სამართალი

ინტერპოლი აჭარის სააღსრულებლო ბიუროს ყოფილ უფროსს ეძებს

26 აპრილი, 2010 • 1864
ინტერპოლი აჭარის სააღსრულებლო ბიუროს ყოფილ უფროსს  ეძებს

აჭარის სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის – გელა თავდგირიძის და მისი თანამშრომლების მიმართ სასამართლო გამოძიება დაიწყო. ბიუროს აჭარის ხელმძღვანელი მიმალვაშია, ბათუმის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი მერაბ სანიკიძე კი დაპატიმრებულია. ორივეს ჯგუფურად 66 ათასი ლარის გაფლანგვა ბრალდება. 

 მითვისებული და გაფლანგულია როგორც სააღსრულებლო ბიუროს, ასევე  კლიენტებისა და განსასჯელების ნათესავების თანხა. ყველა მოწმე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ამ გაუგებრობაში ისე მოხვდა არაფერი იცოდა. ”ვენდობოდი”, “გამომიყენეს”, -ამბობენ ისინი.

ცირა კახიძე – მოწმე: ”მე-18 საჯარო სკოლის პედაგოგი ვარ, მერაბ სანიკიძე ჩემი ბიძაშვილია. მასთან ვიყავი სამსახურში. მკითხა, პირადობის მოწმობა ხომ არ მქონდა. ვათხოვე. ბუღალტერს ქვითარი გამოაწერინა, ამ ქვითრით საქართველოს ბანკიდან ფული გამომატანინა, დაახლოებით 11 ათასი ლარი. ამ თანხას მერაბ სანიკიძემ კიდევ დაამატა ფული და ბანკში შემატანინა ისევ, რაღაც ანგარიშის ნომერზე~.

სასამართლო პროცესზე მსგავის ფაქტის შესახებ რამდენიმე მოწმემ ისაუბრა, ისინი 19 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.

დავით დარცმელიძე დაცვის სამსახურის თანამშრომელია. იგი მერაბ სანიკიძის სიძეა და გელა თავდგირიძესთანაც წლებია მეგობრობს. მისი ჩვენებაც ცირა კახიძის ჩვენების იდენტურია. დავითმა სააღსრულებლო ბიუროში ახლობლებთან სტუმრად შეიარა. თავდგირიძემ მას უთხრა, რომ დაეკარგა პირადობის მოწმობა და ბანკიდან ფულის გამოტანა სთხოვა. ქვითარი სააღსრულებლო ბიუროში მისცეს, ბანკიდან კი ოთხი ათასი დოლარი გამოიტანა და თავდგირიძეს მიუტანა კაბინეტში. რამდენიმე დღეში სანიკიძემ დარცმელიძეს ისევ დაურეკა და სთხოვა, თავდგირიძე ენახა.

დარცმელიძემ მეორედ 12 ათასი დოლარი გამოიტანა ბანკიდან თავდგირიძის დავალებით: `გამომიყენა~ _ შეაფასა თავდგირიძის საქციელი დარცმელიძემ. მოსამართლის კითხვაზე, მისი აზრით, ამის შესახებ იცოდა თუ არა სანიკიძემ, მოწმემ უპასუხა: `მგონია არ იცოდა თავდგირიძე რომ მიყენებდა. თუ ეს იცოდა და არ გამაფრთხილა, დასაჭერი კი არა, დასახვრეტია~. 

სულიკო გოგიაშვილი ქედის რაიონის სოფელ დანდალოში ცხოვრობს. გოგიაშვილმა სანიკიძეს მინდობილობა გაუკეთა: `მითხრა, პირადობის მოწმობა მაქვს დაკარგული, შენი პასპორტი მჭირდებაო და მინდობილობა გამაკეთებინა. ხელი მოვაწერე, მაგრამ რას არ დავკვირვებივარ, ვენდობოდი~.

 ნატალია ძნელაძე აჭარის სააღსრულებლო ბიუროს კანცელარიის თანამშრომელია. სასამართლო პროცესზე ისიც დაკითხეს. მან განაცხადა, რომ ”პროკრედიტ ბანკის” წარმომადგენლისგან შემოსული სააღსრულებო დოკუმენტი, ოთარ და ავთანდილ ბერიძეებისთვის თანხის დაკისრების შესახებ ჩაიბარა და რეზოლუციის დასადებად უფროსთან შეიტანა. `სხვა ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი ვიცი~.

კონსტანტინე გუმბერიძე, რომელიც ადრე უშიშროების თანამშრომელი იყო, როგორც დაზარალებული ისე დაიკითხა. გუმბარიძემ განაცხადა, რომ მას `საზღვაო ბანკის~ ვალი ჰქონდა. პროცენტი ვერ გადაიხადა და ამ ვალის გადახდისთვის ბანკმა სააღსრულებლოს მიმართა. მან ორი ათასი დოლარი, ბანკის ვალი, მერაბ სანიკიძეს კაბინეტში მისცა, სანიკიძემ კი ბეჭდიანი, ტიტულიანი დოკუმენტი გადასცა. დაზარალებულმა თქვა, რომ არ იცოდა, თანხა სააღსრულებლოს ანგარიშზე თუ უნდა შეეტანა, ამიტომაც მისცა კაბინეტში აღმასრულებელს.

დაზარალებული მხოლოდ ვალის გადახდას ითხოვს: `სასჯელის ნაწილში მე არ ვარ დაინტერესებული~.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გელა თავდგირიძისა და მერაბ სანიკიძის საქმეს ერთად განიხილავს. საქმის პროკურორი ვლადიმერ თურმანიძეა. თავდგირიძის ინტერესებს ადვოკატი ედიშერ მახარაძე, ხოლო სანიკიძის ინტერესებს _ ვაჟა ხახუტაიშვილი იცავს.

სასამართლო პროცესი 30 აპრილს, განსასჯელ მერაბ სანიკიძის დაკითხვით გაგრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი