სამართალი

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა თეა სირაძე?

9 აპრილი, 2015 • 3468
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა თეა სირაძე?

თეა სირაძე სასჯელს რამდენიმე მუხლით იხდის, რომელთა შორის არის თაღლითობა, გამოძალვა და ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. თუმცა თვითონ მსჯავრდებული, ინდოეთის მოქალაქეების ცემის გარდა, სხვა მუხლებით წარდგენილ ყველა ბრალს უარყოფს. ამის შესახებ მან 25 მარტს ეკა ხოფერიას თოქ-შოუში განაცხადა. მისი მონაყოლის თანახმად, ინდოეთის მოქალაქეებს მისგან ფული ჰქონდათ წაღებული და არ უბრუნებდნენ. სირაძის თქმით, როცა ფულის გამოსართმევად მათ სახლში მიაკითხა, იქ ძალიან აგრესიული სიტუაცია დახვდა და იძულებული გახდა თავი დაეცვა. გადაცემაში თეა სირაძე ადასტურებს, რომ ხუთი ინდოელი მამაკაცი ძლიერად სცემა, თუმცა სხვა მუხლებით წარდგენილი ყველა ბრალს უარყოფს.

 

“არასწორი მუხლებით ვარ გასამართლებული და არაადეკვატური სასჯელი მომცეს”, – ამბობს იგი თოქ-შოუში.

 

თეა სირაძის საქმის შესახებ იმავეს აცხადებს კოალიცია “უფლებადამცველის” წარმომადგენელი ალექსანდრე ახალკაცი, რომელიც მსჯავრდებულის შეწყალების მოთხოვნით სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” აქტიურ კამპანიას აწარმოებს. ახალკაცი ამბობს, რომ თეა სირაძემ ნამდვილად “გალახა ხუთი ინდოელი სტუდენტი, რომლებმაც მას მიაყენეს შეურაცხყოფა და შეეცადნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ”.

 

“იგი აღიარებს თვითონვე, რომ ხუთივე ინდოელს სცემა, თან კარგად, გემრიელად სცემა, რასაც ჰქვია და ქართველი ქალის ღირსება დაიცვა”, – აცხადებს ახალკაცი “ნეტგაზეთთან” საუბარში. მისი თქმით, ცემის ეპიზოდის გარდა, სირაძის საქმე მთლიანად ფალსიფიცირებულია.

 

“საქმეში მერე უწერია უკვე თაღლითობა, ფულის გამოძალვა, მერე ხუთივე ეს ინდოელი ვითომ ჩატენა მანქანაში, წაიყვანა და სხვაგან სადღაც ჩამოყარა. საქმე ისაა, რომ სასამართლო დახურულად მიმდინარეობდა, ეს ინდოელი სტუდენტები სასამართლოზე არ მიუყვანიათ იმ მიზეზით, რომ ისინი საქართველოში აღარ იმყოფებოდნენ და ასე შემდეგ”, – ამბობს ახალკაცი.

 

იგი მიიჩნევს, რომ სასამართლო მაშინ ინდოელი სტუდენტების მიმართ ბრალის წაყენებას მოერიდა.

 

“ინდოეთიდან, მოგეხსენებათ, რამდენი სტუდენტი სწავლობს სამედიცინოზე, ესენიც  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ისინი ყოველწლიურად, თუ არ ვცდები, 3 ათას დოლარს იხდიან. გარდა ამისა, ტურისტული თვალსაზრისით გასაგებია, რომ ეს ძალიან დადებითი მოვლენაა, როცა უცხოელები ჩამოდიან საქართველოში სასწავლებლად, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანაში შემოდის კაპიტალი. მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფრის დიდებით კაპიტალი არ უნდა დავაყენოთ ჩვენს მოქალაქეებზე წინ, მით უმეტეს, როცა ისინი არ არიან მართლები, თუ ჩვენ ვართ წარმატებული სახელმწიფო”, – ამბობს ახალკაცი.

 

თეა სირაძის საქმის შესახებ განსხვავებულ ვერსიას იცნობს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. მისი  ინფორმაციით, ამ დანაშაულის ჩადენამდე სირაძე უკვე იყო მსჯავრდებული, მაგრამ იმის გამო, რომ მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მას სასჯელი გადაუვადეს.

 

“ამ გადავადების დროს მოხდა კრიმინირება იმ სასჯელის, რის გამოც იგი დღეს იხდის საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს რამდენიმე მუხლით, მათ შორის არის თაღლითობაც, გამოძალვაც, ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთაც, – აცხადებს ზვიად ქორიძე.

 

მისი თქმით, როდესაც სირაძე ხელახლა შეაბრუნეს საპატიმრო დაწესებულებაში, სასამართლომ მას მაღალი სასჯელი მიუსაჯა.

 

“მაგრამ შემდეგ მას შეეხო შეკრებითობის პრინციპის გაუქმება და ამნისტიის შესახებ კანონი, რის შედეგადაც, ეს სასჯელი შეუმცირდა და დღეს მას მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარზე ნაკლები”, – ამბობს ქორიძე.

 

კოალიცია “უფლებადამცველის” წევრმა ალექსანდრე ახალკაცმა თეა სირაძის შეწყალების მოთხოვნით 19 მარტს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში წერია:

 

“ქალბატონი თეა სირაძე სასჯელს იხდის 5 ინდოელი სტუდენტის გალახვისათვის, რომლებმაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. იგი დააკავეს 2009 წელს და 2010 წელს სააკაშვილი-კუბლაშვილის მარიონეტულმა სასამართლომ მას მიუსაჯა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა. შემდეგ ამინისტიამ მოაკლო 15 წელი და დაუტოვა 13 წელი. დღესდღეობით ქალბატონ თეას დარჩენილი აქვს 7 წელი. ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ ყველამ, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თაღლითი და კრიმინალი უცხოელები!”.


თეა სირაძე
თეა სირაძე

 

ამ მიმართვას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალექსანდრე ახალკაცი ამბობს, რომ მისი პირადი გვერდიდან ეს სტატუსი დაახლოებით 2000-ჯერ გაიზიარეს. კომენტარებში ჩანს, რომ ადამიანების უმრავლესობა განცხადების ტექსტის პათოსს იზიარებს და კომისიასა და პრეზიდენტს თეა სირაძის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

 

თუმცა, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, თავად მსჯავრდებულს პრეზიდენტისთვის შეწყალების თაობაზე სპეციალური განცხადებით 2014 წლის შემდეგ აღარ მიუმართავს.

 

“15 დეკემბრის შემდგომ ქალბატონ თეას ჰქონდა საშუალება, რომ შემოეტანა განცხადება შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის სახელზე. ბოლო კომისიის ჩათვლით, ეს განცხადება არ იყო შემოსული. ანუ, ბოლო კომისიაზე, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართა, მისი განცხადება არ იყო კომისიამდე მოსული”, – განმარტავს ზვიად ქორიძე.

 

2014 წლის ზაფხულში შეწყალების კომისიამ ერთხელ უკვე განიხილა თეა სირაძის განცხადება და მაშინ მის შეწყალებაზე კომისიას დადებითი რეკომენდაცია არ დაუდია. კანონის თანახმად, უარიდან 6 თვის შემდეგ პრეზიდენტს კვლავ შეუძლია განიხილოს იმავე მსჯავრდებულის განცხადება.

 

ამის შესახებ ალექსანდრე ახალკაცი ამბობს, რომ განცხადებას შეწყალების შესახებ თეა სირაძემ ხელი ორი კვირის წინ მოაწერა.

 

რაც შეეხება ფეისბუქზე დაწყებულ კამპანიას და მასზე გამოხმაურებებს, ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ “ძალიან იმპულსურია და ცოტა არაადეკვატურიც ის შეძახილები”, რომელიც სოციალურ ქსელში ისმის.

 

“ძირითადად არის აღტაცებული შეძახილები, სწორედაც ქსენოფობიურ ნიადაგზე. ბრავო – ასე მოიხსენიებენ ისინი კონკრეტულად ამ მსჯავრდებულს იმის გამო, რომ თითქოს მისი ხელით გაილახა ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე. ეს არ არის კარგი, რა თქმა უნდა. კომისია ამ ფორმით არ მსჯელობს, ასეთი გადაწყვეტილებები არ გამოაქვს. კომისია მსჯელობს დანაშაულის არსზე, სასჯელის ბუნებაზე და იმაზე, თუ როგორ ხდება კონკრეტული ადამიანების რესოციალიზაცია იქ დაწესებულებაში, რამდენად შეიძლება ამ ადამიანის თავისუფლებამ მომავალში მიაყენოს ზიანი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ავნოს კონკრეტულ ადამიანებს. აი, ეს დევს სასწორის სხვადასხვა პინაზე, როდესაც კომისია და პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას”, – აცხადებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.

 

მისი თქმით, თუ უდანაშაულობის ასპექტებზე მიდის საუბარი, ამისთვის სასამართლო არსებობს.

 

“თუ ქალბატონ თეას მიაჩნია, რომ მის მიმართ არის გამოყენებული ან არასწორი ბრალი, ან არასწორად არის წაყენებული სასჯელის ნორმა, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრაქტიკისთვისაც და მისი უდანაშაულობის დამტკიცებისთვისაც, რომ მან მიმართოს ახალი გარემოებებით პროკურატურას, საქმე ისევ სასამართლომ განიხილოს და დადასტურდეს, იყო თუ არა ეს ყველაფერი, რაც განაჩენშია აღწერილი, მართალი”, – ამბობს ქორიძე.

 

კოალიცია “უფლებადამცველის” წევრი ალექსანდრე ახალკაცი კი იმედს გამოთქვამს, რომ თეა სირაძე საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ ამის მისაღწევად სხვა გზებს მიმართავს.

 

“არ გამოვრიცხავ, რომ ჩემმა პროტესტმა უკიდურესი ზომებიც კი მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც ეკადრება ჰუმანურ სახელმწიფოს, ჰუმანურ ხელმძღვანელს, რომელმაც 2015 წელი გამოაცხადა ქალების წლად და ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის, რომ ამ აჟიოტაჟს გამოეხმაურება”, – აცხადებს ახალკაცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი