სამართალი

ტელერადიოკომპანია ”თრიალეთის” დირექტორი დააკავეს

7 ოქტომბერი, 2010 • 1343
ტელერადიოკომპანია ”თრიალეთის”  დირექტორი დააკავეს

ამ წუთებში გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ტელერადიოკომპანია თრიალეთის  გენერალური დირექტორის, ჯონი ნანეტაშვილის საქმეს განიხილავს, რომელიც დაახლოებით 1 საათის წინ სამართალდამცავებმა საკუთარ ავტომობილთან დააკავეს.

ნეტგაზეთი  თრიალეთის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს  ლადო ბიჭაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამ წუთებში ელოდება, თუ რა განაჩენს გამოიტანს გორის სასამართლოს მოსამართლე, დავით პაპუაშვილი.

სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გაასამართლებენ, რაც ითვალისწინებს 400 ლარით დაჯარიმებას, ან გამასწორებელ სამუშაოებს, 1–დან 6 თვემდე ვადით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოეყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას, 90 დღემდე ვადით.

ბიჭაშვილი ჩვენთან საუბრისას ყვება, რომ თვითმხილველებმა ნახეს, როგორ დახვდა ოთხი საპატრულო პოლიციის მანქანა „თიბისი“ ბანკის შენობიდან გამოსულ ნანეტაშვილს. ტელეკომპანიის მფლობელი საპატრულო მანქანაში ჩასვეს, ხოლო მისი ავტომობილი საჯარიმოზე გადაიყვანეს.

” როგორც თვითმხილველები ამბობენ, წინააღმდეგობის გაწევა გამოიხატა იმაში, რომ ნანეტაშვილს გაუჩნდა კითხვები, თუ რატომ და რისთვის აკავებდნენ”, – ამბობს ლადო ბიჭაშვილი,”მე როცა მივედი, ჯონი უკვე საპატრულო პოლიციის მანქანაში იჯდა, ბორკილებით”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსს, ვლადიმერ ჯუღელს.

”მე არ ვფლობ ინფორმაციას, კრიმინალურ პოლიციას არ დაუკავებია და ვერაფერს  გეტყვით”.

ლადო ბიჭაშვილი ტელევიზიის დირექტორის დაკავებას არხის პოლიტიკას უკავშირებს. ის ამბობს, რომ თოქ შოუ ცხელი ხაზი, რომელიც ტელევიზიის ეთერით გადის, შესაძლოა ნანეტაშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი იყოს .

”ჩვენს თოქ–შოუში ჩამოსულები იყვნენ პოლიტიკოსები თბილისიდან– ნინო ბურჯანაძე, სახალხო კრების წარმომადგენლები და სხვები. ჩვენ ამ ფაქტს ვუკავშირებთ იმას, რომ მათ ტრიბუნა დავუთმეთ,” -ამბობს ბიჭაშვილი.

გარდა ამისა, მომხდარს, ზოგადად, არხის პოლიტიკას უკავშირებს, რომელიც მისივე თქმით, ყველაფერს აშუქებს.

ნეტგაზეთთან საუბრისას არხის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ამბობს, რომ სამართალდამცავები არხზე გარკვეულ ზეწოლას გენერალური დირექტორის დაკავებამდეც ახორციელედბდნენ. მისი თქმით, ზეწოლა  თოქ–შოუს მიმდინარეობისას არხთან მისული ადამიანების კონტროლით გამოიხატებოდა.

”იყო პერიოდული ზეწოლები, იყვნენ სამართალდამცველები, უშიშროების თანამშრომლები ტელევიზიების წინ, ისინი ხალხს ამოწმებდნენ – ვინ ესწრებოდა და ვინ არა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მათ მანქანებიდან უღებდნენ. დღეს უკვე ასეთი ამბავი მოხდა”,-ამბობს ბიჭაშვილი.

ჯონი ნანეტაშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატის და შემდგომში შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, ტელეკომპანიის მფლობელის, ბადრი ნანეტაშვილის ძმაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი