სამართალი

გლდანის #8 დაწესებულების პატიმართა ღია წერილი სახალხო დამცველს

26 აგვისტო, 2013 • 4044
გლდანის #8 დაწესებულების პატიმართა ღია წერილი სახალხო დამცველს

“ბატონო უჩა, მოგმართავთ ღია წერილით გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები, ვინაიდან ამ დღეებში ტელევიზიით მოვისმინეთ პარლამენტის წევრის, ბატონი აკაკი მინაშვილის განცხადებები, თითქოსდა ციხეებში არის გაუსაძლისი მდგომარეობა და პატიმრებზე ზეწოლა და ასევე ეგრეთ წოდებული „ობშიაკების“ აგროვება, და ასევე რიგი პატიმრების დაჩაგვრა.

 

ჩვენ სახალხოდ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში არანაირი ციხის მაყურებელი არ არსებობს, მით უმეტეს, პატიმრების დაჩაგვრა სხვა რომელიმე პატიმრებისგან, ასევე „ობშიაკის“ შეგროვებაზეც ზედმეტია ლაპარაკი. ასევე სასადილოს და სამრეცხაოების „მაყურებლებზე“, ეს ყველაფერი არის სრული აბსურდი.

 

ბატონო უჩა, ჩვენ, პატიმრები მოგმართავთ თხოვნით, ჩვენი ღია წერილი გადაუგზავნოთ ყველა ბეჭდვით მედიასაშუალებებს და ტელევიზიებს.


ბატონო უჩა, ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, ვალდებული ბრძანდებით, რომ ჩვენი უფლებები დაიცვათ და ასევე ჩვენი თხოვნა გაითვალისწინოთ, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი იმ საბოტაჟს, რომელსაც ავრცელებენ რიგი ადამიანები და ჩვენი თითოეული პატიმრების მშობლებს და ახლობლებს გულს უხეთქავენ და ანერვიულებენ ცრუ ინფორმაციებით.

 

ბატონო უჩა, აქვე გვინდა დავამატოთ, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში არ ირღვევა ჩვენი, როგორც პატიმრების უფლებები, არ არის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, და სუფევს სრული სიმშვიდე, რაზედაც უღრმეს მადლობას ვუხდით გლდანის #8 დაწესებულების დირექტორს, ბატონ ნოდარ ქინქლაძეს და მის ყველა მოადგილეს.

 

ბატონო უჩა, ჩვენ ამ წერილს ვაგზავნით ორ ეგზემპლარად, ერთს ვაგზავნით ციხიდან და მეორეს ჩვენი ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის ხელით. ვინაიდან დროულად მოვიდეს თქვენამდე, ბატონო უჩა.

 

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით სახალხო დამცველს და საქართველოში ყველა ბეჭდვით მედიას და ტელევიზიებს ,ვისაც პატიმრების ბედი აღელვებს, რომ ჩვენი ღია წერილი იყოს დაბეჭდილი და ტელევიზიებით  გადაცემული. იმედია, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებთ, რაზედაც წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.


გლდანის #8 დაწესებულების სამეურნეო ნაწილის პატიმრები, და ვადასტურებთ ჩვენი ხელის მოწერით”

26.08.13 წ.

 

განცხადებას ხელს აწერს 82 პატიმარი.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს “სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის  სქემა” წარუდგინა, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სოზარ სუბართან შეთანხმებით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ფოცხვერია, იგივე “ტარასა” მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი