სამართალი

ბათუმში სტუდენტებმა იეჰოვას მოწმეებს სცემეს

25 ოქტომბერი, 2013 • 4220
ბათუმში სტუდენტებმა იეჰოვას მოწმეებს სცემეს

კახაბერ კუტალაძეს, გიორგი წიქარიშვილსა და მურმან მიქელაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა სტუდენტებმა მიაყენეს, ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ იეჰოვას მოწმეების იურისტმა, იურიდიული ფირმა „კანონიერება და სამართლის“ წარმომადგენელმა მანუჩარ ციმინტიამ დაუდასტურა. ინციდენტის თვითმხილველები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.  

 

სამივე დაზარალებული ამ დროისათვის საპატრულო პოლიციის განყოფილებაშია. ერთ-ერთ მათგანი, კახაბერ კუტალაძე ამბობს, რომ დღეს მათთან მივიდნენ სტუდენტები, ბესო გოგოტიშვილის ხელმძღვანელობით.


„დაახლოებით 30 ადამიანი იქნებოდა, ნასვამი იყო უმრავლესობა.  ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და თქვენ არა გაქვთ უფლება, რომ აქ დადგეთ და გაავრცელოთ ლიტერატურა, კანონს არღვევთო. მე ვუთხარი, თუ კანონს ვარღვევთ, აგერ არიან სამართალდამცავი ორგანოები და ისინი გაარკვევენ, თუ არა გვაქვს უფლება, გვეტყვიან და გადავალთ  აქედან-მეთქი. აშკარად ჩხუბი უნდოდათ, ამ მოტივით იყვნენ მოსულები. ჩვენ სამი ვიყავით. ჯერ საუბარი იყო, მინდოდა, რომ დამეშოშმინებინა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, გამიზნული ჰქონდათ აშკარად ჩვენი ცემა.



თან ვუთხარი, გუშინ ხომ ვიმსჯელეთ, ხომ ვისაუბრეთ, თუ რამე გასარკვევია, სხვაგან გავარკვიოთ, ეს არ არის ქუჩაში გასარკვევი. ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო. ერთს ტუჩი აქვს გახეთქილი, ტანსაცმელი შემოახიეს. მეც თავში ჩამარტყეს. 30 კაცი რომ დაგესევა, დაზიანებას მიიღებ თავისთავად.“

 

 

კახაბერ კუტალაძე ამბობს, რომ საპატრულო პოლიცია მაშინვე გამოიძახა, როგორც კი მიხვდა, რომ სიტუაცია იძაბებოდა, თუმცა პატრულმა მოსვლა დააგვიანა:  


„მერე შემთხვევით გამვლელი პოლიციელი გავაჩერე. ავუხსენი სიტუაცია, მერე ამათმაც ერთმანეთში გადარეკეს, ამასობაში პატრულიც მოვიდა. იმ ბიჭებიდან არავინ აუყვანიათ. მე ვეუბნებოდი, რომ უნივერსიტეტის ეზოში შეცვივდნენ და არაო, ჯერ თქვენ უნდა დაიკითხოთო.“

 

 

„ბათუმელები“ ინციდენტის თვითმხილველებსაც ესაუბრა.


„როგორც ვიცი, იეღოველები არიგებდნენ წიგნებს. უნივერსიტეტის პერიმეტრზე არ იყვნენ, ქუჩის მეორე მხარეს იდგნენ. როგორც მახსოვს სისხლი სდიოდა ერთს ცხვირიდან “, – ამბობს უნივერსიტეტის დაცვის პოლიციელი, ნოდარ დიასამიძე. 

 

 

„ერთი კვირაა აქ დგანან იეჰოვას მოწმეები და წიგნებს არიგებენ. გუშინ გააფრთხილეს ბიჭებმა აღარ მოხვიდო, მაგრამ ისინი მაინც მოვიდნენ. რა ვიცი, მე მგონი არაფერს აშავებდნენ,“ – ამბობს მანანა დავითაძე, რომელიც სუვენირებით ვაჭრობს იმ ადგილას, სადაც ინციდენტი მოხდა. 

 

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, საქმის გამოძიება დაწყებულია  155-ე მუხლის მიხედვით, რაც ითვალისწინებს რელიგიური წესით აღმსარებლობისათვის უკანონოდ ხელის შეშლას.  

 

„ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რამდენი პირის მიმართ არის ბრალი წაყენებული, დეტალებს დავადგენთ მოგვიანებით,“ – აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი