სამართალი

გარევაჭრობა და კანონი

14 სექტემბერი, 2010 • 6142
გარევაჭრობა და კანონი

გარევაჭრობის აკრძალვის გამო თბილისში თვეზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება. როგორ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით გარევაჭრობა? ამ საკითხის გასარკვევად, ნეტგაზეთი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატს ქეთევან ქაჩლიშვილს ესაუბრა.

– ქალბატონო ქეთევან, კანონით იკრძალება თუ არა გარევაჭრობა?

_ ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლით განსაზღვრულია თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებები. სწორედ დედაქალაქის თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებებს მიეკუთვნება გარევაჭრობის რეგულირება.

 2006 წლის 29 დეკემბერს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილებით, დედაქალაქში გარევაჭრობა ითვლება კანონდარღვევად. ამგვარი ქმედება იკრძალება და ისჯება. საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით, დედაქალაქში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნა ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე ტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. ფაქტობრივად, გარეთ ღია ვაჭრობა სადაც მიმდინარეობს, ყველაფერი გარე ვაჭრობად მიიჩნევა და იკრძალება.

– ვისი უფლებამოსილებაა გარე ვაჭრობის აკრძალვა?

_ აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები შემუშავებულია თბილისის საკრებულოს მიერ, მაგრამ უშუალოდ ადგილზე აკრძალვას შსს-ს უწყებები ახორციელებს, კერძოდ, საპატრულო პოლიცია.

– რამდენიმე წლის წინაც აიკრძალა გარევაჭრობა, თუმცა შემდეგ კვლავ დაუშვეს. მაშინ რამდენად კანონიერი იყო ხელისუფლების მხრიდან ეს ქმედება?

_ საერთოდ, ეს გადაწყვეტილება მიღების დღიდან ძალაშია. გარევაჭრობა დასჯადი და დაჯარიმებადი ქმედებაა. როგორც გახსოვთ, 2006 წელსაც დაიწყო გარევაჭრობის აკრძალვა. ამას დიდი პროტესტი და აქციები მოყვა, თუმცა, მაინც არ დაუშვეს გარემოვაჭრეები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხელისუფლებამ კვლავ დაუშვა გარევაჭრობა, უფრო სწორად, მოვაჭრეებს ხელს არ უშლიდნენ გარე ვაჭრობის განხორციელებაში. ჩემი პირადი შეფასებით, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხელისუფლებას არ უნდოდა ხალხის გაღიზიანება და ამომრჩევლის დაკარგვა. ამ საქმიანობით უამრავი ადამიანი ოჯახს არჩენდა და ამხელა უმუშევრობის ფონზე გარევაჭრობის აკრძალვა მართლაც დიდ არეულობას გამოიწვევდა და ამიტომ, მაშინ კვლავ დაუშვეს გარევაჭრობა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით იგი იკრძალებოდა.
 ახლა, როცა კვლავ დაიწყეს გარე ვაჭრობის აკრძალვა,  რეალურად კანონმა ახლა დაიწყო მოქმედება.

-თქვენ ახსენეთ, რომ გარე ვაჭრობა დაჯარიმებადი ქმედებაა. რა სახის ჯარიმა ეკისრება სამართალდამრღვევს?

_ გარევაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლის თანახმად. ამ მუხლში ბოლო ცვლილება შესულია 2006 წელს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ეს ნიშნავს, რომ ეს ქმედება დღემდე დასჯადია. უბრალოდ, ხელისუფლება არ იჩენდა პოლიტიკურ ნებას, რომ მათი ქმედება აქამდე აეკრძალა.  

კოდექსის თანახმად, გარევაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე. ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას, დაჯარიმდება 50-დან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 7 დღემდე ვადით.  

მასალების გადაბეჭდვის წესი