმდინაორების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მათი განცხადებით, ინტერვიუს პროცესს არ აქვს სტურქტურიზებული სახე.

“გასაუბრებაზე კანდიდატთა გასაუბრება არ ხდება საბჭოს დაწესებული კრიტერიუმების გათვალისწინებით. ინტერვიუს პროცესი არ არის სტრუქტურიზებული, გამართული. კითხვები არის არაერთგვაროვანი, გაუმართავი, ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანიც და არც არის საკითხთან კავშირში. უნდა დაიხვეწოს ინტერვიუს და შეფასებიც კრიტერიუმები,” – ამბობს “საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.

გასაუბრებაზე საბჭოს წევრებმა კონკურსანტებს შეკითხვები დაუსვეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების, პირადი გამოცდილებისა და სხვა რამდენიმე საკითხის შესახებ.

საიას ადვოკატის, ეკა ციმაკურიძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს გადაწყვეტილებები გახდეს დასაბუთებული. თითოეულ კანდიდატს უნდა განემარტოს, რატომ ეთქვა მას უარი.

“წლებია ვაკვირთებით საბჭოს საქმიანობას. ყოველთვის იყო პრობლემა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებები არ იყო დასაბუთებული. ახლაც ვითხოვთ, რომ საბჭომ თავის ოქმებში, საბოლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებში აღნიშნოს, რა გახდა კონკრეტული კანდიდატისათვის მხარდაჭერის ან უარყოფის საფუძველი,” – ამბობს ციმაკურიძე.

12 კონკურსანტს შორის იყო მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი, რომლის მისამართითაც ნეგატიური დამოკიდებულება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე გამოთქვეს.

ირაკლი ადეიშვილი ევროსასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვისას საქართველოს სახელმწიფო მხარეს წარმოადგენდა, სადაც სასამართლოსაგან განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

ირაკლი ადეიშვილის განცხადებით, მისი შეფასება მხოლოდ პროცესუალურ საკითხებს შეეხო და კავშირი არ ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო შინაარსთან.

“აქ იყო საუბარი იმ გადაცდომებზე, რომლებიც ევროსასამრთლომ შეურაცხა სასამართლო სისტემას და არა სხვას. სასამართლოში რა საკითხებიც იდგა, მე დავაფიქსირე, რომ ამ ნაწილში სასამართლოს შეფასება არ იყო სწორი. ეს იყო გამოძიების კომპეტენცია და სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, რომ ამ საკითხზე ემსჯელა. ჩემი შეფასება შეეხო მხოლოდ პროცესუალურ საკითხებს,”- აცხადებს ადეიშვილი.

ადეიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს შენიშვნები ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხო. მან მეორე ადამიანზე მიუთითა და განაცხადა, რომ ისიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას.

“ევროსასამარლომ თქვა, რომ სასამართლომ ამ დროს გამოიჩინა უმოქმედობა და არაფერი გააკეთა. რა უნდა გაკეთებინა სასამართლოს? დარბაზში ხომ არ დააპატიმრებდა? გამოძიება არ იყო ჩატარებული, არაფერი არ იყო გაკეთებული. ამიტომ სასამართლოს შესაძლებლობები იყო შეზღუდული,” – ამბობს ადეიშვილი.

საბჭო წევრების რჩევის მიუხედავად, ადეიშვილი აცხადებს, რომ ოფიციალური კომენტარის გაკეთებისაგან თავს შეიკავებს:

“მოსამართლეს უფრო მეტი თავშეკავება მოეთხოვება. მოსამართლეს არ აქვს ტრიბუნა, განსხვებით პოლიტიკოსისაგან.”

სხდომას დღეს არ დაესწრო საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, რომელიც ასევე იღებს მონაწილეობას მოსამართლეთა კონკურსში. საბჭომ მურუსიძესთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უმაღლესი საბჭოს წევრებზე ზეწოლის მცდელობის მსგავსი ფაქტი უწოდა.

“როგორც ჩანს, სჭირდება შეხსენება, რომ ნებისმიერი გამოთქმული კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, არ შეიცავდეს ადრესატის პიროვნების შეურაცხყოფას და მით უფრო, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რაც აშკარად სცილდება გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებული ფარგლებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი იუსტიციის საბჭოს მიერ გამოცხადებულია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არსებულ მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზე.

კანონის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლისა და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საბჭოს იმ წევრს, რომელმაც 1 თვის ვადაში უნდა შეაფასოს მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში. ამასთანავე, სამივე მონიტორინგი საბჭოს სხვადასხვა წევრმა უნდა განახორციელოს. ყოველი მონიტორინგის ანგარიში გადაეცემა იმ მოსამართლეს, რომლის საქმიანობაც შეფასდა მოცემული მონიტორინგით, და დალუქული სახით დაერთვება მის პირად საქმეს.

ზემოაღნიშნული ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე 1 თვის განმავლობაში შესასწავლად გადაეცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

გასაუბრების პროცესი ხვალ, 4 დეკემბერს, განახლდება. საბჭო ამჯერად გაესაუბრება 10 კანდიდატს: პაატა ფხალაძე, გიორგი გოგიჩაშვილი, სანდრო გიორგაშვილი, ფრიდონ ბასილაია, ნუნუ ნემსიწვერიძე, ზურაბ სურმანიძე, თამარ ლაკერბაია, რევაზ კაჭკაჭაშვილი, ელენე ოსაძე და ხვიჩა კიკილაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი