სამართალი

პოლიციელის მკვლელობა – ოჯახის ვერსია

12 მაისი, 2010 • • 1920
პოლიციელის მკვლელობა – ოჯახის ვერსია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი, დიომიდე კორძაძე 5 მაისს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ნათესავები დარწმუნებულნი არიან, რომ იგი მოკლეს. პროკურატურა საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

გასულ კვირას ქართული მედია აქტიურად აშუქებდა ბათუმში მანქანის აფეთქების შედეგად დაღუპული პოლიციელის შესახებ. დიომიდე კორძაძის ოჯახში ამბობენ, რომ მათი შვილის დაღუპვის ფაქტზე არც ერთ მედიას ზუსტი ინფორმაცია არ გადაუცია. მედია ავრცელებდა, რომ აფეთქდა `პიკაპის~ ტიპის ავტომანქანა, თუმცა არ უთქვამთ, რომ `პიკაპი~, რომელიც დიზელის საწვავზე მუშაობს, არ შეიძლება აფეთქდეს. 

`ეს იყო ტერაქტი, მანქანა ააფეთქეს. ტყუილია ის, რომ მანქანაში ბენზინი აფეთქდა. ვინც ეს თქვა, მკვლელობაც მისი დაგეგმილია~, _ თქვა `ბათუმელებთან~  გარდაცვლილის ბიძამ, გივი მუთიძემ. იგი გარდაცვლილის ნათესავთაგან პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე. აფეთქება მის სახლთან იმდენად ახლოს მოხდა, რომ მუთიძის სახლი `შეირყა~: `აივანზე ვიყავი, სათვალე პირველ სართულზე ჩამივარდა, მეგონა, ჩემი სახლის სარდაფში მოხდა აფეთქება, მეუღლემ იეჭვა, რომ მანქანა დიომიდესი იყო, ეზოში ჩავედით. ფაქტია, იგი ააფეთქეს. რა მოტივით მოკლეს, ეს სახელმწიფომ უნდა დაადგინოს. მანქანა არ დამწვარა~.

`ბათუმელებს~ გარდაცვლილის დედა და მეუღლე ესაუბრნენ. ისინი დიომიდეს დაღუპვას მკვლელობად აფასებენ _ `ააფეთქეს~. გარდაცვლილის დედას ვერსია არ აქვს, თუ ვის შეიძლებოდა დაეგეგმა ეს მკვლელობა. 

`ვალი არ ჰქონდა, სამსახურის გამო ცეცხლსასროლ იარაღს არ ატარებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მანქანების გამართულობას კი პერიოდულად ამოწმებდნენ~, _ ამბობს გარდაცვლილის მეუღლე, რუსუდან მუთიძე. მანქანა, რომლითაც დიომიდე კორძაძე გადაადგილდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილება იყო. ღამით სადარბაზოს შესასვლელთან აჩერებდა.

ოჯახის ინფორმაციით, ოთხშაბათს, 5 მაისს, დიომიდე კორძაძე შინიდან დილის 6 საათზე გავიდა. მან ბულვარში ივარჯიშა და 9 საათსა და 25 წუთზე მეუღლეს დაურეკა, რომ ბავშვებს სკოლაში წაიყვანდა: `ჩვენი ორი შვილი და კიდევ ახლობლების ბავშვები, სულ ხუთნი, 9 საათისთვის სკოლაში მიიყვანა (ისინი ყოველ დღეს დაჰყავდა სკოლაში). შინ დაბრუნებულმა სამსახურში წასასვლელად გაემზადა. ეზოში მეზობლებს ესაუბრა, ერთ-ერთი მათგანი აფეთების დროს მანქანაში ეჯდა~. 

ოჯახის წევრები სხვადასხვა ადამიანების მონაყოლს ყვებიან მანქანის აფეთქების შესახებ, როგორც მათ უთხრეს, მანქანიდან გვერდით მჯდომი გადმოვარდა, ზოგის ვერსიით მას ხელი დიომიდემ ჰკრა. არის ვერსია, რომ დიომიდე ადგილზევე გარდაიცვალა, იმასაც ამბობენ, რომ იგი მოგვიანებით გარდაიცვალა. ისიც ითქვა, რომ მანქანაში სამართალდამცავებმა დიდი ოდენობის ტროტილის კვალი აღმოაჩინეს. 

იმ ადგილას, სადაც მანქანა აფეთქდა, შიგ მსხდომთა გარდა  არავინ დაშავებულა, რადგან ახლოს არავინ იმყოფებოდა. ამ დროს ქუჩაში არც ტრანსპორტი მოძრაობდა და არც ადამიანები მოძრაობდნენ ქვეითად. დაღუპულის მეუღლე ვარაუდობს, რომ ბომბი მანქანაში ღამით დაამონტაჟეს და როგორც კი მანქანა ისეთ ადგილზე გავიდა, სადაც არავინ იყო, პულტის მართვადი სისტემით ააფეთქეს იგი. 

პროფესიით იურისტი, ვიცე-პოლკოვნიკი _ დიომიდე კორძაძე 18 წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში მუშაობდა. იგი შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსად სამი წლის წინ დაინიშნა, მანამდე კი შსს სხვადასხვა ქვედანაყოფში მუშაობდა. იგი 9 ივნისს 37 წლის გახდებოდა.

მისი გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია ძიება, როგორც `ბათუმელებს~ პროკურატურის პრესსამსახურმა _ ეკა ჩიჩუამ განუცხადა, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს და დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი