სამართალი

10 379 საქმეს 20-წევრიანი დეპარტამენტი გამოიძიებს

14 მაისი, 2015 • 2426
10 379 საქმეს 20-წევრიანი დეპარტამენტი გამოიძიებს

 გასულ კვირას პარლამენტში მისულ პრემიერს მთავარ პროკურორთან შუამდგომლობა სთხოვა პარლამენტარმა შალვა შავგულიძემ. დეპუტატს ამ დეპარტამენტის მუშაობაზე კითხვები აქვს.

ანა ნაცვლიშვილი; შალვა შავგულიძე; არჩილ ჩოფიკაშვილი

ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი წარადგინა. ნადარეიშვილის მოადგილედ პროკურორი კოკა კაციტაძე დანიშნეს. პროკურატურის განცხადებით, „დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევა, ცემა-წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და ყველა ის დანაშაული, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.

 

ახალი დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული გამოიძიოს და შექმნას სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი: „მაგრამ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი. ეს დეპარტამენტი იმიტომ არ არის დამოუკიდებელი, რომ ის ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე, მაშინ როცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, საქართველოში მთავარი პროკურორი ვის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული“.

 

საია მიიჩნევს, რომ წინასწარი კონსულტაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე მსგავსი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნა არ არის გამართლებული: `ახირება არ არის ჩვენი პრეზენტაციაზე მისვლა, მაგრამ არც კი დავუპატიჟებივართ. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციების ჩართულობა, რომლებსაც წლების განმავლობაში მსხვერპლებთან ჰქონდა შეხება. ვფიქრობ, საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკა და უცხოელი ექსპერტების ამ პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია“.

საიამ დეპარტამენტს შეხვედრაც კი სთხოვა, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა – დეპარტამენტის თანამშრომლებმა არ მოისურვეს.
დეპარტამენტი დაკომპლექტდა 20 თანამშრომლით: დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე, 4 პროკურორი, 10 გამომძიებელი და 4 კოორდინატორი.
“კადრების შერჩევა მოხდა განსაკუთრებული სიფრთხილით. დეპარტამენტში გამომძიებლებლად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება. გამოსაძიებელი საქმეებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეპარტამენტში დაზარალებულთა კოორდინატორების დანიშვნის შესახებ, რომლებიც საქმის შედეგებით დაინტერესებულ დაზარალებულებს მუდმივ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, _ წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ყოფილ პროკურორებს „ძალიან გაუჭირდებათ ობიექტურად გამოიძიონ საქმეები, როცა მათ კოლეგებს უჩივიან. ეს არარეალურად ჩანს~. მისივე თქმით, პროკურატურის განცხადებაც მიუთითებს იმაზე, რომ მათთან დღემდე მუშაობენ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები აქვს.

 

დეპარტამენტში “სამართლიანობის აღდგენის” მოთხოვნით ბათუმიდანაც ჩივიან. ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მთავარ პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტს განცხადებით უკვე მიმართა, თუმცა მისთვის უცნობია რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგეს თუ არა: “ფაქტია, რომ ახალმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი მოლოდინი გააჩინა საზოგადოებაში და ეს მოლოდინები ვერ გაამართლა. არ შეიძლება ახალი დეპარტამენტისგან რაიმე განსაკუთრებულს ელოდო მაშინ, როცა პროკურატურაში არსებითი სახის რეფორმა არ გატარებულა, სასამართლოში არსებითად არაფერი შეცვლილა. სახელმწიფოსგან ეს შეიძლება იყოს დროის მოგების მიზნით გაკეთებული ერთგვარი მანევრი”.

ახალი დეპარტამენტის მუშაობის პრინციპზე კითხვები აქვს დეპუტატ შალვა შავგულიძესაც. ის “თავისუფალი დემოკრატების” წევრია, მანამდე კი ადვოკატად მუშაობდა. დეპუტატი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენის დანაპირებზე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულმა ოცნებამ” გასცა, პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს, როგორც კოალიციის შემადგენლობაში მყოფი პარტიის წევრი: “ხელისუფლებაში “ართული ოცნების” მოსვლის შემდეგ შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ცნობილი იყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის სახელით”. კანონპროექტი უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობას და ასევე, სამართლიანობის აღდგენას, სამართალწარმოების პროცესში დაშვებული უკანონობისა და უსამართლობის გამოსწორებას ისახავდა მიზნად“.

 

ამ კანონპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი პარლამენტიდან შალვა შავგულიძე იყო. კანონპროექტი, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ კიდევ უფრო დაზუსტდა, მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტში არ შეიტანა: „ეს იმით ახსნეს, რომ კანონპროექტის ამოქმედებას მოყვებოდა საქმეების გადასინჯვა, შესაბამისად, მოსალოდნელი რეაბილიტაციის მოთხოვნაც დაზარალებულებისგან. სახელმწიფო ბიუჯეტი ამ კანონიერი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ იყო მზად”.

 

იურისტი დეპუტატის შეხედულებით, როცა ხელისუფლება საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე, კონკრეტულად უნდა გაიწეროს რა შემთხვევაში როგორ მოიქცევა სახელმწიფო: „მაგალითად, თუ ქონება ჩამორთმეულია უკანონოდ და მიქცეული სახელმწიფო საკუთრებაში, ასეთ დროს როგორ უბრუნდება დაზარალებულს; თუ ჩამორთმეული გასხვისდა და ახლა ჰყავს კეთილსინდისიერი მყიდველი, ამ დროს რა ხდება? იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ რომელიმე პირს ქონება უკანონოდ ჩამოერთვა ამა თუ იმ სამართალწარმოების გამოყენებით, მიყენებული მატერიაული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას იღებდა თუ არა სახელმწიფო, თუ, უბრალოდ, საჩივრებს გამოიძიებდნენ და დაადგენდნენ, მაგალითად, რომ რომელიმე გამომძიებელმა აიძულა პირი და უკანონოდ ჩამოართვა ქონება. თუ გამომძიებელი მიეცემოდა პასუხისგებაში, თუ დადგება მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ რა მოხდება? ამ დეპარტამენტს კი, რომელშიც პროკურორები გაერთიანდნენ, დამატებითი უფლებამოსილება არ გააჩნია. ამიტომ გაურკვეველია, რაზე იღებს სახელმწიფო პასუხისმგებლობას“, – ამბობს შალვა შავგულიძე.

 

7 მაისს საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს შალვა შავგულიძემ შუამდგომლობა სთხოვა პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატს ურჩია კითხვები წერილობით გააგზავნოს პროკურატურაში. დეპუტატის ეს მოთხოვნა [პროკურორი მივიდეს პარლამენტში] მომდევნო საპარლამენტო სხდომაზე დღის წესრიგშია შეტანილი, თუმცა მთავარი პროკურორის დაბარებას საპარლამენტო უმრავლესობის ნებართვა სჭირდება. შალვა შავგულიძე ვარაუდობს, რომ მისი კოლეგები უმრავლესობიდან ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. შალვა შავგულიძემ კითხვა სამართლიანობის აღდგენასა და პროკურატურაში ახალშექმნილ დეპარტამენტზე პრემიერსაც დაუსვა. ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვებს არ უპასუხა. “არ მგონია სწორი იყოს პროკურატურის შესახებ განცხადებები პრემიერმა გააკეთოს. მთავრობას გვსურს გავემიჯნოთ პროკურატურის საქმიანობას, ესაა ჩემი მთავარი არგუმენტი“, – თქვა ღარიბაშვილმა.

 

პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. მან საზოგადოებას საჯაროდ უთხრა, რომ სამართლიანობის აღდგენას სწორედ ეს დეპარტამენტი მოახერხებდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში 52 530 საჩივარი შევიდა. აქედან გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ 10 379 საქმეზე, მათ შორის, ქონების უკანონო ჩამორთმევაზე შევიდა 697 საჩივარი, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე – 3 495, სხვა კატეგორიაზე -6 186 საჩივარი.

 

2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 367 საჯარო მოხელისა და მასთან გათანაბრებული პირის მიმართ, ამ სტატისტიკაში შედიან: გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი. პროკურატურის ინფორმაციით, სამოხელეო დანაშაულზე საქმის განხილვით გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 29 საქმეზე, სისხლის სამართლებრივი პასუხის განრიდება გაფორმდა 13 საქმეზე.
იურისტები ამბობენ, რომ შეუძლებელია, ახალშექმნილ დეპარტამენტში მომუშავე 20-კაციანმა საგამოძიებო ჯგუფმა ათიათასობით განცხადების შესწავლა მოახერხოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი