სამართალი

მოსამართლეები რეზერვში

18 ივნისი, 2013 • 2699
მოსამართლეები რეზერვში

ნინო კორძაძე 2007 წელს დაინიშნა მოსამართლედ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მოსამართლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით, 2017 წლის ჩათვლით უნდა ემუშავა, თუმცა უკვე სამი წელია ის მოსამართლის მოვალეობას არ ასრულებს, რადგან რეზერვის სასამართლოშია გადაყვანილი.

 

“ათწლიანი ვადა უნდა იყოს გარანტირებული და მოსამართლეს ამ დროის განმავლობაში ვერავინ უნდა შეეხოს. სწორედ ეს არის მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მის საქმეში ჩაურევლობის გარანტი”, – აცხადებს ნინო კორძაძე, რომელმაც სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვის ინსტიტუტს არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.

 

ნინო კორძაძე გალის რაიონულ და გულრიფშის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2009 წელს გააუქმა და ამის შემდეგ ნინო კორძაძე რეზერვში გადაიყვანეს. მას შემდეგ, მალევე, ხელახლა შეიქმნა გალი–გულრიფშის რაიონული სასამართლო, თუმცა ნინო კორძაძე იქ აღარ დაუსაქმებიათ. როგორც თავად ამბობს, ამ ხნის მანძილზე არაერთი მოსამართლის ადგილი იყო ვაკანტური, თუმცა იქ, ძირითადად, ახალი კადრები ინიშნებოდნენ.

 

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, მოსამართლის რეზერვში გადაყვანის საფუძველია სასამართლოს ლიკვიდაცია, ან მოსამართლეთა შტატის შემცირება.

 

„ამ კანონის საფუძველზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია მოსამართლის გადაყვანა რეზერვში. მაგალითად, თუ სალიკვიდაციოდ გამზადებულ სასამართლოში 10 მოსამართლე მუშაობს და ლიკვიდაციის შემდეგ 9 მოსამართლე სხვაგან დანიშნეს, ხოლო 1 გაუშვეს რეზერვში, ეს 1 რატომ არ გადაიყვანეს, რა დააშავა, ამის დასაბუთების ვალდებულებას კანონი არ აძლევს საბჭოს. თუ უნდათ, გადაგიყვანენ, არავინ არანაირ არგუმენტს არ გეუბნება“, – განუცხადა ნინო კორძაძემ „ბათუმელებს“, თუმცა არ საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რის გამო შეიძლებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოესურვებინა მისი ჩამოშორება სასამართლო საქმიანობისთვის.

 

მოსამართლეთა რეზერვის ინსტიტუტის პრობლემურ მხარეებზე საუბრობს რეზერვის კიდევ ერთი მოსამართლე ლაზარე ძირკველიშვილი, რომელიც რეზერვში 2012 წლის შემოდგომაზე, გარდაბნის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის შედეგად გადაიყვანეს. ის ამბობს, რომ მას შემდეგ რუსთავსა და მიმდებარე რაიონებში არაერთი ვაკანსია გაჩნდა მოსამართლისთვის, თუმცა დაასაქმეს კონკურსის შედეგად შერჩეული მოსამართლეები.

 

„რეზერვი ხომ იმისთვის არსებობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენო? თუ არ იყენებ და მაინც კონკურსს აცხადებ ახალი მოსამართლეების მისაღებად, რატომ ხარჯავ მის შენახვაზე რესურსს? ამ კითხვაზე მე პასუხი ვერ მივიღე“, – განუცხადა „ბათუმელებს“ ლაზარე ძირკველიშვილმა. როგორც ის ამბობს, მას შესთავაზეს გორის სასამართლოში გადასვლა, რაზეც ოჯახური მდგომარეობის გამო უარი განაცხადა. მას 8 შვილი ჰყავს და როგორც ამბობს, ყოველდღე გორში ვერ ივლიდა რუსთავიდან.

 

„რაიონში იყო მოსამართლის ადგილები. მე მგონია, რომ ზემოთ არ აწყობდათ ჩემი მართლმსაჯულების სისტემაში დარჩენა“, – ამბობს ლაზარე ძირკველიშვილი, თუმცა არ განმარტავს, რა იყო ამის მიზეზი. ის სრულად იზიარებს ნინო კორძაძის პოზიციას და ამბობს, რომ რეზერვის ინსტიტუტი არაკონსტიტუციურია:

 

„თუ მოსამართლე ხარ, უნდა ასრულებდე მოსამართლის ფუქნციას. თუ მოსამართლის ფუნქციის შესრულების საშუალებას არ გაძლევენ და უვარგისი ხარ, მაშინ რატომ ხარჯავს სახელმწიფო შენზე რესურს? რეზერვის მოსამართლეს აქვს სახელმწიფო დაზღვევა, აქვს იმუნიტეტი, ანაზღაურება“.

 

კოლეგების პოზიციას არ იზიარებს რეზერვის კიდევ ერთი მოსამართლე ირაკლი ლეკვეიშვილი. მისი თქმით, რეზერვის ინსტიტუტი რომ არ არსებობდეს, სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში, მოსამართლეები სასამართლო სისტემის მიღმა აღმოჩნდებოდნენ.

 

მოსამართლეები რეზერვში 3 წლის განმავლობაში რჩებიან, შემდეგ კი მოსამართლის სტატუსს კარგავენ, მიუხედავად იმისა, მათ შეუსრულდათ თუ არა მოსამართლედ მუშაობის 10 წელი.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გამორიცხავს რეზერვის ინსტიტუტის გამოყენებას ვინმეზე ზეწოლის მიზნით, აღნიშნული ნორმა კი კანონში უკვე 12 წელია მოქმედებს:

 

„მთელ ევროპაშია აღიარებული, რომ შეიძლება მოხდეს სასამართლოს ლიკვიდაცია, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გაუქმდეს მოსამართლის შტატი და მოსამართლეები დროებით ჩაირიცხონ რეზერვში. იგივე სისტემა მოქმედებს ჩვენთან. ჩვენთან მოხდა რამდენიმე სასამართლოს ლიკვიდაცია და რამდენიმე მოსამართლე ჩაირიცხა რეზერვში. ამიტომ რაიმე არაკონსტიტუციური და არაკანონიერი აქ არ არის. როცა გაჩნდა საჭიროება რამდენიმე რაიონში, პირველ რიგში, სწორედ მოსამართლეთა რეზერვით ვისარგებლეთ. ეს სქემა დიდი ხანია მოქმედებს ჩვენთან და არ ვფიქრობ, რომ იქ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხდება. ეს არის სრულიად ლეგიტიმური მექანიზმი სასამართლოს მოდერნიზაციის დროს და აუცილებელი პირობების არსებობისას. მაგალითად, ეკონომიკური კრიზისის დროს ხორვატიაში რამდენიმე სასამართლო სწორედ ამის გამო გაუქმდა, ეს აღნიშნა ჩემთან საუბრისას ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ასეთ შემთხვევაში კი უნდა არსებობდეს კანონიერი მექანიზმი, თუ რა ბედი ელით ლიკვიდირებული სასამართლოების მოსამართლეებს“.

 

რეზერვში მყოფი მოსამართლეების მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მათ იგივე შეზღუდვები აქვთ სხვადასხვა თანამდებობების დასაკავებლად, რაც მოქმედ მოსამართლეებს, თუმცა, მათგან განსხვავებით, მინიმალურ ანაზღაურებას – თვეში 400 ლარს იღებენ ხელზე.

 

„როდესაც შენი ნებით ამბობ უარს რეზერვში ყოფნაზე, ამბობ, რომ 400 ლარად ვერ ვიშიმშილებ და მიდიხარ სხვა სამსახურში, ის პრივილეგიები, რაც მოსამართლეობის შემდგომ პენსიაზე გასვლის დროს გაქვს, აღარ გექნება, კარგავ“, – ამბობს ნინო კორძაძე. მისი თქმით, მსგავსი პერპექტივა მოქმედი მოსამართლეებისთვის არასახარბიელოა და ისინი ამის გამო შესაძლოა ზეწოლის ობიექტი გახდნენ.

ამ დროისთვის საქართველოში სულ რეზერვის 20 მოსამართლეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი