სამართალი

ცვლილებები ომბუდსმენის შესახებ კანონში

8 ივლისი, 2010 • 1159
ცვლილებები ომბუდსმენის შესახებ კანონში

სახალხო დამცველის 2010 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა პარლამენტს მარტში გაუგზავნა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას განიხილავენ. სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით კი ომბუდსმენი ვალდებული იქნება, პარლამენტს წელიწადში ორი ანგარიშის ნაცვლად ერთი გაუგზავნოს.

ცვლილებების პროექტის ერთ–ერთმა ავტორმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ცვლილებები ომბუდსმენის აპარატთან შეთანხმებულია.

 ”ჯობს ერთი ანგარიში იყოს და საფუძვლიანად მომზადდეს და პარლამენტმაც შეძლოს ანგარიშის საფუძვლიანი განხილვა”-განაცხადა კუბლაშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატის პრესამსახურის წარმომადგენელი ნინო ერემაშვილი ადასტურებს, რომ ისინი მონაწილეობდნენ და თავიანთი შენიშვნები გაუგზავნეს ცვლილებების პროექტის ავტორებს.

”ბოლო ხუთი წლის განამვლობაში ვითხოვდით ცვლილებას, რომ პარლამენტისთვის წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარგვედგინა ერთი სრული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”, -ამბობს  ნინო ერემაშვილი.

მისი თქმით, წლიური  ანგარიშის წარდგენა მიღებული პრაქტიკაა ევროპაშიც.

ამასთან,  2009 წლის 16 ივლისიდან  “სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს. ამ ფუნქციების მიხედვით კი, ომბუდსმენმა წელიწადში ორი ანგარიში უნდა მოამზადოს.

”ამიტომ, ოთხი ანგარიშის მომზადებას ძალიან დიდი რესურსი მიაქვს”, -ამბობს ერემაშვილი.

 მისივე ინფორმაციით, ცვლილებების პროექტით იზრდება ომბუდსმენის ოფისის დამოუკიდებლობის ხარისხი საკანონმდებლო დონეზე, რადგან პროექტის მიხედვით, პარლამენტს არა აქვს უფლება, ომბუდსმენის ოფისს იმაზე ნაკლები ბიუჯეტი დაუმტკიცოს, ვიდრე წინა წელს ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი