სამართალი

ბრალდებული სააკაშვილი: ვისი ბრძანებით მონაწილეობდა ჯარი 7 ნოემბრის აქციის დარბევაში?

4 აგვისტო, 2014 • 3039
ბრალდებული სააკაშვილი: ვისი ბრძანებით მონაწილეობდა ჯარი 7 ნოემბრის აქციის დარბევაში?

საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად უფლებამოსილების გადამეტებას ედევება 7 ნოემბრის აქციის დაშლის, ასევე, ტელეკომპანია “იმედის” და ბადრი პატარკაციშვილის ეპიზოდებში. ბრალდების ერთ-ერთი ნაწილის მიხედვით, “2007 წლის 7 ნოემბერს, ქვეყნის მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც ემსახურებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეთა ხელახალი გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა”.

 

საიას წევრი, იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც 2007 წელს სახალხო დამცველის ოფისში მუშაობდა და ნოემბრის მოვლენების მომსწრეა, აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის, აქციის დაშლაში ჯარის მონაწილეობა აკრძალულია, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელსაც შეიარაღებული ძალების გამოყენების კანონიერი ბრძანების გაცემა შეეძლო, პრეზიდენტი იყო:

 

“მოდით, ამ საკითხს იმდროინდელი ხელისუფლების პოზიციიდან შევხედოთ. მაშინ ის მთავრობა თვლიდა, რომ ადგილი ჰქონდა მასობრივ არეულობას, იყო თუ არა ეს ასე, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ პოზიციას თუ მივყვებით, მასობრივი არეულობის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. თავდაცვის შესახებ კანონში კი  წერია, რომ საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სამხედრო ძალების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს. ანუ ასეთი სქემა არსებობს: თუკი ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და ამ შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება აქვს შეირაღებული ძალები გამოიყენოს, თუმცა ამისთვის პარლამენტის თანხმობა ესაჭიროება. 7 ნოემბერს კი, როდესაც აქციის დაშლა მოხდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ იყო. ეს გამოცხადდა ტელეკომპანია “იმედის” დახურვის შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათზე, როდესაც პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკეთა განცხადება. მანამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ ყოფილა. შესაბამისად, პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, რომ საგანგებო მდგომარეობის არარსებობის პირობებში შეიარაღებული ძალები გამოეყენებინა. ასევე, არ არსებობს პარლამენტის დადგენილება, რომელიც პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებამოსილებას ანიჭებს. შესაბამისად, საუბარია როგორც კონსტიტუციის, ასევე, საქართველოს კანონის თავდაცვის შესახებ დარღვევაზე”, – აცხადებს იურისტი.

 

იმის შესახებ, რომ აქციის დაშლის პროცესში სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ, საუბარია Human Rights Watch-ის მიერ 7 ნოემბრის აქციის დარბევის თემაზე მომზადებულ ანგარიშში: Crossing The Line, რომლის ერთ-ერთი ავტორი და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი გოგიაა, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს:

 

“უშუალოდ რიყეზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ანგარიშში არის ერთი მომენტი, როდესაც საუბარია იმაზე, რომ 2 ავტომობილი, რომლებიც სამხედროებით იყო დატვირთული, დარბევებში მონაწილეობდა. ფაქტია, რომ სამხედროები იქ იყვნენ, ამას თვითმხილველები მოწმობენ”, – ამბობს გოგია.

 

კონკრეტულად რომელი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ აქციის დაშლაში, Human Rights Watch-ს ეს საკითხი არ შეუსწავლია, რადგან გოგიას თქმით, იმ ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო:

 

“იმ დარბევაში მონაწილეობენდნ შავებში ჩაცმული ადამიანები, რომლებსაც ვერ ამოიცნობდი. მაშინ ჩვენ ამაზე იმდენად არ გაგვიმახვილებია ყურადღება, რამდენადაც თვითონ უშუალოდ ოპერაციაზე ვაკეთებდით აქცენტს. იქ დეტალურადაა განხილული, თუ რა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ეს არ იყო აქციის დაშლის ოპერაცია, რადგან მისი მიზანი მხოლოდ მიტინგის დაშლა არ ყოფილა. ჩვენი კვლევის მიხედვით, გაქცეულ ადამიანებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ, 10 ადამიანი ერთს სცემდა, რიყეზე გასაქცევი ადგილიც კი არ იყო დატოვებული და ალყა იქნა შემორტყმული, ანუ სადამსჯელო ოპერაციას უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი, ვიდრე აქციის დაშლის ოპერაციას. უამრავი ფაქტი იყო ძალის გადამეტების”, – იხსენებს გოგია, რომელიც მოვლენებს უშუალოდ ადევნებდა თვალს და პოლიციის მიერ გაშვებული ცრემლსადენი გაზითაც მოიწამლა.

 

“როდესაც პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ეს სპეცრაზმსაც რომ ეხებოდეს, აუცილებელია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაყენება. ჩვენი კვლევის შედეგად შეუძლებელი იყო იმ ადამიანების იდენტიფიცრება, არანაირი ნომერი, სამკერდე ნიშანი არ ჰქონდათ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო და ამაზე აქცენტს ვაკეთებდით. უნდა არსებობდეს სამკერდე ნომერი იმისათვის, რომ სპეცრაზმელის იდენტიფიცირება მოხდეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაყენების მიზნით. სმაწუხაროდ, ეს მაშინ შეუძლებელი იყო”.

 

იგივე პრობლემაზე საუბრობს იმდროინდელი სახალხო დმაცველი სოზარ სუბარი, რომელიც 2007 წლის საპარლამენტო ანგარიშში წერს:

 

“შეიარაღებული ფორმირებები სხვადასხვანაირად გამოიყურებოდნენ. პირველ ჯგუფს, რომელიც წინა ხაზზე იმყოფებოდა, ეხურა პლასტიკური ჩაფხუტები, ხელში ეკავა ფარები და რეზინის ხელკეტები. იქვე იმყოფებოდნენ შავ პიჯაკში და ჯინსებში გამოწყობილი პირები. მათ ერთ ნაწილს ზურგზე გაკეთებული ჰქონდა წარწერა: კრიმინალური პოლიცია. შავ ტანსაცმელში ჩაცმული პირების ნაწილს სახეზე ეკეთა ნიღბები. ჩაფხუტიანთა უკანა მხარეს იმყოფებოდნენ სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილი პირები. მათ ერთ ნაწილს სახეზე აირწინაღები ეკეთა. აქციის დასაშლელად გამოსულ არც ერთ შეიარაღებულ პირს არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნიშანი. რუსთაველის გამზირზე “იმედის” კორესპონდენტმა თეა ბოლქვაძემ აღმოაჩინა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ზაზა გოგავა. თავისუფლების მოედანზე თავმოყრილი იყვნენ თავდაცვის სამინისტროს ნომრიანი ავტომანქანები. ეს ფაქტი სპეცოპერაციაში თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მონაწილეობაზე უნდა მიუთითებდეს”.

 

სამხედრო კომპონენტისა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციას შორის კიდევ ერთ კავშირზე სახალხო დმაცველი კობა დავითაშვილის გატაცების ფაქტის კონტექსტში მიუთითებს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოჩნდა;

 

“7 ნოემბერს, ღამით სახალხო დამცველის სამი რწმუნებული ცდილობდა გორის ჰოსპიტალში შესვლას და კობა დავითაშვილთან შეხვედრას. სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს კანონის უხეში დარღვევით რწმუნებულებს უარი უთხრეს ჰოსპიტლის ტერიტორიაზე დაშვებაზე. ასეთ პირობებში უცნაურია, როგორ მოახერხეს გაურკვეველმა პირებმა კობა დავითაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსება”.

 

მონაწილეობდა თუ არა ჯარი აქციის დაშლაში და თუ ეს ასე იყო, ვინ გასცა ამის ბრძანება? – ამ კითხვებზე პასუხები პროკურატურამ უნდა გასცეს შესაბამისი სამხილებით, როდესაც ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი დაიწყება. მანამდე კი, სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გამოძიებას მისი დაცვის ქევშ მყოფის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნია. მისი თქმით, აქციის დაშლის პროცესში ჯარი არ ყოფილა ჩართული და ეს არც იმ მასალებიდან დასტურდება, რომელიც პროკურატურამ მას გადასცა:

 

“ის, რომ ჯარმა აქციის დაშლაში მიიღო მონაწილეობა, არის მტკნარი სიცრუე, ტყუილია და საქმეში ასეთი მტკიცებულება არ დევს. აქციის დაშლაში ჯარს მონაწილეობა არ მიუღია”, – ამბობს ადვოკატი და დასძენს, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი. მისი არგუმენტი ასეთია:

 

“თუ აქციის დაშლისას ვიღაცამ ძალას გადაამეტა და განსაკუთრებული დაზიანება მიაყენა მოქალაქეს, ამ შემთხვევაში რატომ არ ხდება კონკრეტული პირების გამოვლენა, ვინც კანონი დაარღვია?! იმიტომ, რომ ხელისუფლების  სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. რატომ არ არის არც ერთი ის პირი პასუხისგებაში მიცემული, ვინც, ვთქვათ, მიტინგის დროს განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა. ამიტომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული”, – ამბობს ადვოკატი.

 

პროკურატურაში კი კახიძეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ არაერთი სამხილი არსებობს, რომელსაც შესაბამისი პროკურორები სასამართლოში წარმოადგენენ:

“საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეოჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, მტკიცებულებათა გაცვლა ბრალდებულების ადვოკატებთან მოხდა 2014 წლის 29 ივლისს, შესაბამისად, დაცვის მხარის განაცხადება გაცვლიდან მეორე დღეს მტკიცებულებათა არარსებობის შესახებ არასერიოზულია და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”.

საქართველოს ჯარი თბილისის ცენტრში. @ EPA/ZURAB KURTSIKIDZE/07/11/2007
საქართველოს ჯარი თბილისის ცენტრში. @ EPA/ZURAB KURTSIKIDZE/07/11/2007

მასალების გადაბეჭდვის წესი