სამართალი

“ბათუმის შერატონში” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს სცემეს

23 ივლისი, 2013 • 1313
“ბათუმის შერატონში” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს სცემეს

ინციდენტი 16 ივლისს მოხდა. სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ჩხუბის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული, სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი, იოსებ გაბუნია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსა.

 

შს სამინისტროს პრესცენტრის თანამშრომლის, ვიკა კლიმიჩევას ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 118-ე მუხლით – სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება – რამდენიმე პირის მიმართ.

 

“მონაწილე პირებზე ვერაფერს გეტყვით. საქმეს იძიებს შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო”, – ამბობენ შს სამინისტროში.

 

საქმის ზედამხედველი პროკურორი აჭარის პროკურატურიდან, რამაზ შავაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს თითქოსდა სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე გაუსწორდნენ.

 

“როგორც მოხელეებს არ გასწორებიან, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტია. საკმაოდ ბევრი პირი მონაწილეობდა ამ ინციდენტში, ჩვეულებრივი ხულიგნობა იყო”, – ამბობს რამაზ შავაძე.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის დაზარალებული თანამშრომლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იმ კომპანიებს ამოწმებდნენ, რომლებიც წინა წლებში სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებდნენ და გზების რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ. პროკურორის თქმით, “ფაქტს საერთოდ არ აქვს შემხებლობა მაგასთან, ამიტომ გამოძიება მაგ კუთხით არ დაინტერესებულა”.

 

რამაზ შავაძის ინფორმაციით, “ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, დაზარალებულად არავინ არის ცნობილი და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა ვინმეს მიმართ”.

 

სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურის ცნობით, მათი “არც ერთი თანამშრომელი ტოპმენეჯმენტიდან ბათუმში მივლინებით არ იმყოფება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი