სამართალი

მოწმე: მერაბიშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებთან ერთად იქეიფა

18 ივნისი, 2014 • • 1277
მოწმე: მერაბიშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებთან ერთად იქეიფა

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მაშინდელმა შსს-მ ამავე უწყების ოთხი თანამშრომელი – გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე დააკავა. როგორც ვახტანგ იმედაშვილი ყვება, იმ პერიოდში, როცა აღნიშნული პირები მათთან გადაიყვანეს, იზოლატორი პარალიზებული იყო:

 

“მე დამირეკა ხიზანიშვილმა, გაათავისუფლეთ საკნები, 4 დაკავებული მოგვყავსო, მე შევასრულე ბრძანება და #7-ე საკანში გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები შეასახლეს. კუდი-ს თანამშრომლებმა მოიყვანეს და მერეც სულ კუდი-ს თანამშრომლები ადგნენ თავზე”, – განაცხადა დაკითხვისას ვახტანგ იმედაშვილმა.

 

მისი თქმით, ბრალდებულების იზოლატორში მიყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ იქ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც მივიდა, რომელმაც დაკავებულებთან ერთად იქეიფა:

 

“მათი შემოსახლებიდან რამდენიმე საათში რაციაზე გადმომცეს, მინისტრი მოდისო. მოვიდნენ ვასილ სანოძე, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი, ვანო მერაბიშვილი და შოთა ხიზანიშვილი. მინისტრმა მკითხა, ბიჭები როგორ არიანო, ვუპასუხე, რომ კარგად. ჩემს კაბინეტში შევიდნენ. გამოიყვანეთ დაკავებულებიო, როცა მიიყვანეს, მე გამოვედი და გვერდით, კანცელარიის ოთახში ვუცდიდი”, – ყვება მოწმე. მისი თქმით, მის კაბინეტში მალე საჭმელი და ალკოჰოლური სასმელი შეიტანეს, ამის შემდეგ კი ოთახიდან სიცილის ხმა გამოდიოდა.

 

“სადღეგრძელოების ხმა და საუბარი არ გამიგია, სიცილის ხმა გამოდიოდა. როცა წავიდნენ, ოთახი მე დავასუფთავე. ალკოჰოლური სასმელი იყო და პროდუქტი. დაკავებულებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ”, – აცხადებს მოწმე. მისი თქმით, ამის შემდეგ ბრალდებულები იზოლატორში 2 ღამე დარჩნენ. მათ საკანთან მუდმივად იყვნენ კუდის თანამშრომლები, რომლებსაც პირი, ზედმეტსახელად “მასტერა” კურირებდა. მოწმის განცხადებით. დაკავებულებთან დღეში 2-ჯერ მაინც მიდიოდა დათა ახალაიაც.

 

“გვითხრეს, რომ არაფერი არსად არ უნდა გვეთქვა. არანაირი სიტყვა, ოჯახში არანაირი ლაპარაკი, თორე ყველას გვაგებინებდნენ პასუხს. 13 წელი იზოლატორის უფროსი ვიყავი და არასდროს ასეთი რამე არ მინახავს, ჩემს კაბინეტში მინისტრს არასდროს უქეიფია”, – აცხადებს ვახტანგ იმედაშვილი.

 

პროკურორის შეკითხვაზე, თუკი იზოლატორში დაკავებულები განსაკუთრებულ პირობეში იყვნენ და კანონდარღვევა ხდებოდა, ის რატომ მონაწილეობდა უკანონო ქმედებაში, მოწმემ უპასუხა:

 

“მინისტრის ბრძანება იყო, იმ დროს მინისტრის ბრძანება რომ არ შემესრულებინა, ახლა ამ ტრიბუნასთან კი არ ვიქნებოდი, ან მიწაში ვიწვებოდი, ან ციხეში ვიქნებოდი”.

 

დღევანდელ პროცესზე წინასწარი დაკავების იზოლატორის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაიკითხა, მათ იზოლატორის მაშინდელი უფროსის ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები დაადასტურეს. მათ შორის ერთ-ერთმა, თამაზ მაზანიშვილმა განაცხადა, რომ პირადად ნახა დაკავებულებთან მისული დათა ახალაია და სოსო თოფურიძე. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ბრალდებულები იზოლატორში იმყოფებოდნენ, ყველა თანამშრომელმა ბრძანება მიიღო, რომ შენობაში შემოვიდოდნენ და გავიდოდნენ კუდი-ს თანამშრომლები და მათთვის ხელი არ შეეშალათ.

 

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არიან ივანე მერაბიშვილი, ოლეგ მელნიკოვი, გერონტი ალანია და ვალერიან მეტრეველი. დღევანდელ პროცესს არც ერთი ბრალდებული არ დასწრებია.

 

ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი