სამართალი

შსს: გავრცელებულ ვიდეომასალებს გენინსპექცია სწავლობს

28 იანვარი, 2015 • • 1124
შსს: გავრცელებულ ვიდეომასალებს გენინსპექცია სწავლობს

“ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ასახულია პატრულისა და მოქალაქის, ასევე პატრულისა და შსს-ს თანამშრომლის კადრები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.


გენერალური ინსპექცია შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ადგილი პატრულის მხრიდან კანონდარღვევას, განხორციელდა თუ არა მოქალაქის მხრიდან სატელეფონო ზარები შს სამინისტროს თანამდებობის პირებთან. ინსპექცია ასევე შეისწავლის იმ ფაქტს, თუ საიდან მოხვდა აღნიშნული ვიდეოკადრები გარეშე პირებთან.


შესწავლის შედეგად გამოვლენილი კანონდარღვევების მიმართ იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შს სამინისტრო რეაგირების გარეშე არ დატოვებს არც ერთ მსგავს ფაქტს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორც მოქალაქის, ასევე თითოეული პოლიციელის კანონიერი უფლებები და პატივი იყოს დაცული”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


ნაციონალური მოძრაობა დღეს მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც პარტიის მტკიცებით შსს-ს მაღალჩინოსანი, პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ბერიკაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იარაღით ემუქრება. ოპოზიციურმა პარტიამ გუშინაც გაავრცელა ორი ვიდეომასალა, რომელშიც მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი დაჯარიმაებისგან თავის დაღწევის მიზნით პატრულის თანამშრომლების დაშინებას საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით ცინარიძის სახელის გამოყენებით ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი