სამართალი

ოთხწლიანი პატიმრობის შედეგი

27 აგვისტო, 2010 • 1719
ოთხწლიანი პატიმრობის შედეგი

12 აგვისტოს ე.წ. “ხუდადოვის კლინიკაში” პატიმარი თემურ ტაპალოღლი გარდაიცვალა. პატიმრის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ტუბერკულოზია. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ციხეებში გარდაცვლილი პატიმრებიდან ნახევარი სწორედ ტუბერკულოზითაა დაღუპული. გარდაცვლილი პატიმარი აფხაზეთში, სოფელ ბედიაში, ცხოვრობდა. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი.

თემურ ტაპალოღლის ცხედარი გარდაცვალებიდან მეორე დღეს  ენგურის ხიდის გავლით ფხაზეთში გადაასვენეს. გარდაცვლილის მამიდის, ნაირა ტაპალოღლის ინფორმაციით, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და რომელმაც ცხედარი გადაასვენა, ამბობს, რომ ენგურის ხიდზე პროცესია უპრობლემოდ გაატარეს.

აფხაზეთში მცხოვრები 25 წლის თემურ ტაპალოღლი 4 წლის წინათ ზუგდიდში დააკავეს. იგი ნათესავებთან იყო გადმოსული. ტაპალოღლი ყაჩაღობისა და ქურდობის მუხლით გაასამართლეს. ერთ წელიწადში პატიმარი ტუბერკულოზით დაავადდა.

ნაირა ტაპალოღლი: “მაშინ სოზარ სუბარს მივმართე და თემური ზუსტად ორ დღეში გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. უმკურნალეს და გადარჩა”.

ნაირა ტაპალოღლის ინფორმაციით, შემდეგ პატიმარი ორთაჭალაში, მძიმე პირობებში მოათავსეს, “სადაც რეციდივისტებს ამწყვდევენ. მთელმა საქართველომ იცოდეს, მომაკვდავს არც წყალი ჰქონდა, არც შუქი… სველ ლეიბზე იწვა. ყველას მივმართე, პრეზიდენტს, ხათუნა კალმახელიძეს, მაგრამ არავინ დამეხმარა. მერე თემურმა გვითხრა, რომ არავინ აღარ შეგვეწუხებინა, “ამის გამო უფრო ცუდად მექცევიანო”. ახლანდელ სახალხო დამცველს შვიდი თვის წინ  მივეცი წერილი. ტუღუშის წარმომადგენელი ბათუმში, გიორგი ჩარკვიანი მეუბნებოდა, რომ ერთ კვირაში პასუხს მივიღებდი. მერე კიდევ ერთ კვირაშიო. ასე გავიდა რვა თვე. ახლაც ველოდები, ჩემი ძმისშვილი კი მკვდარია”.

ნაირა ტაპალოღლი დარწმუნებულია, პატიმარი დროულად რომ გადაეყვანათ ე.წ. “ხუდადოვის კლინიკაში”, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ, იგი  გადარჩებოდა. მისი  აზრით, თემურ ტაპალოღლის გაუსაძლის პირობებში იმიტომ ამყოფებდნენ, რომ აფხაზი იყო: “ვეხვეწებოდი, იყოს ციხეში, ოღონდ ნუ მომიკლავთ-მეთქი. დედამისი ტყე-ტყე გადმოდიოდა და შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდნენ. არც ტელეფონზე დარეკვის უფლება მისცეს”. 

გიორგი ტუღუში _ საქართველოს სახალხო დამცველი: “ეს პატიმარი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში რომ მოეთავსებინათ, ბოლო რამდენიმე თვეს ვადევნებდით თვალს. იგი ტუბზონაში 13 მაისს გადაიყვანეს. მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ ტუბერკულოზი რღვევის ფაზაში იყო, მერე ამას სიყვითლეც დაემატა. არაერთხელ ვესაუბრე მის მამიდას… ძალიან რთულია იმის ახსნა, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი არ არის პასუხისმგებელი პატიმრის მკურნალობაზე…”

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამ საქმის შესწავლას გააგრძელებენ: “უნდა გაირკვეს, რამდენად ადეკვატურად უმკურნალეს პატიმარს. გასარკვევია, რეალურად თუ ჩაუტარდა მკურნალობა და რატომ გართულდა მისი მდგომარეობა. ამას ცალკე შევისწავლით, როდესაც გამოვითხოვთ ინფორმაციას, როდის რა ჩატარდა და შესაბამისი ექსპერტიზის მასალებსაც ვნახავთ. ამის შემდეგ შეიძლება დადგეს მკურნალი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხიც. ყველამ გაიგოს, რომ პატიმრის მკურნალობა სახალხო დამცველის კი არა, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეროგატივაა. ეს არ არის ტუბერკულოზით გარდაცვალების ერთეული შემთხვევა, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, როდესაც ტუბერკულოზი გვევლინება პატიმართა გარდაცვალების მიზეზად”.

ჯონი ქობალია, გარდაცვლილის ადვოკატი: “12 აგვისტოს მამიდამისმა დამირეკა და მთხოვა, მგონი კვდება და იქნებ ნახოო. ტუბსაავადმყოფოში მითხრეს, რომ ცუდად გახდა და ხუდადოვზე გადაიყვანეს. მომატყუეს. იმ დროს პატიმარი უკვე გარდაცვლილი იყო. ხუდადოვზე თემური ღამის 12 საათზე, ექიმის თქმით, ფაქტობრივად, მკვდარ მდგომარეობაში მიიყვანეს და ერთ საათში გარდაიცვალა; ადრე რომ მიეყვანათ, მის გადარჩენას შეძლებდნენ”.

ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას მომაკვდავი პატიმრისთვის, ანუ მის გათავისუფლებას იმ დრომდე, სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ჯონი ქობალიას თქმით, კანონის ამ მუხლს საქართველოში პრაქტიკულად არ იყენებენ. ადვოკატის ინფორმაციით, არათუ გადავადებაზე ფიქრი, მას ამ კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაც კი გაუჭირდა.

“დღემდე არ ვიცი, ვინ იყო მისი მკურნალი ექიმი, ეს გასაიდუმლოებულია. ვერავისგან ვერაფერი გავიგე. ავადმყოფობის ისტორიის ქსეროასლში წერია: “ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზი რღვევის ფაზაში, პლიუსი დადებითი”. ექსპერტმა მაჩვენა სურათები, ფილტვები, ფაქტობრივად, არ ჰქონდა კაცს”.

თემურ ტაპალოღლის გარდაცვალების შესახებ ოჯახს საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექთანმა აცნობა. მამიდას კი პატიმარი ძმისშვილის გარდაცვალება აფხაზეთიდან გააგებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი