სამართალი

კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირისკენ

11 მაისი, 2010 • • 1385
კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირისკენ

იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებული მანდატის მიხედვით დაკისრებულ მოვალეობებს საქართველო შეასრულებს, ქვეყანა, შესაძლოა, ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს.

10 მაისს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭომ დაამტკიცა მანდატი, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის თქმით, ასოცირებაზე შეთანხმება ევროკავშირთან დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომელიც  თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებაზე და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეა მიმართული.

“ასოცირებული შეთანხმება მოითხოვს, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ერთნაირ პოზიციებს მიაღწიონ. პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური იქნება, ასევე, თანამშრომლობა ისეთ დარგებში, როგორიც არის ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა და მრეწველობა და ა.შ. უფრო მჭიდრო იქნება,”-განმარტავს კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, საქართველოს მთავარი და ყველაზე ძნელად შესასრულებელი ვალდებულება, ამ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოებაა

“საჭირო იქნება კანონმდებლობის დახვეწა მიგრაციის სფეროში, ენერგეტიკის სფეროში კი აუცილებელია რეფორმების გატარება, რომლებიც  საქართველოს ენერგობაზრის რეგულირების პრინციპებს ევროკავშირისას დაუახლოებს.”

გოგოლაშვილის თქმით, ასოცირებული შეთანხმების შემთხვევაში, დახმარება ქვეყნისადმი იზრდება.

“როდესაც საუბარია კანონმდებლობის დაახლოებაზე, სრულიად ნათელია, რომ ქვეყანას სჭირდება ფინანსური დახმარება  სათანადო რეფორმების გატარებისთვის”.

„ასოცირების შემდეგ, შესაძლოა, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანება მოჰყვეს. შემდეგ კი –უკვე ევროკავშირის წევრობა.– ეს ევროკავშირის წევრობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია”-ამბობს გოგოლაშვილი. მისი თქმით, ასოცირებული შეთანხმების შემთხვევაში საქართველო სწრაფად მოახდენს ევროკავშირის ბაზრებზე ინტეგრირებას და ევროკავშირთან ეკონომიკურ დაახლოებას.

კახა გოგოლაშვილს ასოცირებული წევრის მაგალითად თურქეთი მოჰყავს, რომელიც უკვე წევრობის კანდიდატია. “ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები 2004 და 2007 წლიდან არიან, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში სწორედ ასოცირებულ შეთანხმებებს აწერდნენ ხელს.”

ამჟამად ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სამი კომიტეტები მოქმედებს, ვაჭრობის, იურიდიულ და მიგრაციის საკითხებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი