სამართალი

პატიმრის გარდაცვალების გარემოებებს ომბუდსმენის ოფისი შეისწავლის

8 აგვისტო, 2011 • 1116
პატიმრის გარდაცვალების გარემოებებს ომბუდსმენის ოფისი შეისწავლის

სახალხო დამცველი ოფისი პატიმარ ნადიმ ცეცხლაძის გარდაცვალების ყველა გარემოების შესწავლას აპირებს. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პატიმარი წამებითაა მოკლული.

 

იყო თუ არა ადეკვატური პატიმრისთვის ჩატარებული მკურნალობა – ეს ის საკითხია, რომლის გამოკვლევას ომბუდსმენის ოფისი გეგმავს.

 

პატიმარი ნადიმ ცეცხლაძე, რომელიც 2010 წლის 5 მარტს გეგუთის ¹8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, უმძიმეს მდგომარეობაში იყო – იუწყება სახალხო დამცველის ოფისი გავრცელებულ პრესრელიზში.

 

სახალხო დამცველის აპარატის სამედიცინო ექსპერტის თქმით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობა ადეკვატური იყო, პაციენტს რეგულარულად ნახულობდა შესაბამისი სამედიცინო სპეციალობის კონსულტანტი.

 

“თუმცა პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სავარაუდოდ, მისი გადმოყვანა სამკურნალო დაწესებულებაში დაგვიანებით განხორციელდა. სავარაუდოდ გეგუთის ¹8 დაწესებულებაში ყოფნისას მას არ ჩატარებია დროული დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა” – ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში.

 

ნადიმ ცეცხლაძე 12 მარტს გადაიყვანეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, თუმცა სადაც 17 მარტს გამთენიიისას გარდაიცვალა.

 

ორგანიზაციის “ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ის იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში და გაესაუბრა გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს. კაკაბაძე აცხადებს, რომ პატიმარი ნაწამებია და სახალხი დამცველის  ოფისს პატიმრის ცხედრის ექსპერტიზას თხოვს.

 

კაკაბაძე აცხადებს რომ მან საქმის კურსში ჩააყენა ევროკომისიის წარმომადგენლობის ელჩი საქართველოში.

 

სახალხო დამცველის ოფისში “ნეტგაზეთს” განუცხადეს რომ პატიმრის წამების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და პატიმრის გარდაცვალების დეტალები ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი