სამართალი

რა იცვლება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობაში

4 აგვისტო, 2015 • 2062
რა იცვლება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობაში

კერძოდ, თუკი პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს მიიღებს, დაისჯება ადევნება, სტერილიზაციის იძულება, შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად სასამართლო აღარ იქნება საჭირო და ამ მხრივ პოლიციის უფლებამოსილება გაიზრდება; მასწავლებლები ვალდებულები იქნებიან, რომ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტის შესახებ და ა.შ.

კანონპროექტთან დაკავშირებით  კიდევ ერთი შეხვედრა NGO–ებთან და სამთავრობო უწყებებთან დღეს, 4 აგვისტოს გაიმართა. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით საჯარო დებატები გაგრძელდება, ხოლო კანონპროექტი პარლამენტში სექტემბერში შევა. 

მისივე განცხადებით, ამ რეფორმის შედეგად პარლამენტი უკვე შეძლებს, რომ  „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია შეძლოს. კონვენციას საქართველო 2014 წლის 19 ივნისს მიუერთდა. 

“20–მდე კანონში შევა ცვლილება, მთავარი მიზანი რა თქმა უნდა არს დამნაშავის სათანადოდ დასჯა, მაგრამ აქცენტი კეთდება აგრეთვე მსხვერპლის დაცვაზე, მათთვის გარანტიების მიცემაზე და რაც მთავარია, აგრეთვე პრევენციაზე, რადგან, როდესაც დანაშაული ხდება შემდეგ მხოლოდ რეპრესიით პრობლემა არ სწორდება,”– განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვა. ფოტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვა. ფოტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

შემაკავებელ ორდერს სასამართლო აღარ დაამტკიცებს

 

თეა წულუკიანის თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციას რეალური ბერკეტი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები და კაცები დაიცვან.

 

“ჩვენ გვინდა, რომ პოლიცია გაძლიერდეს კიდევ მეტად და შემაკავებელი ორდერი არ საჭიროებდეს მოსამართლის ჩარევას, რადგან როდესაც მოსამართლეს უნდა ველოდოთ, ამაში დრო გადის. პოლიციას რეალური ბერკეტი გვინდა შევძინოთ იმისთვის, რომ ქალია მსხვერპლი თუ მამაკაცი ოჯახში ძალადობის, ისინი იყვნენ დაცული,”– განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კანონპროექტით უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახდება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის შეზღუდვის დროებითი ღონისძიებაც.

 

მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციის ოფიცრის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლოს მიერ დამტკიცებას მოითხოვს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი, როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, სასამართლო ჩართულობა ამ საკითხში საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში.

 

მასწავლებლებს ექნებათ ვალდებულება, ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტის შესახებ პოლიციას მიმართონ

 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად კანონპროექტით გაფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია ან აქვს ვალდებულება,  სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. კერძოდ, ამის შესაძლებლობა ექნებათ საჯარო სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, მანდატურებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც.

 

საქართველოს განათლების სამინისტროს შენიშვნით, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ვალდებულება და არა უფლება, ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის თაობაზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, მოაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს. ეს შენიშვნა კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს. 

 

“ჩვენ გვინდა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, იქნება ეს სკოლაში თუ მის მიღმა, როდესაც ხედავენ, რომ ადამიანი, ვისთანაც მათ აქვთ შეხება, არის, ან შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ჰქონდეთ ვალდებულება, მითუმეტეს ბავშვის შემთხვევაში, რომ ეს შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს,”– ამბობს თეა წულუკიანი.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვა. ფოტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვა. ფოტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ადევნება დასჯადი ქმედება გახდება

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის (განურჩევლად სქესისა) ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. კანონპროექტით მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისათვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.

 

“ზოგს ჰგონია, რომ ადევნების მსხვერპლი შეიძება იყოს მხოლოდ ქალბატონი. არადა, ჩვენ ვიცით რამდენიმე შემთხვევა, მცირე, მაგრამ შემთხვევები, როდესაც პირიქით, მამაკაციც შეიძლება იყოს მეორე სქესის ადამიანის მხრიდან ადევნების მსხვერპლი, როდესაც მოსვენებას არ აძლევს ერთი ადამიანი მეორეს, ცდილობს ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიყენოს იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს,”– ამბობს იუსტიციის მინისტრი.

 

იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩამონათვალი

 

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ეს ჩამონათვალი მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ, რომელიც დღეს გამართულ კონსულტაციებსაც ესწრებოდა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ განსაკუთრებით პრობლემურია ყოფილი პარტნიორების ძალადობა ქალებზე და ეს საკითხი წარმოდგენილი ინიციატივით აუცილებლად მოგვარდება.

 

“ის ხარვეზები, რაც არსებობს დღეს ოჯახის წევრის ცნების განმარტებაში, რომელიც არ მოიცავდა ყოფილ პარტნიორს და აუცილებლად მხოლოდ იგულისხმება რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, ეს ხარვეზები აღმოიფხვრება და კანონი სრულად დაფარავს, შესაძლო მოძალადის თუ მსხვერპლის როლში ვინ შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებში,”– განაცხადა თამარ კორძაიამ

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვა. ფოტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვა. ფოტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

რეკომენდაციები

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კანონპროექტით შემოთავაზებულ “მსხვერპლის” და “მოძალადის” განმარტებაში გათვალისწინებულ იქნა უგულებელყოფა, როგორც ბავშვის მიმართ ძალადობის ერთ–ერთი ფორმა. 

 

თამარ კორძაია ამბობს, რომ ხდება არა მარტო ბავშვის, არამედ პირველ რიგში, მოხუცის ინტერესების უგულებელყოფა.

 

“ამიტომ, ვფიქრობ, თუ დავაზუსტებთ, ისე უნდა დავაზუსტოთ, რომ არცერთი ჯგუფი არ იყოს ამოვარდნილი, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები შეიძლება იყვნენ მოხუცები, შეიძლება – შშმ პირები, შეიძლება იყვნენ ბავშვები.  შესაბამისად, მათი ინტერესების უგულებელყოფაც უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული,”– ამბობს კორძაია.

 

კიდევ ერთ რეკომენდაციაზე საუბრობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ საბედაშვილი. საბედაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ვადები:

 

“მსხვერპლის სტატუსი ადამიანს მიენიჭოს 18 თვის ვადით. ეს მოხსნის იმ პრობლემას, რომ ვთქვათ შეუძლია ამ 18 თვის ვადაში თავშესაფარში განთავსდეს იმ ვადით, რაც მისთვის იქნება საჭირო. მსხვერპლად ყოფნა არ არის ისეთი მარტივი პრობლემა, რომ იმას 3 თვეში ან 6 თვეში მოევლოს და ადამიანს ჭირდება ცოტა დიდი დრო რეაბილიტაციისთვის,”– განაცხადა თამარ საბედაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

საბედაშვილის განცხადებით, ამ რეკომენდაციის ამოსავალი ის არის, რომ მსხვერპლის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და მისი უსაფრთხოება – დაცული.

 

საბედაშვილი ამბობს, რომ ზოგ ადამიანს საერთოდ არ ჭირდება თავშესაფარი, მაგრამ სჭირდება მსხვერპლის სტატუსი დაცვის გარანტიებიდან გამომდინარე:

 

“ამიტომ, ეს იქნება ინდივიდუალური მიდგომა. მსხვეროლის ინტერესიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ხშირად არ უნდა უწევდეს თავის სტატუსის განახლებაზე ზრუნვა,”– განაცხადა მან. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი