სამართალი

თორმეტი სკამი

1 ოქტომბერი, 2010 • • 1384
თორმეტი სკამი

 ნაფიცი მსაჯულებისთვის განკუთვნილი პირველი 12 სკამი შესაძლოა  საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ერგოს. სკამის დაკავებამდე კი მოლოდინი და ქვეყნისთვის უცხო ინსტიტუტთან მორგების პროცესია.

საქართველოში  პირველად განზრახ მკველელობაში ეჭვმიტანილი ადამიანის ბედს, ერთი მოსამართლის ნაცვლად,  სხვადასხვა პროფესიის, ან პროფესიის არმქონე თორმეტი ადამიანი გადაწყვეტს.

შერჩევის კრიტერიუმები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გამონაკლისები, ვინ არ შეიძლება გახდეს ნაფიცი მსაჯული.

კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ კრიტერიუმების დაწესება სუბიექტურ ხასიათს ატარებს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მთავარი იდეა კი ობიექტური სასამართლო პროცესია.

”მთავარი იდეის” განხორციელებისთვის დღეიდან  ამოქმედდა კანონი – ახალი სისხლის სამართლის კოდექსი და  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

ახალი ხილია – მანტიამოსხმული მოსამართლე, რომელიც აქამდე მთავარი არბიტრი იყო და განსასჯელთა ბედს წყვეტდა, დღეიდან მხოლოდ  პროცესის  მონაწილეა. მას არც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის  და არც  კითხვების დასმის უფლება აქვს. მისი ფუნქცია პროცედურული საკითხებია.

ხოლო ისინი, ვისაც მთავარი სიტყვა ეთქმის და განსასჯელისთვის გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვთ, ქვეყნის ის მოქალაქეები არიან, რომლებსაც არ უნდა ჰქონდეთ იურიდიული განათლება.

”ფაქტების შეფასებას არ სჭირდება ”განსაკუთრებული დამსახურება“ ქვეყნის წინაშე”, – ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. მან ამ სიტყვებით  პასუხი გასცა საზოგადოების ნაწილს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს  შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ თორმეტი მსაჯულის კომპეტენტურობის საკითხს.

თუმცა,  სანამ 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული პროცესისთვის შეიკრიბება, გრძელი გზაა გასავლელი. გზა, რომელსაც პროკურორი და დაცვის მხარე სავარაუდო მსაჯულებთან საუბრისა და ინტერვიუების გზით გადის.

ერთიანი საარჩევნო სიებიდან შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ 50 ადამიანს შორის პროკურორი და დაცვის მხარე, გასაუბრების შედეგად, არჩევს 12 ძირითად და 2 სათადარიგო მსაჯულს.

თუკი საარჩევნო სიებიდან შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ 50 ადამიანს შორის რომელიმეს კანონი უკრძალავს მონაწილეობას (იურისტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი, შეიარაღებულ ძალებში მყოფი ადამიანი, სასულიერო პირი, პოლიციელი და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პირი), ის ავტომატურად გამოეთიშება არჩევის პროცესს. ხოლო დარჩენილ ნაწილზე კი პროკურორი და დაცვის მხარე იმსჯელებს.

”პროკურორსაც და ადვოკატსაც აქვს აცილების უფლება, რამდენჯერმე, თუ მას არ სურს რომელიმე მოქალაქის ნაფიც მსაჯულთა რიცხვში ყოფნა”, – ამბობს კუბლაშვილი.

მას შემდეგ, რაც პროკურორი და დაცვის მხარე კანდიდატებზე შეჯერდება, 12+2 ნაფიცი მსაჯული ფიცის დადებისთვის და პროცესში მონაწილეობისთვის მოემზადება.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევითობის პრინციპი, კუბლაშვილის თქმით, ყველაზე ობიექტური პრინციპია, არ არის გამორიცხული, 12 ნაფიც მსაჯულში 12-ვე მამაკაცი აღმოჩნდეს, ან 12-ვე ქალი.

”მას შემდეგ, რაც გაუპატიურების საქმე დაემატება განხილვას, პროკურორი მოისურვებს, რომ ნაფიც მსაჯულებად ქალები აარჩიოს, ამიტომ არისსაჭირო აცილების უფლება,” – განმარტავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ნაფიცი მსაჯული პროცესის მსმენელია. მისი მოვალეობაა ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოსმენა და განაჩენის გამოტანა. ნაფიცი მსაჯული პროცესზე დუმს, ის მხოლოდ მაშინ საუბრობს, როცა ოთახის კარი იკეტება და დისკუსია იწყება – პროცესი, რომლის მიზანი გადაწყვეტილების მიღებაა, არის თუ არა დამნაშავე განსასჯელი. განაჩენი უნდა იყოს ერთსულოვანი. თუკი თორმეტივე მსაჯული ვერ შეჯერდა ერთ აზრზე, იწყება ხელახალი განსჯის პროცესი, რომელზეც უკვე 8 ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ პირი დამნაშავეა, ან პირიქით. თუ არ აღმოჩნდა 12-ს შორის 8, რომელიც განაჩენს გამოიტანს, ეს ავტომატურად გამამართლებელ განაჩენს ნიშნავს.

ვინ და საით გადაწონის ნაფიცი მსაჯულების განწყობას და დამოკიდებულებას, პროცესის მონაწილე ორ მხარეზეა დამოკიდებული – ბრალმდებელსა და დაცვის მხარეზე. იგებს ის, ვინც უკეთესი ორატორია, იგებს ის, ვინც უკეთ მოემზადა.

ორატორი პროკურორი და ორატორი ადვოკატი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ახალი ხილია. ისინი  სიტყვით გამოდიან და მათ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას და დასმულ კითხვას შესაძლოა გადამწყვეტი როლიც ჰქონდეს განაჩენის გამოტანისათვის.

”კვალიფიკაციის პრობლემა არის ადვოკატებშიც და პროკურორებშიც”, – ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მისი თქმით, შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით  საქმისთვის მნიშვნელოვანი და აუციელებლი კითხვები ვერ დასვან მხარეებმა. ”ცოტა რისკიც არის, კვალიფიკაციის გამო, მაგრამ ეს აგვაცილებს მოსამართლეების მიმართ კრიტიკას”, – ამბობს კუბლაშვილი.

მისი თქმით, უნდა მოიგოს მან, ვინც პროცესისთვის უკეთ მოემზადა.

საკითხი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სავარაუდო სუბიექტურობაზე  ბადებს ეჭვს, წინასაწარი განწყობებია, რომლებიც შესაძლოა მედიამ შექმნას, ჩადენილი დანაშაულის გაშუქებით.

”თუ არსებობს საფრთხე, რომ ნაფიცი მსაჯულების ობიექტურობა, მედიის ფაქტორის გამო, ეჭვქვეშ დადგება, შეიძლება ნაფიცი მსაჯულები სხვაგან დასახლდნენ გარკვეული ვადით, სადაც გარანტირებული იქნება მათი საცხოვრებელი და კვების პირობები”, – ამბობს კოტე კუბლაშვილი.

ასეთ და სხვა შემთხევევებში ნაფიც მსაჯულთა ნაწილს შესაძლოა  აღნიშნულ სამოქალაქო ვალდებულებაზე უარის თქმის სურვილი გაუჩნდეს.

კანონის მიხედვით, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი, აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უწყების  მიღებიდან  2  დღის  განმავლობაში ვალდებულია სასამართლოს აცნობოს.

კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ აცილების მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე: მაგალითად, ქირურგისთვის, რომელსაც ოპერაციები აქვს დაგეგმილი, პირისთვის, რომელიც საზღვარგარეთ მიემგზავრება და სხვა.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, ჟურნალისტებსაც აქვთ უფლება, აცილებასთან დაკავშირებული საკითხი დააყენონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღნიშნულ დანაშაულს აშუქებდნენ. ხოლო  თუკი ჟურნალისტი ნაფიც მსაჯულთა შორის აღმოჩნდება, მას შეეზღუდება უფლება, პროცესის თაობაზე სტატია მოამზადოს.

იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე, დაუსაბუთებელი მოტივაციის გამო,  უარს იტყვის ნაფიც მსაჯულობაზე, იგი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესამისი მუხლის საფუძველზე, 1000–დან 1500 ლარამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდება.

ფიცს:   ”ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა… გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!” – 12+2 ნაფიცი მსაჯული საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში  პირველად რამდენიმე თვეში დაადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი