სამართალი

შენი, სხვისი სახლი

1 დეკემბერი, 2010 • • 2691
შენი, სხვისი სახლი

ცენტრ პოინტის კლიენტებს, რომლებსაც შეძენილი ბინებისთვის ფული სრულად ან ნაწილობრივ უკვე გადახდილი  აქვთ, კომპანიის  მემკვიდრე დექსუსი ახალ ხელშეკრებულებაზე ხელის მოწერას სთავაზობს.  იურისტი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ ის, ვინც ხელს მოაწერს დექსუსის მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებას, თავისი ხელით გაითხრის ორმოს.

კომპანია ცენტრ პოინტმა 2010 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ხელკშეკრულება გააფორმა კომპანია „დექსუსთან“, რომელსაც სამი წლის ვადით მმართველობაში გადასცა კომპანია ცენტრ პოინტი.

რამდენიმე ათასი ადამიანია, ვისაც ბინა აქვს შეძენილი ცენტრ პოინტის მშენებლობებში, თუმცა ბინას არ ფლობს. ნაწილს შეძენილი ბინის ფული სრულად აქვს გადახდილი, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, კომპანია დექსუსი მათ ბინის გადაფორმებაზე უარს ეუბნება.

ნეტგაზეთი ცენტრ პოინტის ათამდე კლიენტს გაესაუბრა, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. მათ ყველას შეძენილი ბინებისთვის ფული სრულად აქვთ გადახდილი. ცენტრ პოინტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ნაწილს ბინა 2008 წლის მაისში, ნაწილს ამავე წლის სექტემბერში უნდა ჩაბარებოდა.

შპს დიდი დიღმის ოაზისი, შპს მიონი – ეს ის ორი ობიექტია, რომლის მშენებლობაც კომპანია ცენტრ პოინტმა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. მათ შორის, დიდი დიღმის ოაზისის ბინების ნაწილი კლიენტებს 2008 წელს უნდა ჩაბარებოდა, შპს მიონის ბინების ნაწილი კი– 2008- 2009 წელს.

2006 წლით თარიღდება ის ხელშეკრულება, რომელიც ანი გორთამაშვილს აქვს გაფორმებული შპს დიდი დიღმის ოაზისთან, იგივე ცენტრ პოინტთან. თუმცა მისი თქმით, დღეს დექსუსის წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ ძველ ხელშეკრულებას ცალმხრივად გაუუქმებენ და ბინას გაუყიდიან, თუ ახალ ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს.

დექსუსში ეკა დალაქიშვილს ვესაუბრე (გაყიდვების მენეჯერი),რომელმაც მომცა ხელშეკრულება და მითხრა, რომ ორი დღე მქონდა ხელშეკრულების გადასახედად. მითხრა, რომ, თუ ხელს არ მოვაწერდი ახალ ხელშეკრულებას, ისინი  ხელშეკრულებას გამიუქმებდნენ და გამიყიდიდნენ ბინას“,–ამბობს გორთამაშვილი.

გორთამაშვილის  მსგავსად, კომპანია დექსუსის მხრიდან, ორდღიან ვადასა და ძველი ხელშეკრულების გაუქმებაზე საუბრობენ ცენტრ პოინტის, დექსუსის სხვა კლიენტები.

ხელშეკრულების ასლები, რომელთა ხელმოწერასაც მათ დექსუსი სთავაზობს, ნეტგაზეთმა ცენტრ პოინტის კლიენტებისგან მოიპოვა. ახალგაზრდა იუირისტთა ასოციაციის იურისტი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ ხელშეკრულება კაბალურია და მასზე ხელით მოწერით კლიენტები საკუთარ თავს უთხრიან ორმოს.

ახალ ხელშეკრულებაში, რომელიც დექსუსმა ცენტრ პოინტის კლიენტებისთვის გაამზადა, ნათქვამია, რომ დექსუსი იტოვებს უფლებას, იპოთეკით დატვირთოს ბინა, სანამ მას ხელშეკრულებაზე ხელმომწერს გადასცემს.

ხელშეკრულებით დექსუსი კლიენტს აკისრებს ვალდებულებას,  გადაიხადოს დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი, თანხის 18%).

დექსუსი იტოვებს უფლებას, კლიენტის მხრიდან თანხის მოთხოვნის შემთხევავაში, 10% დაიტოვოს.

ეს მხოლოდ იმ პირობების ნაწილია, რომელიც ლიკა წიკლაურის აზრით, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ცენტრ პოინტის  კლიენტებს.

„დექსუსის ქმედება არის ტიპიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ეს შეთავაზება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. მაგრამ მოვალეებს არ უნდა ეგონოთ, რომ ეს მათი ვალდებულებაა, თუ ისინი ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ, ჩვეულებრივ ძალაში დარჩება ძველი ხელშეკრულება, რომელიც არ ითვალისწინებს ამ პირობებს“,–ამბობს საიას იურისტი ლიკა წიკლაური.

დიდი დიღმის ოაზისში შანავების ოჯახმა ბინა 2006 წელს შეიძინა. შანავები ამბობენ, რომ თავდაპირველი შესატანის, 11 ათასი დოლარის  გადახდის შემდეგ   თანხის ნაწილი, 23 ათასი დოლარი მომდევნო ორი წლის მანძილზე ნელ–ნელა დაფარეს.

შანავების ოჯახისთვის ბინა ცენტრ პოინტს 2008 წლის სექტემბერში უნდა ჩაებარებინა. იმ დროისთვის, როგორც ლევან შანავა ამბობს, თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

სექტემბერში დიდი დიღმის ოაზისი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

შანავა ამბობს, რომ ვადა დეკემბრამდე გადაუწიეს, შემდეგ გაზაფხულამდე. თუმცა, მას შემდეგ რამდენიმე დეკემბერი და გაზაფხული გავიდა. სახლი კი, რომელშიც 35 ათასი დოლარი ლევან შანავას დედამ გადაიხადა, ჯერ კიდევ არ არის მათი. საჯარო რეესტრში მათზე ბინის გადაფორმება მთელი ამ დროის მანძილზე არ მოხერხდა.

„თავიდან მეუბნებოდნენ, რაღაც პროცედურებია გასავლელი … ახლა მეუბნებიან, რომ ბინას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადამიფორმებენ, თუ ხელს მოვაწერ ახალ ხელშეკრულებას დექსუსთან“.

რეესტრში მშენებარე ბინის გადაფორმებას, შანავასთან ერთად,  ანა გორთამაშვილიც შეეცადა, რომელიც ამბობს, რომ დექსუსი მათ არ აძლევს ფართების განაწილების ოქმს, რომელიც საჭიროა ბინების გადაფორმებისთვის.

„მე არ დაგეხმარები შენ, რომ ბინა გადაიფორმო“,–ეს ის პასუხია, რომელიც გორთამაშვილმა დექსუსის წარმომადგენლისგან მიიღო.

შანავა, რომელსაც ბინაში  35 ათასი დოლარი აქვს გადახდილი, ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში,  დამატებით 6300 აშშ დოლარის გადაიხდის, ხოლო თუ ფულის უკან დაბრუნებას მოითხოვს, 35 ათასი დოლარის ნაცვლად, მას 31500 დოლარს დაუბრუნებენ.

მაგრამ ეს არ არის ყველაზე მძიმე პირობა. იურისტი წიკლაური ამბობს, რომ ახალი ხელშეკრულება – ბომბია.

ხელშეკრულებაში ჩადებული პირობა, ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლებაზე, იურისტის განმარტებით, ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია ბინა გაგიყიდონ და გარეთ დარჩე.

„ ეს სერიოზული ბომბია, წარმოიდგინეთ, ადამიანი ბინის მესაკუთრე ხდება, მაგრამ თუ ვიღაც, ამ შემთხვევაში დექსუსი, ვალდებულებას სხვა პირის(იპოთეკარის) მიმართ ვერ შეასრულებს, ბინის მესაკუთრეს ბინას გაუყიდიან“.

დექსუსი ცდილობს, ეშმაკური გზით მოახდინოს ფსიქოლოგიური ზემოქმედება მის კლიენტებზე – ამბობს იურისტი.

წიკლაური ამბობს, რომ, სავარაუდოდ, დექსუსი ცენტრ პოინტს პრობლემის მოგვარებაში ეხმარება, რადგან ხელშეკრულება, რომელზე ხელის მოწერასაც ითხოვს დექსუსი, ისევ შპს დიდი დიღმის ოაზისთან ფორმდება. ანუ იგივე ფირმასთან, რომელთანაც მოქმედი ხელშეკრულება ამ კლიენტებს უკვე აქვთ.

 „მხარე ისევ ცენტრ პოინტია.  დექსუსი  რასაც აკეთებს არის ის, რომ ეუბნება ამ ადამიანებს,  ვერ გადაგიხდის ცენტრ პოინტი თანხას და მოდი, დავდოთ ეს ხელშეკრულება. ამ ადამიანისთვის არანაირი შვება არ არის ეს ხელშეკრულება. გამოდის, რომ ჩემი მოთხოვნების ნაწილზე ნებაყოფლობით ვამბობ უარს“,–ამბობს წიკლაური.

გამოსავალი, რომელსაც იურისტი არსებულ ვითარებაში ხედავს, სასამართლოა.

„ცენტრ პოინტს აქვს რაღაც ქონება და შეიძლება ამ ქონებიდან აღსრულება მოხდეს. კომპანიის ანგარიშიდან, მათ მფლობელობაში არსებული მიწებიდან, ბინებიდან და მოხდეს ამ ადამიანების დაკმაყოფილება“.

სასამართლოში შეტანილი საჩივრის შემდეგ ხელშეკრულებით ბინის მფლობელის ცენტრ პოინტში შეძენილ ქონებას ყადაღა დაედება და მის იურიდიულ მფლობელს, კომპანია დექსუსს ან ცენტრ პოინტს არ ექნება უფლება მისი იპოთეკით დატვირთვის ან სხვა ფორმით გაყიდვის ან გასხვისების.

სამოქალაქო დავის დროში გაწელვის ეშინიათ კლიენტების ნაწილს. იმედი აქვთ, რომ დექსუსს სასამართლოზე გვერდის ავლით დაითანხმებენ ბინების გაფორმებაზე. მანამდე კი აქციების გამართვას გეგმავენ.

ხვალ დექსუსის ოფისთან უკმაყოფილო ადამიანები შეიკრიბებიან. მათ ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელშიც ახლა უკვე თავად აცნობენ დექსუსს მათ პირობებს.

ნეტგაზეთმა რამდენჯერმე დარეკა დექსუსის ცენტრალურ ოფისში. ოფის მენეჯერის პასუხი იყო, რომ ბატონი გიორგი ქანანაშვილი (კომპანიის დირექტორი) არ არის ადგილზე. ნეტგაზეთის ჟურნალისტი ორჯერ მივიდა ოფისში. ერთხელ გვითხრეს, რომ არავინ იყო. მეორედ გაყიდვების მენეჯერთან მოვხვდით, რომელმაც დაცვას სთხოვა ჩვენი გარეთ გაყვანა, იმ მიზეზით, რომ ასე (გაფრთილების გარეშე) არ ხდება ინტერვიუს ჩაწერა.

ნეტგაზეთმა სცადა ცენტრ პოინტის მფლობელებთან დაკავშირებაც, თუმცა, უშედეგოდ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი