სამართალი

როცა პოლიცია დანაშაულს სჩადის

15 დეკემბერი, 2010 • • 1484
როცა პოლიცია დანაშაულს სჩადის

უ.გ. უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც  ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

დაკავებული ამ დრომდე არავინაა, გამოძიება უკვე 1 წელიწადი და სამი თვეა მიმდინარეობს.

მიღებული ჭრილობების გამო დაპატიმრებულის გარდაცვალება, სმენის დაქვეითება, არასრუწლოვანზე ფიზიკური ძალადობა – საქართველოს პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგია.

ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, სახალხო დამცველი დაკავებულების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე საუბრობს და მის მიერ წარმოდგენილი შემთხვევები  დასტურდება როგორც დაკავებულთა მიერ, ასევე, პირის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეყვანისას გაკეთებული ჩანაწერებით.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, უ.გ–ს სიკვდილის მიზეზი გახდა „სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა თავის ტვინში. მის გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი შემდეგი სახის დაზიანებები: მასიური სისხლჩაქცევა, ნაჭდევები წინამხრის, მარჯვენა სხივ–მაჯის სახსრის, ორივე მუხლის სახსრის, მარცხენა წვივის და ორივე კოჭ–წვივის სახსრის არეებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. ხანდაზმულობით 3-4 დღისა“.

2009 წლის 21 სექტემბერს, მისი გარდაცვალების დღეს, გამოძიება  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ომბუდსმენისთვის გამოძიების მუხლობრივი ფორმულირება არადამაკმაყოფილებელია:

„აშკარა წინააღმდეგობაში მოდის გვამზე აღმოჩენილი დაზიანებების ხასიათთან და სიმძიმესთან, რომლებიც გაუფრთხილებლობაზე უფრო, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამიზნულ ხასიათზე მიუთითებს. დაზიანებები მიყენებული იყო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ანუ დაკავების შემდეგ, რომელიც 15 სექტემბერს განხორციელდა“.

უ.გ–ს საქმე მოხვდა ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშში.

უ.გ–ს საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე. 2010 წლის თებერვალში, გამოძიების დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, არ იყვნენ დაკითხული ის პოლიციელები, რომლებმაც უ.გ დააკავეს.

ომბუდსმენი ცალკე გამოყოფს იმ ფატქს, რომ გამოძიება ღუდუშაურის კლინიკის მიმართვის საფუძველზე დაიწყო და არა– სასჯელაღსრულების  სამკურნალო დაწესებულების. სახალხო დამცველი წერს, რომ მათ არც კი ჩათვალეს საჭიროს აღნიშნული გამოძიებისთვის ეცნობებინათ.

„არაეფექტური გამოძიება ყველაზე მეტად უშლის ხელს წამების აღმოფხვრას, რადგან ქმნის დაუსჯელობის სინდრომს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებში და წარმოქმნის იმის რისკს, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ განმეორდება“, – წერს სახალხო დამცველი.

ცემისგან გონება დაკარგა. მისი ნაამბობიდან ირკვევა, რომ პოლიციელებმა განყოფილებაში მას პანღურებო ურტყეს, შემდეგ ძირს დააგდეს და ისე ცემეს.

ზუგდიდში დაკავებულის თქმით, ცემის შედეგად მას  თავის ტკივილები დასჩემდა და სმენა დააკლდა.

პოლიციელები მისგან ძროხის ქურდობის აღიარებას ითხოვდნენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმე პროკურატურაში 1 თვის შემდეგ აღიძრა. პატიმარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ დაინიშნა დროულად და საფიქრებელია, რომ მისი ჩატარება განზრახ გაჭიანურდა; გარდა ამისა, იმის გამო, რომ ექსპერტს არ აქვს გამოყენებული საქმის მასალები, მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა არასრულყოფილია და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, წამების სავარაუდო ფაქტების გამოძიებისას აუცილებლობას წარმოადგენდა სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაც, ვინაიდან წამების ფსიქოლოგიური შედეგები გაცილებით უფრო ხანდაზმულად რჩება ასახული მსხვერპლზე. აღნიშნული მომენტი გამოძიების მიერ სრულად იქნა იგნორირებული“, – წერს სახალხო დამცველი.

იგი ყვება, რომ ს.რ.–ს წყლით სავსე ბოთლი ურტყეს თავში, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას როგორც დაკავებისას, ასევე სამმართველოში გადაყვანის შემდეგ. მისგან პოლიცია მობილური ტელეფონის ქურდობის აღიარებას ითხოვდა.

„პატიმარი განმარტავდა, რომ სენაკის პოლიციის შენობაში მას სცემდა დაახლოებით 5 პოლიციელი, ისინი აგინებდნენ და თითოეული მათგანი სათითაოდ ურტყამდა სახეში, თავში და ტანზე. ცემის შედეგად პატიმარმა მიიღო დაზიანებები და პერიოდულად  თავის ტკივილი აწუხებდა. პატიმრის განმარტებით, სენაკის რაიონულ სამმართველოში ყოფნისას მას პოლიციელები ემუქრებოდნენ, რომ დაიჭერდნენ მის დედას და ცოლს, ხოლო ბავშვს ბავშვთა სახლში ჩააბარებდნენ და მას წამალს ჩაუდებდნენ“.

დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, სახალხო დამცველისთვის უცნობია, რადგან 6 ივლისს გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი პროკურატურისგან მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ჩვენ მიერ მოპოვებული ბოლოდროინდელი ინფორმაცია და სხვადასხვა მასალებისა და ცალკეული ფაქტების ანალიზი ცხადხყოფს, რომ პროკურატურა, ხშირ შემთხვევაში, ზერელედ ეკიდება დაკავებული პირების წამების თუ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს, ამგვარი ქმედებების შემცველ სისხლის სამართლის საქმეებს. როგორც უკვე აღინიშნა, ხშირ შემთვევაში ამგვარ ფაქტებს აკვალიფიცირებს არა როგორც წამების და დამამცირებელ ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივ ქმედებად, არამედ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებად, ან ცემად. ამგვარ საქმეებზე გამოძება თითქმის ყოველთვის ატარებს ფორმალურ ხასიათს და ხშირ შემთხვევაში მთავრდება საქმის შეწყვეტით, ან წლების განმავლობაში გაჭიანურებით. ამგვარ საქმეებზე, რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, გამოძიება წყდება თავად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ჩვენებებზე დაყრდნობით და ზოგიერთ შემთხვევაში დაზარალებული უარყოფს სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა–განმარტებას და ჩვენებას იძლევა სამართალდამცავთა სასარგებლოდ“.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისგან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საპყრობილეებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შეყვანილი იქნა 403 პატიმარი, მათგან 42 პატიმარმა განმარტა, რომ დაზიანება მიიღო დაკავებისას. საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სახალხო დამცველის აპარატში შემოსული პასუხების მიხედვით, გასაუბრების შედეგად 42 პატიმრიდან რვამ დაადასტურა, რომ სხეულის დაზიანება მიღებული ჰქონდა დაკავებისას, რის გამოც აღნიშნულ საქმეებზე დაიწყო წინასწარი გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი