საზოგადოებასამართალი

“რუსთავი 2”-ის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

29 დეკემბერი, 2017 • 2146
“რუსთავი 2”-ის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის და შპს “საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება პლენუმმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა იყო, რიმლის მიხედვითაც შესაძლებელია, ზნეობრივი ნორმების დარღვევის, ასევე შეუსაბამო ფასების გამო გარიგება ბათილად მიიჩნიოს სასამართლომ.

“რუსთავი 2”-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნებაზე საჯაროდ განაცხადა და თქვა, რომ თავის დროზე “რუსთავი 2” მას “ამორალური გარიგების” შედეგად დაათმობინეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი “ამორალურ გარიგებაზე” მხოლოდ ზოგადი საფუძველია სახელშეკრულებო სამართლის. სასამართლოს მთავარი მრჩეველი, სალომე ჯოხაძე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ფასთა შორის შეუსაბამობა ვერ გახდება გარიგების ბათილობის საფუძველი.

გადაწყვეტილებაზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა პლენუმის ოთხ მოსამართლეს: მაია კოპალეიშვილს, ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თამაზ ცაბუტაშვილს.

„რუსთავი 2“-მა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2015 წელს შეიტანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი