სამართალი

ვინ თაღლითობს “მოგებული ჯეკპოტის საქმეში”?

28 აპრილი, 2014 • • 4246
ვინ თაღლითობს “მოგებული ჯეკპოტის საქმეში”?

ლატარიის კომპანიის მმართველის, შპს „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორ დავით ი–ს ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებული ბრალის აღიარებას არ აპირებს. ჭკადუას განცხადებით, კიბერდანაშაულის საქმეზე, რომელიც შსს–მ 26 აპრილს გახსნილად გამოაცხადა, საქმის გარემოებების არგასაჯაროების მიზნით, მას შესაბამის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, თუმცა დღემდე არ იცის, რატომ მოხდა ეს. მისი თქმით, საქმეში, რომელიც საკმაოდ დიდ ფულს ეხება, ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს, თუმცა გამოძიება ამ დეტალებზე საუბრის საშუალებას მას არ აძლევს:

 

“მე ვფიქრობ, რომ კომპანია მიზანმიმართულ ქმედებებს ახორციელებს. კომპანიის დირექტორი [ლევან ჩიკვაიძე] არის დაკითხული ამ საქმეზე. მე მისი ჩვენების გასაჯაროების უფლება არ მაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან საეჭვოა მისი ჩვენება. ზოგადად საქმის გარემოებები არის ძალიან საეჭვო”, – ამბობს ირმა ჭკადუა.


 

შსს–ს ოფიციალური ვერსიით, დაკავებული დავით ი. ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილთან ერთად უკანონოდ ცდილობდა საქართველოს ლატარიის კომპანიის ჯეკპოტის დაუფლებას, რომლის ოდენობაც 561 176 ლარს შეადგენს. კერძოდ, უწყების მტკიცებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე, დავით ი-სთვის ცნობილი გახდა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პირველი კატეგორიის პრიზის მომგებიანი ციფრები – 5, 9, 15, 19, 30, 32.  მან ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, ვინაიდან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდა შესაბამის სერვერთან და ხელოვნურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეცვალა კომპიუტერული მონაცემი და შექმნა უნიკალური კოდის მქონე ლოტოს მომგებიანი ყალბი ბილეთი, რომელშიც მითითებული იყო ზემოაღნიშნული ციფრები. შემდეგ ეს ყალბი ბილეთი ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილს გადასცა, რომელიც ჯეკპოტს უნდა დაუფლებოდა.

 

სოფო ყარალაშვილიც და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი დავით ი–ც [ადვოკატის მეშვეობით] კატეგორიულად უარყოფენ, რომ ერთმანეთს საერთოდ იცნობდნენ. ყარალაშვილი ნეტგაზეთთან “მომგებიანი ბილეთის” შეძენის ასეთ ისტორიას ჰყვება:

 

“ეს ბილეთი ვიყიდე 18 აპრილს, წერეთელის გამზირზე, ჩემს სახლთან ახლოს. ეს ჯიხური ზუსტად რესპუბლიკა ბანკის პირდაპირ მდებარეობს. სიგარეტს ვყიდულობდი და ხურდაში მოვითხოვე “გადაფხიკე და მოიგეს” ბილეთი, თუმცა გამყიდველმა მითხრა, დღეს ჯეკპოტი თამაშდება და ლოტოს ბილეთი აიღეო. გამოვართვი ეს ბილეთი. შემდეგ გვიან გამახსენდა მისი არსებობა, ლოტოს გათამაშება გადახვევის რეჟიმში ვნახე ინტერნეტით და აღმოჩნდა, რომ ექვსი ციფრი დაემთხვა. იმავე ღამეს მივხვდი, რომ რაღაც თანხა მოვიგე, მაგრამ ზუსტად ვერ მივხვდი, რა თანხა. იმ ღამესვე ცდილობდა ჩემი სიძე ლატარიის კომპანიაში დარეკვას, მაგრამ არავინ უპასუხა. მეორე დღეს დავრეკე ლატარიის კომპანიაში, მომილოცეს და სამშაბათს პრეზენტაციაზე დამიბარეს. იმავე დღეს ფეისბუკზე ამ კომპანიის ერთ–ერთი თანამშრომლისაგან მომივიდა შეტყობინება, რომელმაც ასევე მომილოცა. ორშაბათს როცა დავურეკე, ძალიან გაურკვეველი პასუხი მივიღე: ხან მითხრეს, რომ გადაიდო [დაჯილდოების ღონისძიება], ხან მითხრეს, რომ ალაფურშეტისთვის ემზადებიანო, მოკლედ პასუხი იყო – “არ ვიცით”. ამის შემდეგ მე მივმართე ადვოკატს და მასთან ერთად მივედი ლატარიის კომპანიაში საკითხის გასარკვევად, ეს მოხდა 26 აპრილს. იქიდან გამომიშვეს და დამიბარეს ორშაბათს, მაგრამ ამ ორშაბათამდე არავინ დამაცადა, იმავე დღეს დამიბარეს მოდულის შენობაში  და ბრალი წარმიდგინეს”.

 

სოფო ყარალაშვილი ამბობს, რომ ბილეთი გამოძიებას გადასცა და ამ საკითხზე დამატებით საუბრისაგან თავს იკავებს. სამაგიეროდ, ირმა ჭკადუა ამბობს ნეტგაზეთთან, რომ ამ მნიშვნელოვანი მტკიცებულების შენახვა კანონის შესაბამისად არ მომხდარა და მისი ინფორმაციით, ყარალაშვილს არ დაუნახავს, როგორ დაილუქა ბილეთი:

 

“შესაძლებელია მათ ის ბილეთი გამოცვალეს ან ნიშნები წაიშალა. ვინაიდან მის თვალწინ არ მომხდარა ბილეთის დალუქვა”.

 

ჭკადუას განცხადებით, საქმეში ასევე დევს იმ ჯიხურის გამყიდვლის ჩვენება, რომელზეც ყარალაშვილმა მიუთითა. ადვოკატის თქმით, იგი დეტალებს ვერ გაასაჯაროებს, თუმცა ამ ყველაფრიდან ერთი რამ ირკვევა: ბილეთი ნამდვილად აღნიშნულ ჯიხურიდანაა გაყიდული.

 

სოფო ყარალაშვილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ კომპანიას საკმაოდ დიდი ჯეკპოტის გაცემა არ სურს და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. ბრალდებული ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყება კომპანიას შეჰყავს შეცდომაში.


საქართველოს ლატარიის კომპანიის წილის 70 პროცენტის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო 30 პროცენტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ლექსორ კაპიტალ კორპი” ფლობს, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. წინა ხელისუფლების პირობებში აქტიურად ვრცლდებოდა ინფორმაცია ზემოხსენებულ კომპანიასა და დავით კეზერაშვილს შორის კავშირების თაობაზე, თუმცა ეს უკანსკნელი ამას უარყოფდა. ნეტგაზეთის შეკითხვას, ლატარიის კომპანიის რომელ ნაწილს გულისხმობს იგი თავის ეჭვში: სახელმწიფოს, თუ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ “ლექსორ კაპიტალ კორპს”, ყარალაშვილი ასე პასუხობს:

 

“ამაზე ვერაფერს გეტყვით, მე ბევრი ეჭვი მაქვს. ერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ კომპანიას ამ თანხის გაცემა არ უნდა. ვისი ინტერესებია ეს: “70 პროცენტის” თუ “30 პროცენტის”, აი, ამაზე საუბარი ჯერ არ შემიძლია”.

ჯეკპოტთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ საქართველოს ლატარიის კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ–გვერდზე ლოტოს უკმაყოფილო მოთამაშეების კომენტარები მომრავლდა. მათ მოეჩვენათ, რომ ფრაზა: “დავით ი-სთვის ცნობილი გახდა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პირველი კატეგორიის პრიზის მომგებიანი ციფრები” – პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია თაღლითობს და მომგებიანი ციფრები არა შემთხვევითობის საფუძველზე იყრება ლოტოტრონის მიერ, არამედ მათ კომპიუტერული სისტემა წინასწარვე განსაზღვრავს:

“ლატარია იმართება 20 საათსა და 50 წუთზე. კითხვა: როგორ და რატომ გახდა ციფრები ცნობილი ბატონი დავითისთვის ლატარიის ჩატარებამდე? რა გამოდის, წინასწარ აქვთ განსაზღვრული, რომელი ციფრები უნდა ამოვიდეს?”, – წერს ფეისბუკის ერთ–ერთი მომხარებელი.

 

“აქედან გამომდინარე, ყველა ბურთულის ნომერი, რომელიც ვითომ შემთხვევით ამოდის, წინასწარ არის ცნობილი?” – წერს მეორე.

 

ზოგიერთი მათგანი კომპანიასაც ექომაგება:

 

“ლოტოში ჩაწყობა არ ხდება. ჩვენ ხშირად ვიგებთ და ლოტოს კომპანიაში არც ნაცნობები გვყავს და არც ნათესავები. ეს უბრალოდ იღბალია და მეტი არაფერი”.

 

ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა საქართველოს ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებისათვის კითხვების დასმა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება პრესკონფერენცია, ან გაკეთდება განცხადება, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს.


“ნეტგაზეთი”  ასევე დაუკავშირდა “საქართველოს ფოსტის” შესაბამის წარმომადგენელსაც, თუმცა აღნიშნულ კომპანიაში ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს. “საქართველოს ფოსტა” – სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორია. ამასთან, ფოსტის მენეჯმენტის წარმომადგენლები ერთ-ერთი მსხვილი შემწირველები არიან კოალიცია “ქართული ოცნების”. მაგალითად, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ “ქართულ ოცნებას” 2013 წელს 20 ათასი ლარი შეწირა.


სოფო ყარალაშვილის და დავით ი–ს საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა 6 ივნისიდან დაიწყება. ყარალაშვილის თქმით, იგი “მოგებულ ფულზე” უარის თქმას არ აპირებს და ბრძოლას ყველა სამართლებრივი საშუალებით გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი