სამართალი

ლუკა კურტანიძე: არავის ვუსურვებ ისეთ დამცირებას, რაც 26 მაისს გადავიტანე

28 იანვარი, 2014 • • 2402
ლუკა კურტანიძე: არავის ვუსურვებ ისეთ დამცირებას, რაც 26 მაისს გადავიტანე

დღეს, 28 იანვარს, ლუკა კურტანიძესთან ერთად პროცესზე პარლამენტარები- ზაზა პაპუაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე დაკითხეს.

როგორც  ლუკა კურტანიძემ სასამართლოს განუცხადა, 26 მაისს ის სპეცდანიშნულების რაზმის ათამდე წევრმა დააკავა:

“სანამ დამაკავებდნენ, ჩემს სახელს აცხადებდნენ, ალბათ დაბარებული ჰქონდათ ჩემი დაკავება. ათი ადამიანი ერთდროულად მოვიდა, ოთხი ხელბორკილი დამადეს, მგონი, შეეშინდათ, რომ წინააღმდეგობას გავუწევდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, 33 წელია მებრძოლი ადამიანი ვარ და ვიცი, რა დროს აღარ აქვს აზრი წინააღმდეგობას. ამის შემდეგ ხელკეტებით დაიწყეს ჩემი ცემა, ბრძანება ჰქონდათ ჩემი მაქსიმალური დასახიჩრების და ამით სხვების დაშინების”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ დაკითხვისას. მისი თქმით, დაკავების შემდეგ ის თავისუფლების მოედანზე, შემდეგ კი დიღომში მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს:

“თავისუფლების მოედანზე რომ გამიყვანეს, ძირს დამაგდეს და მათრიეს მოედნის გარშემო, როგორც გვამი. შემდეგ წამიყვანეს დიღომში. რაც მოხდა რუსთაველზე, ის არაფერი არ იყო იმასთან შედარებით, რაც დიღომში მოხდა. ყველა სართულის დერეფანი სისხლით იყო მორწყული, მე ქალის კივილი გამიგია, მაგრამ კაცის კივილი იქ პირველად გავიგე. ლიდერებს და აქტიურ პირებს ყველას დასანახად ამცირებდნენ, მათ შორის მეც. შემდეგ კი ქვემოთ, განსაკუთრებულ ოთახში გადამიყვანეს”

ლუკა კურტანიძის თქმით, განცალკევებულ ოთახში მასზე ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა:

“ბევრი რამ შედის ფიზიკურ შეურაცხყოფაში, ის, რაც შეიძლება ადამიანმა ვერც მოიფიქროს. არავის არ ვუსურვებ იმ დამცირებას, რაც მე იქ გადავიტანე”, – განაცხადა კურტანიძემ. მან ემოციური ფონის გამო ამ თემაზე სხვა შეკითხვებს ვერ უპასუხა.

 

კურტანიძე მიიჩნევს, რომ სამაგალითოდ დასაჯეს, რათა მომავალში ყველას სცოდნოდა, რა მოელოდათ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებებს შეეწინააღმდეგებოდნენ. მისივე თქმით, ის ამ დღის შემდეგ 2 კვირა უგონოდ იყო და მხოლოდ ეკლესიაში წასვლით და სასულიერო პირებთან ურთიერთობით შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა.

ლუკა ლურტანიძე
ლუკა ლურტანიძე

ლუკა კურტანიძეზე განხორციელებულ ძალადობაზე დაკითხვისას სოსო ჯაჭვლიანმაც ისაუბრა:

“მე ვნახე ლუკა, რომელიც წელს ზემოთ იყო გახდილი და პოლიციელები მასთან ერთად სურათებს იღებდნენ, შემდეგ ასე შიშველი გაიყვანეს გარეთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

ჯაჭვლიანი და კურტანიძე მიიჩნევენ, რომ 26 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია წინასწარ კარგად იყო დაგეგმილი. დაკითხვისას ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ სპეცრაზმის წევრებს რაციები ჰქონდათ, რომლის საშუალებითაც ბრძანებას იღებდნენ, შემდეგ კი ასრულებდნენ:

“ჩემი აზრით, ეს იყო სპეციალურად დაგეგმილი, დამუშავებული სპეცოპერაცია. ყველა ქუჩა ჩაკეტილი იყო, ადამიანებს არსაიდან არ შეეძლოთ გასვლა. მე მიკვირს, საიდან მოდიოდა მათგან ამხელა აგრესია. მეორე დღეს სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა მომისაჯა და ამ ერთი თვის მანძილზე 31 კილო დავიკელი, ძნელი იყო იმაზე ფიქრი, რაც იმ დღეს ვნახე”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

მოწმეებმა ასევე განაცხადეს, რომ სპეცრაზმი მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა:

“მე ვიდექი პირველი სკოლის წინ, როცა ვიღაცამ დაიძახა, ჯარი მოდისო. გამოვედი და დავინახე, როგორ მოდიოდნენ, ნიღბებით და აირწინაღებით. ისროდნენ რეზინის ტყვიებს დამიზნებით. მე ორი ტყვია მომხვდა. შემდეგ გაუშვეს გაზი, იმდენად დაიხუთა ჰაერი და ისეთი ნისლი დადგა, რომ სუნთქვა არ შეიძლებოდა. ერთი პერიოდი იმასაც კი ვფიქრობდი, რომელიმე საბურავთან მივხოხდები და რამენაირად შიგნიდან ჰაერს გამოვუშვებ, რომ შევისუნთქო-მეთქი, რა თქმა უნდა, არ გამომივიდა”, – განაცხადა დაკითხვაზე ზაზა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ის აქციის დარბევისას არ შესულა კინოთეატრ რუსთაველში, სადაც მომიტინგეების დიდმა ნაწილმა შეაფარა თავი. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მან სხვა პირებთან ერთად თითქმის ყველა ქუჩიდან სცადა ტერიტორიის დატოვება, მაგრამ ვერ მოახერხა, ამიტომ დაახლოებით 10 ადამიანთან ერთად ერთ–ერთი შენობის მიტოვებულ ოთახში დაიალვა გადაწყვიტა და დილამდე იქ იყო.

იმის თაობაზე, რომ სპეცრაზმს ტერიტორია ალყაში ჰქონდა მოქცეული და აქციის მონაწილეებს ადგილის დატოვების საშუალებას არ აძლევდ,ა ისაუბრა სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომელმა ბექა ჯავახაძემაც. 26 მაისს ის აქციის მონაწილეებთან ერთად დააკავეს:

“სანამ სპეცრაზმი შემოვიდოდა, მე მინდოდა დამეტოვებინა ტერიტორია, ავედი პარლამენტის გვერდით ქუჩაზე, მთელი ქუჩა გადაკეტილი ჰქნდა სპეცრაზმს, ამის შემდეგ სხვა ქუჩით ვცადეთ გასვლა, პარლამენტის შენობის მეორე მხარეს, იქაც სპეცრაზმი დაგვხვდა, იგივე სიტუაცია იყო 9 აპრილის ქუჩაზეც, ამიტომ თავი შევაფარეთ კინო რუსთაველის შენობას. როცა სპეცრაზმი შემოვიდა, ვამბობდი, რომ სახალხო დამცველის თანამშრომელი ვიყავი, მაგრამ არ მქონდა ბეჯი, ამიტომ ყველანაირი ახსნა–განმარტების გარეშე დამაკავეს, დამადეს ხელბორკილები, ჩემ გვერდით ცემდნენ ჟურნალისტებსაც და აქციის მშვიდობიან მონაწილეებსაც”, – განაცხადა ბექა ჯავახაძემ.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მოწმეებს დღეს რამდენიმე მსგავსი შეკითხვა დაუსვა. მათ შორის იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა აქციის მონაწილეებს მომარაგებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები. მოწმეებმა განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენიათ.

დაცვის მხარე ასევე დაინტერესდა, ხომ არ ახსენებდნენ სპეცრაზმის წევრები დაღუპულ პოლიციელს და ხომ არ იყო მათი აგრესია პოლიციელის დაღუპვით გამოწვეული. ოთხივე მოწმემ აღნიშნულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ პოლიციელის დაღუპვის ფაქტი მოგვიანებით ტელევიზიით შეიტყვეს, მიუხედავად ამისა, პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ერთი პოლიციელის დაღუპვის შემდგომ სხვა პოლიციელები უფრო აგრესიულები გახდნენ, ვინაიდან, ბუნებრივია, როდესაც მათი კოლეგა მომიტინგეების და მიტინგის ორგანიზატორების მხრიდან იქნა მოკლული, გასაგებია, რომ მათი მხრიდან აგრესია გაიზარდა”

პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა კი აღნიშნა, რომ დაცვის მხარე მოწმეთა ჩვენებებს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს:

“მოწმეებმა დღეს დაადასტურეს, რომ რუსთაველის გამზირზე, 26 მაისს, მომიტინგეები მოქცეულნი იყვნენ ალყაში და მათ არ ჰქონდათ დატოვებული გასასვლელი. ასევე დაიკითხა სახალხო დამცველის  წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ პოლიციელთა მხრიდან აღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგებოდა არა მარტო შიდა კანონმდებლობას, არამედ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს. მართალია, დაცვის მხარე აღნიშნულ ჩვენებებს განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ამას ვერსად გავექცევით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

მომდევნო სხდომა 3 თებერვალს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. სხდომაზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი