სამართალი

GDI ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შეუსრულებელ აქტივობებზე საუბრობს

28 ივლისი, 2015 • 1767
GDI ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შეუსრულებელ აქტივობებზე საუბრობს

GDI–ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის I და II თავების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეფასებას მოიცავს. ანგარიში ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

“საქართველოს 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის” პირველი თავი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით განსახორციელებელ ცვლილებებს გულსხმობს, ხოლო მეორე თავი – დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მართლმსაჯულების სისტემას. ეს გეგმა მოიცავს აქტივობებს, რომლებიც კონკრეტულ დროში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებმა უნდა განახორციელონ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება

GDI-ის გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ ამ სამოქმედო გეგმის პერიოდში განხორციელებული ცვლილებები არ ემსახურებოდა დეკლარირებულ მიზანს – ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წლის ოქტომბერში 2 წლით გადაიწია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გეოგრაფიული არეალის მთელ საქართველოზე გავრცელებამ; მომდევნო ცვლილებით კი, შეიკვეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ დანაშაულთა წრე.

 

GDI ანგარიშში აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები ცალსახად არ არის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის საშუალება.

 

“მოხდა არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერება, არამედ პირიქით, შესუსტება,”– ამბობს მშვენიერაძე.

 

ადამიანის უფლებათა სამოქმედი გეგმის პირველი და მეორე თავების შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია
ადამიანის უფლებათა სამოქმედი გეგმის პირველი და მეორე თავების შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია

შეჯიბრობითობის პრინციპისა და დაცვის მხარის უფლებების განმტკიცება

 

სამოქმედო გეგმის თანახმად, 2014 წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპისა და დაცვის მხარის  უფლებების განსამტკიცებლად, თუმცა, GDI აცხადებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო აქტივობები არ განხორციელებულა.

GDI–ის განცხადებით, ამ დრომდე დაცვის შეჯიბრობითობის პრინციპსა და დაცვის მხარის უფლებების განმტკიცების კუთხით სისხლის სამართლის პროცესში პრობლემები რჩება.

 

ერთ–ერთ ასეთ პრობლემად ანგარიშში დასახელებულია ის, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის პირველადი გამოკვლევის უფლება ბრალდების მხარეს აქვს მინიჭებული, რაც განხილული უნდა იყოს, როგორც ბრალდების მხარის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება.

გარდა ამისა,  გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ  განსხვავებით ბრალდების მხარისაგან, დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თუნდაც სასამართლოს აქტით ჰქონდეს წვდომა და  ამოიღოს ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემები.

“21–ე საუკუნეში შესაძლოა მტკიცებულებათა 80%–ს შეადგენდეს, თუ დოკუმენტურ მტკიცებულებაზეა ლაპარაკი,“– ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

ანგარიშში საუბარია მოწმეთა დაკითხვის ძველი წესის გაუქმებიც აუცილებლობაზეც:

“დაკითხვის ძველი წესი გაუმართლებელ უპირატესობას ანიჭებს ბრალდების მხარეს, ვინაიდან, დაცვის მხარისგან განსხვავებით, მას აქვს უფლება გამოძიების ეტაპზე დაიბაროს პირი საგამოძიებო ორგანოში, დაკითხოს იგი და მტკიცებულებად წარადგინოს მისი ჩვენება სასამართლოში. ამავე დროს, პირის გამოცხადება საგამოძიებო ორგანოში არის მისი ვალდებულება და დაცვის მხარეს არ აქვს არანაირი ბერკეტი, ჩაერთოს მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში დაბარებული პირის დაკითხვაში, “– აღნიშნულია GDI–ის ანგარიშში.

გეგმით გაწერილი ღონისძიებების შესრულების ვადები

ანგარიშის თანახმად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პასუხისმგებელი უწყებები ცდილობენ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვადების ბოლომდე გამოყენებას და დროულად არ ხდება დაგეგმილი ღონისძიებების გატარება.

“ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებები სახელმწიფო გეგმით დადგენილ ვადებში არ ან ვერ ახერხებენ სათანადო ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის, ეს იქნება საკანონმდებლო წინადადებების მომზადება, ან სხვადასხვა აქტივობების ინიცირება, ხოლო ზოგიერთი აქტიურობა არათუ ვადის გადაცილებით, არამედ ზოგადად არ შესრულებულა,“– ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

 

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამოქმედო გეგმაში მოცემული ინდიკატორები მიბმულია აქტივობასთან და არა მიზანთან. ამიტომაც,  შედეგად მიიღება პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან ფორმალურად განხორციელებულ აქტივობები, რომლებიც არ წარმოადგენს გეგმაში მოცემული მიზნის მიღწევის ეფექტიან საშუალებას;

 

მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ ინდიკატორები, რომლებიც მათ უნდა აძლევდეს საშუალებას შეფასდეს, მიაღწიეს თუ არა მიზანს, მხოლოდ რაოდენობრივი შეფასების საშუალებას იძლევა და ხარისხობრივ შეფასხებას დამატებითი მუშაობა ჭირდება.

 

“ანუ, სახელმწიფომ შეიძლება თქვას, რომ მან შეასრულა სამუშაო, რაც უნდა შეესრულებინა, თუმცა თუკი თავად სამუშაოს შინაარსობრივად გავზომავთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის სამუშაო პირიქით, მიზნის საწინააღმდეგოც იყო,”– ამბობს მშვენიერაძე.

სამოქმედო გეგმის განხორციელების პოზიტიური ასპექტები

GDI–ის ანგარიშში სამქომედო გეგმის  განხორციელების პროცესის პოზიტიურ ასპექტებზეც არის საუბარი.

 

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, პოზიტიურია დაზარალებულის უფლებების განმტკიცება სისხლის სამართლის პროცესში, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში საკვალიფიკაციო პალატა ჩამოყალიბდა.


დადებითად არის შეფასებული ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე მის განხორციელებაზე დაწესებული კონტროლის მექანიზმი და ადამიანის უფლებათა სამდივნოს საქმიანობაც. ასევე, ანგარიშში პოზიტიურად ფასდება ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის  სამდივნოს ფარგლებში NGO–ებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები და პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებისაგან მოისმინონ სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა.

 

“თუმცა “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ უარყოფითად აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მიერ მომზადებულ შუალედურ თუ საბოლოო ანგარიშშიპასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების მხოლოდ დადებითი კუთხით წარმოჩენის ფაქტს. მასში საერთოდ არ არის მითითებული ის აქტივობები, რომელთა განხორციელებაც ევალებოდათ შესაბამის უწყებებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადაში და არ განხორციელებულა, რაც ხსენებულ ანგარიშებს არასრულყოფილს ხდის,”– აღნიშნულია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი