სამართალი

“ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოტანისთვის ემზადება

18 ოქტომბერი, 2014 • 1493
“ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოტანისთვის ემზადება

დაცვის მხარის თქმით, ჯონი ჯოხარიძე, რომელიც სპეცოპერაციის დროს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ახსოვს სპეცოპერაციის დეტალები, საიდანაც ბრალდებულთა დანაშაული იკვეთება, ვერ იხსენებს, რა ფერისა და ნომრის მქონე ავტომობილით სარგებლობდა 2006 წელს, ან მისი მობილური ტელეფონი რა ნომერი იყო.

 

დაცვის მხარე ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჯოხარიძე ორჯერ არაგეგმიურად დააწინაურეს და ახლა სიღნაღის პოლიციის უფროსია

 

“ანალიზი იმისა, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამის მიზეზი, თქვენთვის მომინდია,”- განაცხადა სასამართლოზე დაცვის მხარემ.

 

საქმე ეხება  2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც მოკლეს სამი ახალგაზრდა – მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე. საქმეში ბრალი ედებათ ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს.

 

ახალაიას ადვოკატის მტკიცებით, ციხიდან არაერთხელ გაქცეულმა, ნასამართლევმა გია გორგაძემ და ციხიდან გაქცევის მცდელობისთვის ნასამართლევმა დავით ლექვთაძემ 2006 წლის იანვარში კვლავ გადაწყვიტეს გაქცევა სხვა პატიმრებთან ერთად. ამისთვის კი მას ნათესავები უნდა დახმარებოდნენ. პატიმრები რომ არ გაქცეულიყვნენ და ციხეში არეულობა არ მომხდარიყო, ისინი №7 დაწესებულებაში გადაიყვანეს

 

“პროკურორი დასკვნით სიტყვაში ამტკიცებს, რომ არანაირი გაქცევა არ იგეგმებოდა, მაშინ, როდესაც გორგაძე ორჯერ იყო ციხიდან გაქცევისთვის ნასამართლევი, ხოლო ლექვთაძეს გაქცევის მცდელობა ერთხელ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პროკურორს მიაჩნია, რომ ასეთ წესიერ, პატიოსან პატიმრებს როგორ შეიძლებოდა თავში მოსვლოდათ აზრად ციხიდან გაქცევა,”- განაცხადა სასამართლოზე დაცვის მხარემ.

 

პროკურატურის ვერსიით კი, მას შემდეგ, რაც დათა ახალაიამ, გიორგი მაზმიშვილმა, ლევან ქარდავამ და “კუდის” სხვა თანამშრომლებმა უდანაშაულო ახალგაზრდები ჩაცხრილეს, ბაჩანა ახალაია მეგის ქარდავასთან და სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გაემართა რუსთავის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სასტიკად აწამა ახლად გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა, გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები.

 

დაცვის ადვოკატებს ასევე ეჭვი ეპარებათ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების ჭეშმარიტებაში, რადგანაც, მათი თქმით, ისინი კრიმინალები და ყაჩაღები არიან. დაცვის მხარე ამბობს,რომ ბრალდების მხარის მტკიცებით, ახალაიას მიერ ნაწამებ პატიმრებს: დავით ლევთაძეს, მიხეილ მანდალიას, ბერდია მესხს, მამუკა ბეჭვაიას, ვალერიან პაპავას და გია გორგაძეს  სხვადასხვა სახის კრიმინალი აქვთ ჩადენილი.

 

დაცვის მხარე ასევე ამბობდა, რომ  პროკურატურამ წარმოადგინა კიდევ რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც ახალაიას დროს გაუშვეს სამსახურიდან და მასზე განაწყენებული არიან.

 

“მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მიერ სასამართლოზე დაცვის  მიერ დაკითხული მოწმეები არიან კეთილსინდისიერი მოწმეები,  რომლებიც არ არიან ნასამართლევი, სუფთა წარსული აქვთ, სუფთა რეპუტაციის არიან,”- ამბობდა დაცვის მხარე.

 

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ეს ხალხი ნამდვილად იყო ნასამართლევი, მაგრამ ისინი არ უნდა ეწამებინათ.

 

“რადგან ეს ხალხი ნასამართლევი იყო და ციხეში იხდიდნენ სასჯელს, ამიტომ წამებას იმსახურებდნენ?”- თქვა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.

ბაჩანა ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332, 1441  333 მუხლით აქვს წარდგენილი, მეგის ქარდავას – 1441 და 333, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს – 109 და 333 მუხლით. სასამართლო “ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე განაჩენს 22 ოქტომბერს, 10 საათზე გამოაცხადებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი