სამართალი

მუქარა ინტერნეტით

8 აგვისტო, 2011 • 1419
მუქარა ინტერნეტით

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“  რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა ქართული ჰომოფობიური ჯგუფი „სიკვდილი ჰომოსექსუალებს“. მისი შემქმნელები ყველა ჰომოსექსუალსა და ჰომოსექსუალთა მხარდამჭერს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან:  „ეხლა შეგვიძლია რეალურად ვისაუბროთ. ხოდა კიდე, ათასი პოსტი იწერებოდა და ბევრი ცუდიც. ყველა ფიზიკურად ვერ ვნახეთ, რაც ვნახეთ გეუბნებით რო არ გაგიმართლათ, განსაკუთრებით მათ ვისაც პროფაილში ნომერი ეწერა:) თქვენთან უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეხვედრები. აბა დროებით“.

ამ ჰომოფობიურ ჯგუფში გაწევრიანებულია 281-მდე ადამიანი. მათი დიდი ნაწილი ამ ჯგუფს პირადი ინტერესის გამო შეუერთდა  და ჯგუფის პათოსს არ ეთანხმება. ამას მოწმობს მათი პროტესტი ჯგუფის შემქმნელების მიმართ.

ელენე ბაგრატიონი: თქვენი გვერდის სახელწოდება – აქეზებს საზოგადოებას – ჰომოსექსუალისტების სიცოცხლის ხელყოფისაკენ – ეს დანასაულია და იდევნება სისხლის სამართლის კოდექსით. გთხოვთ დაუყოვნებლივ შეცვალოთ გვერდის სახელწოდება ან გააუქმოდ იგი. ასევე კაი იქნება – თუ ამ თემაზე იმსჯელებს საზოგადოება – მაგრამ არა ამდაგვარი მოწოდებების ჭრილში.

ანანო კაკალაშვილი: ეს გვერდი ვინ გააკეთა ძალიან მაინტერესებს. ასეთი საშინელი იდეები ვის ებადება… რომელ საუკუნეში ვართ, ან საიდან გაქვთ უფლება ესეთი რაღაცეები დაწეროთ?

რეზო ხაჟომია: წადით იმკურნალეთ, საცოდავებო!
ნებისმიერი გეი მირჩევნია ამ გჯუფის დედააზრის გამზიარებლებს..

ჯგუფში ასევე გაწევრიანებული არიან ადამიანები, რომლებიც სრულად იზიარებენ ჯგუფის შემქმნელების ჰომოფობიურ განცხადებებს. მათი უმრავლესობა ჰომოსექსუალებს აგინებს, ამიტომ “ნეტგაზეთი” მათი ციტირებისგან თავს იკავებს.

ჰომოფობიურ გვერდზე მთავარ ფოტოდ დაყენებულია ორი ირანელი ახალგაზრდის ჩამოხრჩობის სცენის ამსახველი კადრი.

ირანში ჰომოსექსუალიზმი კრიმინალად ითვლება და ჰომოსექსუალებს სიკვდილით სჯიან. საქართველოში ერთსქესიანი ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა.

2009 წლის 17 მაისს, ბიოლის ფონდში გაამრთულ დისკუსიაზე, ფონდ ინკლუზივის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პაატა საბელაშვილმა განაცხადა,  რომ „ჩატარებული კვლევებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით ჰომოფობია ჯერაც ღრმადაა ფესვგადგმული ფაქტიურად ყველა სფეროში. საქართველოს არ აქვს სრულყოფილი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. ჩვენი ქვეყანა ერთეული ქვეყნების რიცხვშია, რომლის კანონმდებლობაც არ იცნობს ისეთ მნიშვნელოვან კონცეფციას, როგორიც არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა (hate crimes and hate speech).“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციააციის იურისტის, გიორგი გოცირიძის თქმით, „ევროპის წამყვან სახელმწიფოებში „სიძულვილის ენა“ არის დანაშაული და ითვალისწინებს სხვადასხვა სახის დარღვევას.

საქართველოში „სიძულვილის ენა არ არის დანაშაული, თუმცა, გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება სანქციის საფუძველი გახდეს.  მაგ. მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამისად, დაუშვებელია სიძულვილისკენ წაქეზება, ადამიანის კონკრეტული, თუნდაც სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მედიასაშუალებების მიმართ განსაზღვრული სახის სანქცია შეიძლება დაწესდეს.“

 გიორგი გოცირიძემ  “ნეტგაზეთთან” საუბრისას თქვა, რომ მან „ფეისბუქზე“  უკვე ნახა ჯგუფი „სიკვდილი ჰომოსექსუალებს“: „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთადერთი რეაგირება შეიძლება იყოს  ის, რომ უბრალოდ ეს ჯგუფი დაიხუროს. ეს უნდ გააკეთოს ფეისბუქის ადმინისტრაციამ.  „ფეისბუქის“ მიერ დადგენილ წესებში წერია, რომ დაუშვებელია კონკრეტული პირის ან განსაზღვრული ნიშნით იდენტიფიცირებული პირთა ჯგუფის მიმართ თავდასხმა.“

იურისტი ასევე ამბობს, რომ  საქართველოში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ამ ჰომოფობიური ჯგუფის შექმნას და იქ გამოთქმულ მუქარებს სისხლის სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს.

მუქარა კონკრეტიული პირის მიმართ უნდა იყოს მიმართული და ამ მუქარამ მსხვერპლს მისი განხორციელების რეალური საფრთხე უნდა შეუქმნას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსხვერპლი ცალსახად არ არის იდენტიფიცირებული. ანუ, ჩვენ არ გვქონია შემთხვევა, რომ კონკრეტულად რომელიმე ადამიანს დაემუქრნენ“, – ამბობს გოცირიძე.

„თუ პირადად დაემუქრნენ ვინმეს, ამ შემთხვევაში იქნება ჩივილის საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლზე დაყრდნობით. ეს იქნება საფუძველი, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყოს და მუქარის ავტორი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს.“-დასძენს იურისტი.  

გიროგი გოცირიძე ასევე ამბობს: „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ სიძულვილის ენა არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლებით. ეს წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და სცილდება კონვენციის ფარგლებს“.

გასული წლის დეკემბერში ფეისბუქზე სერბმა მომხმარებლებმა შექმნეს ორი „ანტი გეი“ ჯგუფი, რომელშიც ასეულობით სერბი გაწევრიანდა. ჯგუფის შემქმნელები  აქვეყნებდნენ სერბეთში მოქმედი ლგტბ ორგანიზაცია „Queeria“-ს წევრების ფოტოებს, საკონტაქტო ინფორმაციას და საცხოვრებელი ადგილის მისამართებს. ისინი ხალხს მოუწოდებდნენ ჰომოსექსუალთა ანგარიშსწორებისკენ. ფეისბუქის ადმინისტრაციამ აღნიშნული ჯგუფები დაუყონებლივ დაბლოკა.  სერბი ლგტბ აქტივისტები კი ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ საკუთარი უფლებების დაცვას და მუქარის ავტორების დასჯას.  ეს შემთხვევა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც კი მოხვდა. 

სტატიის წერა თითქმის დასრულებული იყო, როცა „ ფეისბუქზე“, ჯგუფში „სიკვდილი ჰომოსექსუალებს“,  ახალი მუქარა გჩნდა. მუქარის ადრესატი ამ შემთვევაში კონკრეტული პიროვნება, ფონდ ინკლუზივის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პაატა საბელაშვილი აღმოჩნდა.

„სიკვდილი ჰომოსექსუალებს“: მე თუ ფრჩხილები არ დაგაძრო ბოზიშვილი ვიყო.

სახელი და გვარი მეწერა უკვე ვაჟა ვარ აფციაური, ტელევიზიასთან ვცხოვრობ აფციკას მეძახიან. დონ ჩიჩოსავით თუ არ აგფატრო მე ვიყო არაკაცი”.

 

ჯგუფის შემქმნელის ვინაობის იდენტიფიცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ის მუქარის გავრცელებას კვლავ ანონიმურად ამჯობინებს.   „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ეს ჯგუფი ჯერ არ გაუუქმებია.  სოციალური ქსელის ადმინისტრატორთა ბლოგებზე წერია, რომ არასასურველი ჯგუფის გაუქმება იმ შემთხვევაში ხდება, თუ ამ ჯგუფზე საჩივარი ათასზე მეტი მომხმარებლისგან შევა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი