სამართალი

რადიო “ჰერეთი” თბილისში მაუწყებლობის უფლებას ვერ იღებს

8 აგვისტო, 2011 • 1738
რადიო “ჰერეთი” თბილისში მაუწყებლობის უფლებას ვერ იღებს

 რადიოკომპანია „ჰერეთის“ ხელმღვანელობამ  რადიოს ლიცენზირების პრობლემების თაობაზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველებს მიმართა.

 

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი”, რომლის სათავო ოფისი ლაგოდეხში მდებარეობს, ფარავს კახეთის რეგიონსა და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს (ისტორიულ ჰერეთს). რადიოს სურს სამაუწყებლო არეალი გააფართოვოს და თბილისშიც მიიღოს მაუწყებლობის ლიცენზია. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ჰერეთის“ განცხადების წარმოება კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შეაჩერა.

რადიო “ჰერეთმა” პირველად, 2008 წლის 15 აპრილს, და მეორედ, 2010 წლის 18 თებერვალს, კომისიას მიმართა თბილისში რადომაუწყებლობის მისაღებად. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხში ნათქვამია, რომ რადიო “ჰერეთის” 2008 წლის 15 აპრილის განცხადების წარმოება შეჩერებულია, რადგან კომისია საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის გარეშე ვერ გასცემს მაუწყებლობის ლიცენზიას.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესცენტრმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა, რომ 2008 წლის ივნისში კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება დაუკვეთა კომპანიას „GPC”. იმავე წლის ბოლოს წარდგენილი კვლევა კომისიამ დაიწუნა, რადგან საველე გამოკითხვები ჩატარებული იყო  2008 წლის აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ  ეს შედეგები ვერ იქნებოდა რეპრეზენტატული:

„ჩვენ მოვთხოვეთ ამ ორგანიზაციას ხელახლა ჩაატაროს კვლევა და გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში იქნება პასუხები. შესაბამისად, „ჰერეთისთვის“ ჩვენ უარი არ გვითქვამს, ვუთხარით რომ შეჩერდა კვლევის შედეგებამდე“, – აცხადებს პრესცენტრი.

თუმცა, კომუნიკაციების კომისიას საბოლოო ვადის დასახელება უჭირს და აღიარებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ კანონით“ გათვალისწინებული კვლევის ჩასატარებელი ვადები უკვე დარღვეულია.

„საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ“, ვკითხულობთ: “კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის მაძიებლებისათვის, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე –ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს”.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 2008 წლის 22 მაისს რადიო „ჰერეთთან“ ერთად ექვსი მედიასაშაულების (შპს „იგრიკას, შპს „სარკე კონსალტნგის,“ შპს „საქართველოს უნივერსიტეტის,“ შპს „ტელერადიოკომპანია თრიალეთის,“ შპს „ტელერადიოკომპანია ევრიკას,“ სსიპ „სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“) განცხადების წარმოება შეაჩერა. რადგან საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევა კომისიამ 2004 წლის 28 სექტემბერს ჩაატარა. კვლევის ჩაუტარებლად კი ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საზოგადოებრივი აზრის გამოსაკველევად დადგენილ ორწლიან ვადას არღვევს. თუმცა ტელეკომპანია “მაესტრომ”, რომლის განცხადების განხილვაც ასევე შეჩერებული იყო, სასამართლო დავისა და პარლამენტის თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ ლიცენზიის მოდიფიცირებას მიაღწია.  

თამარ კორძაია ტელეკომპანია „მაესტროს“ წარმომადგენელიც იყო სასამართლო დავებზე. ადვოკატი იხსენებს, რომ “მაესტროს“ „სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძვლად საერთოდ არ განიხილებოდა ის საფუძველი რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ“. მიუხედავად იმისა, რომ “მაესტროს” შემთხვევაშიც არ არსებობდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, მაინც დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა, რაც „არათანაბარი მიდგომის ძალიან კარგი მაგალითია.“

რაც შეეხება რადიო „ჰერეთის“ საქმეს, თამარ კორძაიას უჭირს თქმა, დააკმაყოფილებს თუ არა რეგიონული რადიოსადგური სალიცენზიო პირობებს თბილისში სამაუწყებლოდ, რადგან ჯერ კიდევ არ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევა დასრულებული. შესაბამისად, კომუნიკაციების  კომისიას ჯერ არ აქვს განსაზღვრული მაუწყებლობის პრიორიტეტები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი